„არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს მოძრაობა წავა მხოლოდ წინ. გაიწევა პოლიცია, გაიწევა ოცნება და რუსეთიც ამ ქვეყნიდან. თუ ჩვენ გადავწყვიტავთ, რომ ვიბრძვით, არ ვეგუებით, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. აპარატურა მალე აეწყობა და დავბანკადებით ისევ აქ“, - თქვა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
19 ნოემბერს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.
პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა (მუხლი 173) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (მუხლი 166) 19 ნოემბერს დაკავებულია 16 ადამიანი. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ფორუმი