Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში 563 დაღუპული სამხედროს ცხედრები დააბრუნეს, რუსეთში - 37


ოქტომბერში უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა 501 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრების დაბრუნების შესახებ განაცხადა.
ოქტომბერში უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა 501 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრების დაბრუნების შესახებ განაცხადა.

უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს.

უკრაინის სამხედრო ტყვეების საქმეთა საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ მორიგი გაცვლისას უკრაინაში დააბრუნეს 563 ადამიანის ცხედრები - 320 სამხედრო დაიღუპა დონეცკის მიმართულებით, 89 - ბახმუტში, ხოლო კიდევ 154 ჯარისკაცის ცხედრები რუსეთში, მორგებში, იქნა ნაპოვნი.

დაღუპულთა ვინაობის დასადგენად, სამხედროთა ცხედრები და ნაშთები შესაბამის დაწესებულებებს გადაეგზავნება.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, უკრაინის საკოორდინაციო შტაბს დაღუპულთა დაბრუნებაში დახმარებას უწევდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, უშიშროების, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები.

იმავე დროს, რუსეთში 37 რუსი სამხედრო მოსამსახურის ცხედრები დააბრუნეს.

2024 წლის მარტის დასაწყისში უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ უკრაინაში 2800-ზე მეტი სამხედროს ცხედრები და ნაშთები იქნა იდენტიფიცირებული. უცნობია, კიდევ რამდენი უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი რჩება ამოუცნობი.

2024 წლის 25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პირველად გამოაცხადა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა - 31 ათასი. ამავე დროს, ზელენსკიმ თქვა, რომ სანამ ომი გრძელდება, ვერ გაამჟღავნებს, ზუსტად რამდენი დაჭრილი და დაკარგული უკრაინელი სამხედრო ჰყავს ქვეყანას.

მოსკოვი ომის დანაკარგებს არ ამხელს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5 937 დაღუპულზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG