სანქტ-პეტერბურგელ პოლიტოლოგ ევგენი ბესტუჟევს რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებისთვის 5 წლითა და სამი თვით პირობითი პატიმრობა მიესაჯა. ბესტუჟევის წინააღმდეგ საქმე 2022 წლის ნოემბერში აღიძრა VKontakte-ს გვერდზე მისი პოსტების გამო. მათში პოლიტოლოგმა გამოაქვეყნა, გამომძიებლების თქმით, „აშკარად ყალბი“ ინფორმაცია რუსული არმიის შესახებ. ორგანიზაცია OVD-Info-ს ცნობით, საუბარია რამდენიმე ათეულ პოსტზე, მათ შორის ბესტუჟევის მიერ უკრაინული იუტუბის არხის, SobiNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუზე. სწორედ ამ ინტერვიუს გამო მიაქციეს მას ყურადღება სამართალდამცავმა ორგანოებმა და დაკითხვაზე დაიბარეს.
მან აღიარა, რომ ნამდვილად აქვეყნებდა პოსტებს უკრაინის ომის შესახებ, მაგრამ ამ გზით მხოლოდ პირად აზრს გამოთქვამდა. ამის შემდეგ ბესტუჟევმა დატოვა რუსეთი და საქართველოში გადავიდა.
სანამ პოლიტოლოგი რამდენიმე თვე არ იმყოფებოდა რუსეთში, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „ფეიკების“ თაობაზე. საქართველოში ყოფნისას ბესტუჟევმა არ იცოდა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ და 2022 წლის 7 ნოემბერს დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბესტუჟევი 2022 წლის ნოემბრიდან იმყოფებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორში.
პოლიტოლოგმა ადვოკატ სერგეი პოდოლსკის მეშვეობით განაცხადა, რომ ციხეში ყოფნისას მას გულის პრობლემები დაეწყო და ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუუარესდა. მანამდე ბესტუჟევმა გულის შეტევა და ოპერაცია გადაიტანა, წერს Sever.Realii.
2022 წლის 4 მარტს, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სასჯელს ითვალისწინებს ე.წ. ფეიკებისა და რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის. კანონით „აშკარად ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის რუსეთის და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ“, პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ მუხლით რუსეთში უკვე ასობით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ფორუმი