Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED 2024 წლის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს


ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი
ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი

„სამართლიანი არჩევნები“ იუწყება, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა აღმოაჩინეს. ორგანიზაციის თანახმად, მათი უმრავლესობა (297) საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე მოხდა, შედარებით ნაკლები (167) - საარჩევნო უბნებთან, კიდევ უფრო ნაკლები კი - საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე.

სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ორგანიზაციამ ჯამში წარადგინა 294 საჩივარი და 64 შენიშვნა. კერძოდ:

  • საუბნო საარჩევნო კომისიებში - 104 საჩივარი (ასევე დააფიქსირა 64 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში);
  • საოლქო საარჩევნო კომისიებში - 189 საჩივარი (214 ფაქტთან დაკავშირებით)​;
  • ცესკოში - 1 საჩივარი. ​

ორგანიზაცია იუწყება, რომ კენჭისყრის შენობაში გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები და ინციდენტები:

  • ბიულეტენების ჩაყრა (2)​;
  • მრავალჯერადი ხმის მიცემა/ხმის მიცემის მცდელობა (12)​;
  • დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა/გაძევება (30)​;
  • მარკირების პროცედურის წესის დარღვევა (76)​;
  • ხმის ფარულობის დარღვევა (76)​;
  • გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები (22)​;
  • ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარვეზები (17)​;
  • სხვა დარღვევები (62)​;
  • საზღვარგარეთ შექმნილ უბნებში გამოვლენილი პრობლემები (26)​;
  • საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე გამოვლენილი ინციდენტი/დარღვევა (167)​;
  • კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა (71- საარჩევნო უბნების 31%)​;
  • სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები საარჩევნო უბნებზე (25 - საარჩევნო უბნების 11%)​;
  • ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება (42 - საარჩევნო უბნების 19%)​;
  • ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა (29 - საარჩევნო უბნების 13%)​.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება“, - აცხადებენ „სამართლიან არჩევნებში“, რომელსაც ასობით დამკვირვებელი ჰყავდა.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს.

პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. მან წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG