10:00 აფრიკის დასახლება 94-ე სკოლა
პირველი საარჩევნო უბანი, სადაც მივედი, 94-ე საჯარო სკოლაა აფრიკის დასახლებაში. დილა იყო ოთხი წლის წინაც და ამაზე მეტად ციოდა, როცა აქედან რამდენიმე ქუჩის მოშორებით, ხალხს უკანონოდ აშენებული სახლები დაუნგრიეს და ქუჩაში დატოვეს. ამის მერე აფრიკის დასახლებით ჟურნალისტები დიდად აღარ დაინტერესებულან.
“ამ დროისთვის შემოსულ ხმათა რაოდენობაა 190” - ხმამაღლა აცხადებს ცესკოს კოორდინატორი სკოლის შესასვლელში. დილაა და საარჩევნო ოთახში ამომრჩეველზე მეტი დამკვირვებელია. ზოგი პარტიას წარმოადგენს, ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ჩემს მარჯვნიც ქალბატონი ციური ცერცვაძე ზის - “პატრიოტებიდან” მარცხნივ კი 23 წლის ანა, ის მოხალისე დამკვირვებელია. როცა ვეკითხები, რატომ მოინდოდმა დამკვირვებლობა ამბობს - სამართლიანობა მინდა რომ იყოსო, ციური კი იმეორებს და იმეორებს - “მშვიდობა, მშვიდობა და მშვიდობა”.
ამ უბანზე ჯერ-ჯერობით მართლაც სიმშვიდეა. ცესკოს თანამშრომლებს გადასატანი ყუთი მოაქვთ, რომელიც დილით მოხუცებს წაუღეს. ნინი ჩხარტიშვილი, რომელსაც ეს საქმე ჰქონდა ჩაბარებული, მეუბნება რომ ამომრჩველები გადასარევ განწყობაზე დახვდნენ. ; თვითონაც სიხარულით ბრწყინავს და მთხოვს, ფოტო გადამიღეო. . “ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს და არჩევნები ის დღეა, როცა ძალიან დიდი პროგრესი უნდა განვიცადოთ როგორც ქვეყანამ.”
მაგრამ ყველა ახალგაზრდა ასეთ განწყობაზე არაა. ლენტებით მორთულ საკალსო ოთახში , რომელიც დღეს დამკვირვებლების დასასვენებელი ოთახია, ყავაზე დამპატიჟეს და იქ ოცდაერთი წლის დიანა თხინვალელი გავიცანი. დიანა შეიძლება ითქვას პროფესიონალი დამკვირვებელია, რადგან თხუთმეტი წლიდან დედას დაყვება. დედა საარჩევნო კომისიის წევრია, და ერთად კარდაკარზეც კი უვლიათ.
“მოლოდინები სამწუხაროდ ცუდი მაქვს. ადრე მეგონა რომ ოცნება იმიტომ გაიმარჯვებდა, რომ გააყალბებდნენ, მაგრამ რაც კარდაკარ დავიწყე სიარული, მივხვდი რომ ხალხი მართლა იჯერებს იმას, რასაც ეუბნებიან, თითქოს ევროპა ქართველობის დაკარგვას ნიშნავს. ახალგაზრდაც ვარ, სიტყვის თავისუფლების მომხრეც ვარ, ლიბერალური ღირებულებებისაც, მაგრამ ყველაფერი მემსხვრევა როცა ვუყურებ იმ ხალხს ვინც ჩემი ბედი უნდა გადაწყვიტოს“.
დიანას ევროპაში წასვლაზე ოცნებობს, თუნდაც ერთი სემესტრით და შიშობს, ვაითუ ეს გეგმები ჩაეშალა.
“მშვიდობა გვინდა, მშვი-დო-ბა” მეუბნებიან უნბის გვერდით, წვიმასა და ქარში მდგომი უფროსები. “არ მინდა ჩემი შვილის თავზე ტყვიების ზუზუნი”. ამ უბანში ცხოვრობდით სულ? ვეკითხები. არა, ჩუღურეთში, მპასუხობს ერთ-ერთი ქალი.ამაზე მეტს არ მეუბნებიან. ასეთი მწირი დიალოგი დღეს კიდევ ბევრჯერ განმეორდა.
12:00 ვარკეთილი, 178-ე სკოლა
ვარკეთილის ამ დიდ სკოლაში სამი უბანია გახსნილი და ამომრჩევლის ნაკადიც დიდია, რიგები უბნების კარებიდან სკოლის შესასვლელამდე დგას. მე-10 უბანზე ამ დროისთვის არჩევანი უკვე 357-მა ადამიანმა გააკეთა. აქ მოსულს პირდაპირ აყალმაყალი დამხვდა. ოჯახის წევრები, რომელებსაც საარჩევნო ბარათები უჭირავთ , ჩხუბობენ , სიაში არ ვართო. მართლაც, გარეთ გამოკრული სიის მიხედვით მათ სახლებში სხვა ადამიანები იყვნენ ჩაწერილები. თუმცა საბოლოოდ პირადი ნომრებით მაინც მონახეს თავი და ხმაც მისცეს.
თუმცა ამ უბანზე უფრო მნიშნველოვანი წესებიც ირღვეოდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდა დამკვირვებელმა, რომელიც ანონიმურად მესაუბრა, მიმანიშნა, “ქართული ოცნების” აგიტატორებისთვის მიმექცია ყურადღება, და გარეთ, რამდენიმე “საეჭვო” მანქანაზე მიმითითა. როცა გარეთ გავედი, გავიგონე როგორ ამბობდა ხმამაღლა “ქართული ოცნების” დამკვირვებელი (რომელსაც წესით, კანონით ეკრძალება აგიტაციაში მონაწილეობა), როგორ “გააღვიძებს და ჩამოყრის მეზობლებს”.
იქვე, უბანთან მანქანების გარშემო ახალგაზრდა კაცების რამდენიმე ჯგუფი იყო შეკრებილი, რომლებსაც ხელი დაუქნია. ობიექტივი როცა მივუშვირე, მანქანანებიდან გადმოსვლა დაიწყეს და ჩემკენ წამოვიდნენ, თან დაჟინებით მეკითხებოდნენ, ფოტოებს რატომ ვუღებდი, მაგრამ ვიდეო ჩავრთე თუ არა, გამობრუნდენ და უბნიდან წავიდნენ. კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე შეკრება, საარჩევნო კოდექსის მიხედვით აკრძალულია.
ამ უბანზე 67 წლის გიორგი ლოლაძეს ვესაუბრე. “ ყველზე მთავარი წუხილი არის უმუშევრობა. მე არც ემიგრაციაში მინდა წასვლა, ვის რაში ვჭირდები. არის რომ სინათლე არ არის, წყალი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი მოსათმენია, ყველგან ხდება, გლდანში, თემქაზე.. მაგრამ აი ეს უმუშევრობა.. დანარჩენს ყველაფერს ეშველება.”
მთავარი მინდა გითხრათ. რომ ბავშვები იყვნენ მაძღრები სკოლაში.მათ შორის ჩემი ორი შვილიშვილი რომელიც მეცხრე და მერვე კლასშია. ჩვენც კი ვაძლევთ ფულს, მაგრამ ნახეთ, მის გვერდით გოგონაა რომელსაც არ აქვს ლობიანი და თავისას უყოფს და ორივე მშივრები რჩებიან. სამჯერადი კვება დააწესონ საქართველოს ყველა სკოლაში.“
თემქა, 15:00 მე-80 საბავშვო ბაღი და 142-ე სკოლა
ეს პირველი უბანი იყო, სადაც შესასვლელში დამკვირვებელმა (მცდარად) მიმითითა რომ ფოტოების გადაღება არ შემეძლო. მე ჩემი უფლებები რომ განვუმარტე და “თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტის“ ახალგაზრდა დამკვირვებელს, ანა გოგოლაძეს მივუჯექი. ანამ მითხრა რომ სწორედ ეს კარში მდგომი დამკვირვებლები მარკირებას მხოლოდ ერთ თითზე ამოწმებდნენ, მაშინ როცა ორი თითი უნდა შეემოწმებინათ. “ახლა სადაც მოვდივარ, იქ “კარუსელის” მცდელობა ჰქონდა ბიჭს და ამიტომ არის საჭირო ორივე ხელის შემოწმებაო, მითხრა ანამ.
მარკირების წესების უგულებელყოფა ამ უბნის გვერდით, 142-ე სკოლაშიც დაფიქსირდა. “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა, რომელიც ანონიმურობის პირობით მესაუბრა, მითხრა შემთხვევაზე, როცა ადამიანს მარკირება ჰქონდა, მაგრამ შეუშვეს, კანის მკურნალობა მოიმიზეზა. გოგოს, რომელიც მესაუბრა, “ქართული ოცნების” დამკვირვებლები მუდმივად ეჩხუბებოდნენ ყველაფერში “ცხვირის ჩაყოფისთვის”, ბოლოს კი ერთ-ერთმა ხაჭაპური და ლობიანი მოიტანა, ჩემს აგიტატორებს უნდა ვაჭამოო.
გარეთ ქალების ჯგუფი მართლაც იდგა, თუმცა არ მესაუბრნენ. სამაგიეროდ მესაუბრა 28 წლის ლევან ქუმსიშვილი, რომელმაც არჩევნებზე ბებია მოიყვანა. “მშვენიერ განწყობაზე ვართ, მომავლის იმედით. მთავარია უნამუსოდ არ მოიქცნენ და არ “დაწერონ”. მგონია რომ დამარცხებულია ხელისუფლება, მაგრამ რამდენად კბილებით, ძალადობითა და სხვა საშუალებებით დაიჭერენ ძალაუფლებას ეგ არ ვიცი.” თემქის პარკზე რას ფიქრობენ?
არ ვართ ჩვენ ის ხალხი ვინც გაკეთებულს ვერ ხედავს. კი, იყო იქ ჭაობი და გაკეთდა. მაგრამ, რამდენადაც ვიცით სულ სხვა პროექტი იყო აქ დაგეგმილი. კარგი პარკია ძალიან, მაგრამ პარკები არ უნდა წყვეტდეს ქვეყნის საგარეო კურსს”.
გლდანი, 17:00 79-ე და 39-ე სკოლები
თემქიდან გლდანში გამოვვარდი, სადაც მე-60 საარჩევნო უბანზე ჩხუბი ახალი მომხდარია. მისული იყო რამდენიმე ტელევიზია, თუმცა ჩხუბისთავებიჟურნალისტების მოსვლის მომენტისთვის იქვე პარკში გადავიდნენ. უბანზე დამკვირვებელს, “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენელს, ემა კორძახიას ვესაუბრე, მითხრა სიტუაცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დამკვირვებელმა დაძაბა, რომელსაც უბნის დატოვება მოუწიაო. ერთი ბიჭი დილიდანვე აქ იყო და პროვოკაციას აწყობდაო - , ყველას შენიშვნას გვაძლევდა, მათ შორის მეც ამიხირდა, მარკირებული ადამიანი რატო არ შეუშვი ხმის მისაცემადო. ამ ადამიანის წინააღმდეგ საჩივარს რატომღაც ხელი არავინ მოაწერაო.
ამ უბანზე მარტო მუშაობა ნამდვილად არ იყო უსაფრთხო. ზედა უბანში, 39-ე სკოლაში მე და “პუბლიკის” ჟურნალისტი მინდია გაბაძე ერთად ავედით. ამ სკოლის წინ უკვე დაგხვდა შავებში ჩაცმული კაცების ჯგუფი. ზოგი მათგანი უბანზე შემოვიდა და როცა გადაღება დავიწყეთ, გინებით გაეცალნენ სკოლის ტერიტორიას და ისევ პარკში დასხდნენ.
სკოლაში ორ სხვადასხვა უბანზე კომისიის წევრს, ლევან ჯაგაშვილს ვესაუბრე ამ უბანზე სიტუაცია დილიდანვე არ მოეწონა. “ შემოვიდა ქართული ოცნების წარმომადგენელი და ეგრევე დაუწყო ოპოზიციის წარმომადგენელს გადაღება. ეგრევე ყვირილი ატყდა და შემდეგ ეს ადამიანი ჩავიდა ქვედა სკოლაში, სადაც უკვე სერიოზული დაპირისპირება იყო და სადაც პირბადიანი ხალხი მიიყვანა.” - მიყვება ლევანი, რამდენიმე წამით ჩერდება მიმოიხედავს და აგრძელებს “ოცნების წარმომადგენელია ძალიან ბევრი. ამომრჩეველს გადაეხვევიან-გადაკოცნიან, თვალს ჩაუკრავენ და ასე შემდეგ. გაყალბება ეგ არ არის, მაგრამ ვხვდები, წინასწარ აქვთ ნალაპარაკები ამ ყველაფერზე”.
ამ დროისთვის ამომრჩევლის რაოდენობა ამ უბანზე 50% იყო, ეს 585 ხმაა. როცა წამოვედი ხალხი ისევ უწყვეტად მიდიოდა უბნებისკენ. უბნების დახურვამდე 2 საათი იყო დარჩენილი.