Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციაზე დაკავებული ქალები და „მთავარი არხის“ ოპერატორი ხელწერილით გაათავისუფლეს - რას ჰყვებიან ისინი


დემონსტრანტების დაკავება მელიქიშვილის გამზირზე. 19 ნოემბერი

პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციისას დაკავებული რამდენიმე ადამიანი.

მათ შორისაა მაია გოგიძე, საქართველოს პარლამენტის „ლელოს“ პოლიტიკური ჯგუფის აპარატის თანამშრომელი.

სამართალდამცავები მას ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მაია გოგიძე სხვა დემონსტრანტებთან ერთად სამართალდამცავებმა მელიქიშვილზე მაშინ დააკავეს, როდესაც დილით ადრე დაიწყეს აქციის მონაწილეთა დაშლა და ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთის გათავისუფლება.

სამართალდამცავებმა ის სხვა დაკავებულებთან ერთად გადაიყვანეს კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში.

შსს-ს დატოვების შემდეგ, მაია გოგიძე რადიო თავისუფლებას უყვება, როგორ და რა სიტუაციაში დააკავა ის პოლიციამ:

„გათენებული არ იყო ჯერ, შეტყობინება რომ მომივიდა, ჭავჭავაძეზე სამართალდამცავების მობილიზება დაიწყოო. ახლოს ვცხოვრობ, მაშინვე გავიქეცი. ჯერ კიდევ ბინდი იყო, რომ ჩავედი. მელიქიშვილზე, თეატრი „ჰარაკის“ მიმდებარედ ვიდექით. ცოტა ხანში, ხალხის ნაკადმა უკან-უკან დახევა დაიწყო, ფილარმონიისკენ და ჩვენც იქვე გავჩერდით.

როდესაც უკვე ინათა, შანიძის კუთხისკენ ავიწიეთ და მოულოდნელად პოლიციის კორდონი დაიძრა, გავეშებულები მოდიოდნენ და წმენდნენ გზის სავალ ნაწილს. განსაკუთრებული წინააღმდეგობა თითქოს არ დამინახავს.

უცებ ატყდა წივილ-კივილი და დაიწყეს აქციის მონაწილეების თითო-თითოდ შეთრევა და გატაცება. სასწაული ხდებოდა. აღარ გაირჩეოდა ქალი და კაცი. სამართალდამცავები დარბოდნენ ჯგუფ-ჯგუფად, დაავლებდნენ ერთ დემონსტრანტს ხელს, წაათრევდნენ, შემდეგ მეორესთან ინაცვლებდნენ.

დავინახე, რომ მოათრევდნენ წელზევით შიშველ ახალგაზრდა ბიჭს. შემოხეული ჰქონდა ყველაფერი. მოათრევდნენ ასფალტზე და მის დასახმარებლად გავიქეცი. იქიდან გამომათრიეს და უცებ აღმოვჩნდი ერთ-ერთი დემონსტრანტის პირისპირ, რომელსაც სახე ჰქონდა დასისხლიანებული. პოლიციამ ხელი მკრა, გადი აქედანო, რაზეც მეც მქონდა რეაქცია, თუმცა არანაირად შეურაცხმყოფელი და უცებ მეცნენ, იღლიებით ამწიეს ჰაერში და წამიყვანეს მანქანისკენ“.

როგორც მაია გოგიძე ჰყვება, პოლიციის მანქანაში დახვდა კიდევ ერთი დაკავებული დემონსტრანტი, რომელსაც ბორკილები ედო:

„მანქანაში წამართვეს ტელეფონი. არ გაქვს ტელეფონით სარგებლობის უფლებაო. ცდილობდნენ, რომ მანქანაში გადაეღოთ ჩემთვის ფოტოები, ლაივ ფოტოები გვჭირდებაო, რისი უფლებაც არ მივეცი. მანქანის მძღოლი იყო განსაკუთრებით აქტიური, რომელიც ხმას უწევდა და ცდილობდა, რომ გავეჩუმებინე. მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, დამადეს პლასტმასის ბორკილები, ე.წ. ხამუტები, და ისე შემიყვანეს შენობაში“.

მაია გოგიძე ამბობს, რომ პოლიციის შენობაში სამართალდამცავები მხოლოდ მისი პირადი მონაცემებით ინტერესდებოდნენ:

„გაუთავებლად მეკითხებოდნენ, ვინ ვიყავი, რა ვიყავი და მიღებდნენ ფოტოებს. სხვადასხვა პოლიციელმა გადამიღო ფოტოები. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოვიდა ერთ-ერთი პოლიციელი ქალი და მითხრა, რომ დამაწერინებდნენ ხელწერილს და გამიშვებდნენ.

ხელწერილი თავადვე დაწერეს, სადაც ეწერა, რომ მე პოლიციას გავუწიე წინააღმდეგობა, არ დავემორჩილე მათ კანონიერ მოთხოვნას. ეს რომ წავიკითხე, ვუთხარი, რომ მსგავსი არაფერი ჩამიდენია-მეთქი და კარგი, თქვენი ნებაა, თუ გინდა, ნუ მოაწერთ ხელსო. ამის შემდეგ გამომაცილეს შლაგბაუმამდე და ალბათ რამდენიმე ხანში სასამართლო სხდომაზეც დამიბარებენ“.

მაია გოგიძესთან ერთად სამართალდამცავებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს კიდევ ერთი დაკავებული ქალი და „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.

სერგი ბარამიძე ჟურნალისტებთან საბრისას ამბობს, რომ მას სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აღენიშნება დაზიანებებიც.

„ვიღებდით დაკავებულის კადრებს და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა ამ დროს მოხდა. რატომღაც მე გავეხვიე შარში.[პოლიციამ] მითხრა, წესს არღვევდითო, ხელს გვიშლიდითო, ანუ სავალ ნაწილზე იყავით გადმოსულიო. აქტივისტი ხომ არ ვარ, მე ვარ ოპერატორი, ჩვეულებრივად ვიღებდი და რატომ გადაწყვიტეს ჩემი დაკავება, წარმოუდგენელია, არ ვიცი. თვალი მაქვს ჩალურჯებული, დანარჩენი ფიზიკურად არაფერი მეტყობა, მაგრამ კარგად მირტყეს. განყოფილებაში გადავედით, იქ დიდი არაფერი მომხდარა, უბრალოდ შეამოწმეს ჩემი ნივთები“, - თქვა სერგი ბარამიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ინფორმაცია აქციაზე დაკავებულების შესახებ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ დროისათვის, ორგანიზაციის ცხელ ხაზზე 12 დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია.

დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად

ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.

ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.

პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციელებმა დააკავეს აქციის მონაწილეები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG