Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაშინება, თვალთვალი, ფარულობის დარღვევა“ - წავიკითხეთ სადამკვირვებლო მისიების დასკვნები


ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის პრესკონფერენცია, თბილისი, 2024 წლის 27 ოქტომბერი
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის პრესკონფერენცია, თბილისი, 2024 წლის 27 ოქტომბერი

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, სადაც საუბარია იმ დარღვევებზე, რაც წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს ახლდა.

არჩევნების მეორე დღეს წინასწარი დასკვნა წარადგინა სამმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - ეუთო/ოდირმა, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI).

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პროსახელისუფლებო მედიასთან ამბობს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს და ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსი არის პოზიტიური

ჩვენ წავიკითხეთ სამივე დასკვნა და მოგიყვებით, რას წერენ დამკვირვებლები.

„შიშის კლიმატი“ - როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო

დასკვნების ძირითადი ნაწილი იმ გარემოს შეფასებას ეთმობა, რაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უძღოდა წინ. საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არჩევნებისთვის არათანასწორ მდგომარეობაში ემზადებოდნენ - ხელისუფლების მხარეს იყო არაერთი უპირატესობა, იქნებოდა ეს ფინანსები, მედია თუ კონტროლი საჯარო სექტორზე.

„ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ზეწოლის შესახებ, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა“, - წერია ოდირის დასკვნაში.

საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა მთავრობის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღებას და ამის პარალელურად სამოქალაქო საზოგადოების მიმართ განხორციელებულ ზეწოლას.

„აშკარაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი არ უპასუხებდა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ სტანდარტებს“, - ვკითხულობთ NDI-ის დასკვნაში, სადაც ხაზგასმულია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების „შევიწროება და დაშინება“, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური ლიდერების მიმართ ძალადობა.

კიდევ უფრო მკაცრია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, საარჩევნო პერიოდისას, საქართველოს მთავრობამ „მიმართა უპრეცედენტო პოლიტიკურ და სამართლებრივ ცვლილებებს, რამაც შეზღუდა პოლიტიკური შეჯიბრება“.

დასკვნის თანახმად, „ამ მანიპულაციამ ხმის მიცემამდე დიდი ხნით ადრე არათანაბარი საარჩევნო პირობები შექმნა“.

IRI აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდისას, განსაკუთრებით კი არჩევნების წინა დღეებში, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა სახელმწიფო რესურსებს.

„აშკარა იყო ყოვლისმომცველი დაშინება საჯარო სექტორში დასაქმებულებზე“, - ვკითხულობთ დასკვნაში.

იქვე აღნიშნულია, რომ რამდენადაც ადგილობრივ ხელისუფლებას ძირითადად „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, დაშინების ტაქტიკამ იმუშავა და „ბევრ მოქალაქეს დააჯერა, რომ დაკარგავდნენ სოციალურ დახმარებას, თუ მმართველი პარტიის წინააღმდეგ მისცემდნენ ხმას“.

გარდა ამისა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი იმასაც აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე იტყუებოდა, თითქოს, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით გაიგებდნენ, ვის მისცა ხმა ამა თუ იმ ამომრჩეველმა.

„ამომრჩეველთა დაშინების ეს სისტემური კამპანია მიმართული იყო სოფლებზე, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და ასაკოვან ამომრჩეველზე“, - წერია IRI-ის დასკვნაში.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი იმასაც აღნიშნავს, რომ არჩევნებამდე დამკვირვებლებმა მიიღეს „მრავალი და სანდო ცნობა“, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევდნენ „ფსიქოლოგიური წნეხის“ მიზნით.

„ამ მავნებელმა ტაქტიკამ შექმნა შიშის, დამცირებისა და ფსიქოლოგიური წნეხის კლიმატი, რამაც არჩევნების დღემდე სამოქალაქო საზოგადოების სანდო ანგარიშებშიც პოვა გამოძახილი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ამ ფონზე ჩატარდა“, - ნათქვამია IRI-ის დასკვნაში.

არჩევნების დღე

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღის მიმდინარეობას, საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ პროცესი იქ, სადაც ისინი აკვირდებოდნენ, პროცედურულად და ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა გამოყოფენ არაერთ დარღვევას. ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, ხმის მიცემის დღე ხასიათდებოდა „დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებით“, ისევე, როგორც „ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე“.

27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ოდირის მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ, არ უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას, რამდენად გაუარესდა ან გაუმჯობესდა წელს საარჩევნო გარემო საქართველოში ჩატარებულ წინა არჩევნებთან შედარებით, - მისი თქმით, ამის შეფასება ოდირის მანდატში არ შედის.

თუმცა ამასთან დაკავშირებით NDI-ის დასკვნაშია საუბარი, სადაც წერია:

„ზოგადად, საარჩევნო უბნები სიმშვიდით და ორგანიზებულობით ხასიათდებოდა. თუმცა სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, წინა არჩევნებთან შედარებით, სერიოზული დარღვევების მნიშვნელოვან ზრდას აღნიშნავდნენ, როგორიცაა ძალადობა, ამომრჩევლების დაშინება და ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები“.

დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს „საარჩევნო უბნებზე კრიტიკული ინციდენტების გაზრდილი მაჩვენებელი დააფიქსირეს“. უფრო კონკრეტულად, საუბარია ჯგუფური ხმის მიცემის, საარჩევნო უბანზე უცხოების შეჭრის, ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემისა და საარჩევნო ყუთის დალუქვის პროცედურის დარღვევის შესახებ.

დამატებით პრობლემებს გამოყოფს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, „ამომრჩევლების დამცირება და შევიწროება საარჩევნო უბნების შიგნით და გარეთ სისტემური ხასიათის იყო, რამაც შიშის ატმოსფერო შექმნა“.

IRI წერს, რომ დამკვირვებლები ადასტურებენ შემთხვევებს, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მოქალაქეების პირადობის მოწმობები შეაგროვეს.

არჩევნების დღის ყველაზე დეტალურ შეფასებას ეუთო/ოდირის ანგარიშში ვხვდებით, სადაც დაწვრილებითაა განხილული ყველა დარღვევა, რომლებიც სადამკვირვებლო მისიამ აღრიცხა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მისიამ საარჩევნო პროცესი უარყოფითად შეაფასა დაკვირვებების 1900-ზე მეტი შემთხვევის ექვს პროცენტში, რასაც დამკვირვებლები „არსებითად დიდ რიცხვს უწოდებენ“.

ოდირის ანგარიშის თანახმად, ეს განპირობებული იყო უმეტესწილად ამომრჩევლების ზეწოლითა და დაშინებით, „რასაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ერთოდა საარჩევნო უბნებს შიგნით წარმოქმნილი დაძაბულობა, არეულობა და მოქალაქეთა სიჭარბე“.

სხვა დარღვევებთან ერთად, ოდირი გამოყოფს:

  • დაკვირვებების 24%-ში ხმის მიცემის ფარულობა კომპრომეტირებული იყო;
  • ამომრჩეველთა თითებზე მარკირების რეგულარულად შემოწმება არ ხდებოდა (7%) ან ხმის მიცემამდე მარკირება არ ხდებოდა (4%);
  • დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შესახებ.

დიდი ძმა გიყურებს

ჯორჯ ორუელის ცნობილი ფრაზა გამოიყენა იულიან ბულაიმ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელმა. ბულაი საუბრობდა საარჩევნო უბნებზე დაყენებული კამერების შესახებ.

უშუალოდ დასკვნა აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ, რასაც „დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა“, - დამკვირვებლების თანახმად, კამერები ხშირად უყურებდნენ კენჭისყრის კაბინებს.

„ქართული ოცნების“ მიერ უბნებზე კამერების გამოყენების შესახებ NDI-ც წერს და ოდირის მსგავსად აღნიშნავს, რომ ხშირად კამერები საარჩევნო კაბინისა და ხმის დათვლის აპარატზე იყო მიმართული.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, კამერები ცესკოს ეკუთვნოდა, თუმცა მოგვიანებით საარჩევნო კომისიამ ეს თავადვე უარყო.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG