ორგანიზაციის თანახმად, "აგენტების კანონი" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით.
მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლი) დარღვევებზე დავობენ.
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia დაარეგისტრირა, ხსენებული ფაქტი, კიდევ ერთხელ ააშკარავებს და ამხელს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ", - ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა, ხალხმრავალი პროტესტისა და პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ შეჩერებულია ქვეყნის ევროინტეგრაცია, პარტნიორმა ქვეყნებმა კი საქართველოს მთავრობას დახმარების ნაწილი შეუჩერეს.
კანონი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 4 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა მისი მოქმედება არ შეაჩერა.
ფორუმი