შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა საერთაშორისო დისკუსიის 62-ე რაუნდი, რომელშიც პირველად მონაწილეობდა და უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა ახალი თანათავმჯდომარე ევროკავშირიდან მაგდალენა გრონო.
ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო 2024 წლის ივლისში დაინიშნა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის მოგვარების საკითხებში.
ჟენევაში 5-6 ნოემბერს გამართული მოლაპარაკების შესახებ ზოგადი, ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 7 ნოემბერს, გაავრცელა.
სამინისტროს თანახმად, ქართულმა დელეგაციამ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა, „აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, „დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებებზე“.
დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, ისევე როგორც წინა რაუნდების დროს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება დატოვეს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდის შესახებ ცნობა 6 ნოემბერს, საღამოს გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე. რუსეთის დელეგაციას მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ხელმძღვანელობდა.
„რუსულმა მხარემ აქცენტი გააკეთა თბილისიდან მომდინარე შემრიგებლური სიგნალების პრაქტიკულ სიბრტყეზე გადაყვანის მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მედიისთვის გავრცელებულ შეტყობინებაში. მოსკოვი ასეთ კონკრეტულ ნაბიჯებად კვლავ მიიჩნევს საქართველოს მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული ვალდებულების აღებას და მათთან „სახელმწიფო საზღვრების“ დელიმიტაცია-დემარკაციას.
რუსეთს და მის მიერ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობებს წლებია ეს მოთხოვნები აქვთ. საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ის კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარებას აპირებს, სახელმწიფო საზღვარი კი რუსეთთან გადის და არა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მის მიერ მითითებული „ამოცანების აქტუალობას" იმით ხსნის, რომ ოფიციალური თბილისი აღიარებს თავად საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ არსებობას პოლიტიკური ძალების, რომლებსაც აქვთ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „მეორე ფრონტის" გახსნის გეგმა. ასევე, იმით, რომ რეგულარულად ხდება ხელახლა დადასტურება საქართველოს კონსტიტუციაში არსებული დოქტრინის ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების შესახებ და გრძელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებით მშენებლობა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მონაწილეებმა დაადასტურეს ამ ფორმატისადმი „საერთო ერთგულება“. ამასთან, რუსეთის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დელეგაციებმა კვლავ დასვეს ჟენევის დისკუსიების „რეგულარული რაუნდების“ სხვა, „ყველა მონაწილისთვის მისაღებ ადგილზე გადატანის“ საკითხი. რუსეთი მიიჩნევს, რომ შვეიცარიამ ნეიტრალური სტატუსი მას შემდეგ დაკარგა, რაც შეუერთდა უკრაინაში ომის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა იმის გასარკვევად, რა პოზიცია დააფიქსირა თბილისის დელეგაციამ ჟენევის დისკუსიებისთვის ადგილის შეცვლის მოთხოვნაზე. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიერ 62-ე რაუნდის შესახებ პრესისთვის 6 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პირველ სამუშაო ჯგუფში, სადაც უსაფრთხოების თემები განიხილება, მხარეებმა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, შეძლეს ძირითად საკითხებზე მოსაზრებების გაცვლა, ხოლო მეორე, ჰუმანიტარული საკითხების სამუშაო ჯგუფში „ზოგიერთმა მონაწილემ“ უარი თქვა იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილთა თემის განხილვაზე.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები. დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის და რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები.
ფორუმი