ეს ოქმი 16 ნოემბერს ცესკოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ შედგა - სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა. ამ მიზეზით სხდომა შეწყდა.
- საარჩევნო კოდექსის 91-ე პრიმა მუხლის მიხედვით, კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის სასამართლო პირს 500 ლარით აჯარიმებს.
- ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-5 ნაწილით კი, აკრძალულია კომისიის წევრად იმ პირის დანიშვნა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევადაა ცნობილი.
ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი ამბობს, რომ დავით კირთაძის სამართალდამრღვევად ცნობის მიზანი მისთვის ამ შეზღუდვის დაწესება იყო.
„თვითონ კირთაძე არის კოლეგიური ორგანოს წევრი და ის ბუნებრივად უნდა ჩაერიოს კომისიის საქმიანობაში იმიტომ, რომ მისი მოსაზრების გათვალისწინებით უნდა მიიღოს კომისიამ გადაწყვეტილება.
ვერ მოარგეს ვერცერთი სხვა ნორმა. მიზანი ჰქონდათ, რომ თუკი სასამართლო დაადასტურებდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, შეუწყდებოდა კომისიის წევრის უფლებამოსილება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით კირთაძის ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი.
16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზეც არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდა, დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა.
„სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება“, - მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს და შავი ფერის სითხე შეასხა.
ცესკოს თავმჯდომარისთვის შავი სითხის შესხმის საქმეს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების კვალიფიკაციით იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლითაა აღძრული. ეს არის თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განხილული საქმისგან დამოუკიდებლად დაწყებული გამოძიება.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში, 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია და პრეზიდენტი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ არჩევნების შედეგების გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.
ფორუმი