“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, - აცხადებს შსს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ხოლო მანამდე კი მას "შავი ლაქა" უწოდა. ინციდენტი მოხდა სხდომაზე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესაჯამებლად დაინიშნა.
შსს აცხადებს, რომ კირთაძემ კალანდარიშვილს “ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე” შეასხა.
„ეს იყო ჩვეულებრივი საღებავი“ - უთხრა კირთაძემ ტელეკომპანია პირველს - "ეს იყო ზუსტად ის შავი ლაქა, შავი საღებავი, რომელმაც [მან] თავის ქმედებით, მის მიერ დაორგანიზებული არჩევნებით, ჩვენს ქვეყანას დაამჩნია“ - თქვა ოპოზიციონერმა.
“ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - აცხადებს შსს.
შავი სითხის შესხმის ინციდენტის შემდეგ, გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს სხდომაზე, გამოცვლილი ტანსაცმლით, თვალახვეული დაბრუნდა და საუბრისას, ხელით ხშირად ეხებოდა ცალ თვალზე აკრულ საფენს. სხდომის შემდეგ კი, ცესკომ განაცხადა, რომ თავმჯდომარემ ბრიფინგის ჩატარება ვერ შეძლო.
არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა.
ფორუმი