Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს საქართველოში არჩევნების დარღვევების გამოძიებას


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ევროკავშირის საგარეო საქმეთა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ევროკავშირის საგარეო საქმეთა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 ოქტომბრის არჩევნების დარღვევების გამოძიებისა და ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს.

ანალენა ბერბოკის უწყებამ განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას გაავრცელა. სხვა საკითხებთან ერთად, ტექსტის ერთი ნაწილი ეთმობა "შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე".

"რამდენიმე თვეა, ვაკვირდებით, როგორ აქცევს საქართველოს მთავრობა ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს", - წერია განცხადებაში.

"საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა დარღვევებს. გამოვდივართ საჩივრების და ბრალდებების სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას", - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის დახმარება საქართველოსადმი:

"ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გადაიხედოს, ევროკავშირში შესვლის პროცესის კონტექსტში ევროკავშირის მხარდამჭერი ნაბიჯების ჩათვლით", - ვკითხულობთ ტექსტში.

დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. რადიო თავისუფლების ცნობით, ევროკავშირი საქართველოში "ტექნიკური მისიის" გამოგზავნას გეგმავს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვამდე გასაჯაროვდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის ქართველი ოპოზიციური პარტიების მიერ გაგზავნილი წერილი.

ამ წერილით, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს 26 ოქტომბრის არჩევნებში, ევროკავშირს მოუწოდებენ, არ აღიაროს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად შემდეგი ნაბიჯები გადადგას:

  • ჩაატაროს გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და არჩევნებში როგორც შიდა, ასევე გარე ჩარევასთან დაკავშირებით.
  • მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ მოიწვიოს პარლამენტი მანამ, სანამ გამოძიება და შეფასება არ დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის სხდომა მაინც გაიმართება, პარლამენტიც და მთავრობაც, რომელსაც პარლამენტი გამოუცხადებს ნდობას, არალეგიტიმურად ჩაითვალოს.
  • დეკლარირება მოახდინოს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნების გამო.
  • შეაჩეროს ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან.
  • შეაჩეროს ხელისუფლების დაფინანსება (დაახლოებით 120 მილიონი ევრო), სანამ არჩევნების გამოძიების შედეგები არ იქნება ცნობილი და სანაცვლოდ ევროკავშირმა აღნიშნული დაფინანსება არასამთავრობო სექტორსა და თავისუფალ მედიას გამოუყოს.

წერილში ოპოზიციური პარტიები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნა არის 2025 წელს ხელახალი არჩევნების ჩატარება გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოთი, პოლიტიკურად ბალანსირებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით.

"თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს. ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს", - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ევროკავშირისთვის ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაგზავნილ წერილს.

ევროკავშირის პოზიციით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია საქართველოში ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამო კანონების მიღებისა და ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

  • 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე ფაქტო შეჩერდა”.
  • 2024 წლის 17 ოქტომბერს კი ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მოუწოდა საქართველოს, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისია.

ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის შეჩერების ნაწილია ასევე ფინანსური დახმარებების და ერთობლივი პროექტების შეწყვეტა სახელმწიფო სტრუქტურებთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG