Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანა დასრულდა


გიორგი სანტურიანი, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
გიორგი სანტურიანი, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

31 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე საოლქო კომისიებში შეტანილი საჩივრების სტატისტიკა წარმოადგინეს.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სულ შესულია 652 საჩივარი. "აქედან შვიდი საჩივარი შეეხება ისეთ შემთხვევას, სადაც საჩივრის ავტორი მიუთითებს გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს შესაბამისი მონიშვნის არსებობაზე", რაც, სანტურიანის თქმით, “ადასტურებს, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიფიცირებული”.

რაც შეეხება სხვა საჩივრებს:

გადათვლა-ბათილობასთან დაკავშირებით შესულია 544 საჩივარი;

დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით - 428;

მოთხოვნის გარეშე - 47;

ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე - 151.

სულ გადაითვალა 366 საარჩევნო უბანი, 334 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები არ შეცვლილა, დარჩენილ 32 უბანზე კი მხოლოდ მცირედით შეიცვალა.

განსხვავებული აზრი ფიქსირდება 9 შემაჯამებელ ოქმში, რაც წარმოადგენს მხოლოდ 0.02%-ს.

საჩივრების განხილვის ბოლო ვადა საოლქო კომისიებში 3 ნოემბერია.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება“, - აცხადებენ „სამართლიან არჩევნებში“, რომელსაც ასობით დამკვირვებელი ჰყავდა.

არჩევნებზე დამკვირვებელი 30 ადგილობრივი ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიცია "ჩემმა ხმამ", 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით საჩივრები წარადგინა 29 საარჩევნო ოლქში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ია.

თავის მხრივ, ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა - ლაპარაკია 2263 საარჩევნო უბანზე.

წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, პროკურატურის თანახმად, გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს სხვადასხვა უწყებაში, მათ შორის პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოსაკითხად დაიბარა საქართველოს პრეზიდენტიც.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობას, ვინაიდან მათ არ ენდობიან.

ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG