ამის შესახებ სააგენტო „რბკ-უკრაინა“ იუწყება ინფორმირებულ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს თანახმად, გრძელი რადიუსის მოქმედების რაკეტა ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩოვთან მდებარე სამხედრო ობიექტს მოხვდა.
„მართლაც პირველად გამოიყენეს ATACMS-ი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. სარაკეტო დარტყმა იყო ობიექტზე ბრიანსკის ოლქში. ის წარმატებით განადგურდა", - თქვა წყარომ.
ქალაქი კარაჩოვი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარეობს.
ტელეგრამ-არხ „ასტრას" ცნობით, 19 ნოემბრის ღამით ამერიკული რაკეტით დარტყმა განხორციელდა რუსეთის მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 67-ე არსენალზე. სოციალურ ქსელში გავრცელდა ძლიერი ხანძრის ამსახველი ვიდეოები.
არსენალში, სავარაუდოდ, ინახებოდა საარტილერიო საბრძოლო მასალა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის მიწოდებული ჭურვები. გარდა ამისა - მართვადი საჰაერო ბომბები, საზენიტო რაკეტები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარის საბრძოლო მასალა.
დღეს, 19 ნოემბერს, დილით უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრი კოვალენკომ ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ბრიანსკის ოლქში დარტყმა იყო რუსეთის მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 67-ე არსენალზე. რა საშუალებით განხორციელდა დარტყმა, კოვალენკოს არ დაუკონკრეტებია. მისივე ცნობით, მანამდე ამ არსენალს დრონებითაც შეუტიეს.
უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შესახებ გამთენიისას განაცხადა ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა. უკრაინული დრონებით შეტევა დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. მის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში ბრიანსკის ოლქში 12 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. თავდაცვის სამინისტროს არაფერი უთქვამს სარაკეტო შეტევაზე.
17 ნოემბერს ამერიკულმა გამოცემებმა, მათ შორის New York Times-მა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას მისცა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, ATACMS-ების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენების უფლება.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ამერიკულ რაკეტებს უახლოეს დღეებში გამოიყენებდნენ.
ფორუმი