წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, პროკურატურის თანახმად, გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს სხვადასხვა უწყებაში, მათ შორის პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
ამასთან, პროკურატურა იუწყება, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით.
პროკურატურა ჩამოთვლის, რა კატეგორიის სავარაუდო დარღვევებზეა აღძრული სისხლის სამართლის 47 საქმე.
"არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით".
გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაცია.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობას, ვინაიდან მათ არ ენდობიან. როგორც, მაგალითად, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს "ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან, რომელიც თანამონაწილეა რუსულ სპეცოპერაციაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ხალხს არჩევნები და ევროპული მომავალი მოჰპარეს!"
დღეს, 31 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, როვშან ისკანდაროვისა და კიდევ ერთი ადამიანის დაკავების შესახებ. მათ ბრალად ედებათ კანონმდებლობის დარღვევით საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მოთავსება.
საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოსაკითხად დაიბარა საქართველოს პრეზიდენტიც.
სალომე ზურაბიშვილმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ "არ გაუგია, საგამოძიებო უწყებამ არჩევნებზე პრეზიდენტს სთხოვოს მტკიცებულებები". მან პროკურატურას შეახსენა, რომ ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული: „თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს“.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
- „ქართული ოცნება“ - 53,931%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის განცხადებით, საჭიროა საპარლამენტო არჩევნების დარღვევების "გამჭვირვალედ" გამოძიება და ე.წ. აგენტების კანონის, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება, რათა საქართველო კვლავ დაუახლოვდეს ევროკავშირს.
„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა არ გამორიცხა "დამატებითი შედეგები, თუ საქართველოს ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება". მანვე თქვა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება, თუმცა ეს არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული.
30 ოქტომბერს მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე გამოძიებას მოითხოვს და ამ საკითხში კონსულტაციები აქვს თავის მოკავშირეებთან.
მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ჩინეთმა და თურქეთმა.
ფორუმი