„მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ (PAS) კანდიდატი მაია სანდუ და სოციალისტების პარტიის კანდიდატი ალექსანდრუ სტოიანოგლო ამომრჩევლების წინაშე წარდგნენ 27 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე. სანდუმ, რომელმაც პირველი ტურის წინ უგულებელყო დებატები, ჰკითხა თავის ოპონენტს, როგორ გააუმჯობესებდა ურთიერთობას უკრაინასთან, თუ „ყველამ იცის, რომ ის მოსკოვის კაცია“ და როგორ წარმოუდგენია მას დემოკრატია, რომელშიც არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვის პრაქტიკა. სტოიანოგლომ, თავის მხრივ, ისაუბრა სანდუსა და მისი გუნდის მიერ ქვეყნის არაეფექტიან მართვაზე. დებატების დროს მან თავი ევროინტეგრაციის მხარდამჭერად გამოაცხადა.
- როგორ გამოიყურება სანდუსა და სტოიანოგლოს პოზიციები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე
- სად შეიძლება მიიღონ მათ დამატებითი ხმები
- რა ელის მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესს თითოეული მათგანის გამარჯვების შემთხვევაში
როგორ ჩაიარა დებატებმა?
როგორც პოლიტიკის ექსპერტები შენიშნავენ, ეს დებატები პირველია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მოქმედმა პრეზიდენტმა და სოლიდარობის პარტიის (PAS) საპრეზიდენტო კანდიდატმა მაია სანდუმ არჩევნების პირველ ტურში უარი თქვა დებატებზე და ამის მიზეზად Twitch-ის პლატფორმაზე მსახიობ კატალინ ლუნგუსთან საუბარში შემდეგი მიზეზი დაასახელა:
„იმ პირობებში, როდესაც „კანდიდატების ნახევარს“ მხარს უჭერს [ილან] შორის კრიმინალური ჯგუფი, შეუძლებელია რეალური დებატების გამართვა, როგორც ეს მიღებულია დემოკრატიულ არჩევნებში. ამ ადამიანებს ერთი მიზანი აქვთ - მოლდოვაში დემოკრატიის დისკრედიტაცია, საარჩევნო პროცესისათვის ძირის გამოთხრა და სკანდალის შექმნა“.
მაია სანდუ ამ რიტორიკის ერთგული დარჩა დებატების დროსაც, როცა ის პირველი დადგა ტრიბუნასთან:
„ვისურვებდი დებატების გამართვას კანდიდატთან, რომელთანაც შესაძლებელი იქნებოდა სერიოზული მსჯელობა ქვეყნის პრობლემებზე, მაგრამ სინამდვილეში ის არის ტროის ცხენი, რომლის საშუალებითაც სხვებს სურთ ქვეყნის მართვა. იმ ადამიანებმა, ვისი განდევნაც მოვახერხეთ, იპოვეს ფასადი, რომელსაც ეფარებიან. ამ საარჩევნო კამპანიის ფული არც [ილან] შორის, არც [ვიაჩესლავ] პლატონის ან [იგორ] დოდონის მხრიდან არ მოდის. ეს არის სხვა წარმომავლობის ფული, რომელიც მიმართულია ჩვენს გასახლეჩად. არჩევანი კეთდება განვითარებასა და სტაგნაციას შორის, გახსნილობასა და იზოლაციას შორის“.
პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა, სოციალისტური პარტიის წარდგენილმა და და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრუ სტოიანოგლომ, თავისი გამოსვლა დაიწყო იმით, თუ რას აპირებს პრეზიდენტის პოსტზე: შეაჩერებს ხალხის გადინებას მოლდოვიდან, დაიწყებს ქვეყნის ევროპულ მოდერნიზაციას ყველა მნიშვნელოვან დარგში, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებების დაცვას.
„როგორც ადამიანმა, რომელიც მონაწილეობდა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებებში, მინდა ვთქვა, რომ საზღვრები ღია დარჩება და, რომ არ იქნება რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“, - განაცხადა მან.
სანდუმ და სტოიანოგლომ განიხილეს ამ უკანასკნელის მუშაობა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და „მილიარდის ქურდობის“ საქმის (მსხვილი საბანკო თაღლითობა მოლდოვაში 2020-იან წლებში) მონაწილეთა ბედი, ასევე გაზის კრიზისი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. სანდუ აღნიშნავდა, რომ მოლდოვა შეუერთდა სანქციებს, რათა ხელი შეუშალოს რუსეთს უკრაინელების მკვლელობაში, ასევე ბოლო მოეღოს გაზის შანტაჟსა და რუსეთზე დამოკიდებულებას. სანდუმ თქვა, რომ მოლდოვა დაზარალდა ომის შედეგად გამოწვეული კრიზისით, მაგრამ „შეძლო შედარებითი სტაბილურობის შენარჩუნება“. სტოიანოგლო დაეთანხმა ოპონენტს, რომ მოლდოვამ მრავალი პრობლემა გამოიარა, მათ შორის - პანდემია და ომი უკრაინაში, მაგრამ, მისი თქმით, „მოლდოვა ყველაზე მეტად დაზარალდა რეგიონში მმართველობის არაკომპეტენტურობის გამო“.
„ეს ზღაპრებია! თქვენ აჩვენებთ, რომ არ გესმით რეალური ეკონომიკური მდგომარეობა, არ იცნობთ მეზობელ (ევროკავშირის) ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, არ იცით მათი დემოგრაფიული სტრუქტურა. ამ რთულ დროში, ჩვენ მოვიზიდეთ გარე რესურსები და გავაორმაგეთ პენსიები, გავზარდეთ ხელფასები“, - უპასუხა სანდუმ ოპონენტს.
„თქვენი მთავრობა არაფერს აკეთებს, თქვენ მხოლოდ ხურავთ საბავშვო ბაღებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, ტელეარხებს. ამ წლების განმავლობაში არაფერი აშენდა, მესმის, რომ ეს თქვენი კომპეტენცია არ არის, ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ რვა საკანონმდებლო ინიციატივით გამოხვედით“, - ცხარობდა სტოიანოგლო.
პასუხად სანდუმ ოპონენტი კვლავ ტყუილში დაადანაშაულა და შეახსენა, რომ მოლდოვაში შენდება გზები, საკანალიზაციო სისტემები და სხვა სახის ინფრასტრუქტურა. მისი განმარტებით, დღევანდელი ხელისუფლება მოკლე დროში ვერ გააკეთებს ყველაფერს, რაც არ გაკეთდა დამოუკიდებელი მოლდოვის არსებობის 30 წლის განმავლობაში. „რადგან თქვენ ახსენეთ დახურული ტელეარხები, გეტყვით, რომ დაიხურა ის არხები, რომლებიც ომის პროპაგანდას ეწეოდნენ. როცა ამბობთ, რომ არ არსებობს გამოხატვის თავისუფლება, მაშინ გადახედეთ გაგაუზიის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც დილიდან საღამომდე გვაკრიტიკებს“, - თქვა სანდუმ, რომელმაც ასევე ვრცლად ილაპარაკა უკრაინასთან ურთიერთობის საკითხზე, კერძოდ, დაინტერესდა, როგორ აპირებს სტოიანოგლო კარგი ურთიერთობების დამყარებას მეზობელ ქვეყანასთან.
„ჩვენ დავამყარებთ ურთიერთობას ყველასთან: განვითარების პროცესის პარტნიორებთან, უკრაინასთან, რუმინეთთან, რუსეთთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ამ ომში, ვუწევთ საჭირო დახმარებას უკრაინის მოქალაქეებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მჭიდრო იქნება ჩემი პრეზიდენტობის დროს, რადგან ახლა ისინი დეკლარაციულ ხასიათს ატარებენ და დაიყვანებიან მხოლოდ მილიტარისტულ განცხადებებამდე“, - უპასუხა სტოიანოგლომ.
„უწევთ თუ არა ანგარიშს იმას, რომ უკრაინაში ყველამ იცის, რომ თქვენ მოსკოვის კაცი ხართ და, რომ თქვენ წამოგაყენათ დოდონმა, რომელიც დადის და ამბობს: ჩვენები უკვე ახლოს არიან. ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ დაამყაროთ ურთიერთობა უკრაინასთან?“ - დაინტერესდა სანდუ.
პრეზიდენტობის კანდიდატებმა ასევე იკამათეს ამომრჩეველთა მოსყიდვის სკანდალზე, რაც წინ უძღოდა არჩევნების პირველ ტურს. სანდუმ და სტოიანოგლომ ერთმანეთი დაადანაშაულეს იმაში, რომ ამგვარი რამ შესაძლებელი გახდა. მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე მიანიშნა თავისი ოპონენტის კავშირებზე პრორუს ოლიგარქებთან: „ვინ არის თქვენი გუნდი? ჩვენ ვიცნობთ რამდენიმე ადამიანს - პლატონს, შორს, დოდონს“. სტოიანოგლომ მოუწოდა სანდუს, არ გაავრცელოს სიცრუე და თქვა, რომ მას არანაირი ურთიერთობა არ აქვს შორთან, პლატონთან და სხვებთან.
გარდა ამისა, სტოიანოგლომ საკუთარი თავი „ევროპული ინტეგრაციის ადეპტად“ გამოაცხადა, ხოლო ევროინტეგრაციის რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი იმით ახსნა, რომ „პლებისციტი სანდუს პირადი მიზნებისთვის იყო საჭირო“ და, რომ მას არ სურდა იმიტაციაში მონაწილეობა: „მხოლოდ თქვენ იხეირეთ რეფერენდუმით. დარწმუნებული ვარ, რომ მოლდოვის მოქალაქეების უმრავლესობა ევროკავშირის ადეპტია, მაგრამ იმის გამო, რომ გააერთიანეთ არჩევნები და რეფერენდუმი, მიიღეთ ე.წ. საპროტესტო კენჭისყრა, როცა ვიღაცამ უარი თქვა მონაწილეობაზე, ვიღაცამ კი წინააღმდეგ მისცა ხმა“.
პასუხად სანდუმ განაცხადა, რომ მათ, ვინც მხარს უჭერს სტოიანოგლოს, „წალეკეს ქვეყანა ევროკავშირის შესახებ საშინელი ისტორიებითა და ტყუილებით, ბოლოს კი გადავიდნენ ხმების ყიდვაზე“.
დებატების მონაწილეები ასევე შეეხნენ დნესტრისპირეთის თემას. სტოიანოგლომ ჰკითხა, როგორ ხედავს სანდუ დნესტრისპირეთის სტატუსს მოლდოვაში. სანდუმ უპასუხა, რომ დნესტრის ორივე ნაპირმა მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება რეგიონში დაძაბულობის ფონზე და ეს, მისი თქმით, საერთო მიღწევაა:
„ჩვენ გვინდა კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანად და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, კეთდება დნესტრის ორივე ნაპირისთვის. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დნესტრისპირეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო მოლდოვის პასპორტები, მათ სჯერათ მოლდოვაში უსაფრთხოების“.
სტოიანოგლომ ოპონენტის ყურადღება მიაპყრო იმაზე, რომ მისი მმართველობის დროს არცერთი შეხვედრა არ გამართულა დნესტრისპირეთის წარმომადგენლებთან, ხოლო მზადყოფნა ევროკავშირში დნესტრისპირეთის გარეშე ინტეგრაციისა, მისი თქმით, შესაძლოა სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასი იყოს. „ასეთ შემთხვევაში რომელი ჩვენგანი გამოდის მოსკოვის ხელი?“ - იკითხა მან. სანდუმ კონკურენტის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, „გამართული შეხვედრების რაოდენობით შედეგების დათვლა შეუძლებელია. ამისთვის სხვა კრიტერიუმები არსებობს. ქვეყანას ნანახი ჰყავს ის ადამიანები, რომლებიც ხშირად ხვდებოდნენ, მაგრამ არანაირი შედეგი არ ყოფილა“.
„ცივი შხაპი“: რეაქცია პირველ რაუნდზე და მზადება მეორისთვის
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მაია სანდუმ ხმების 42.49% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ალექსანდრუ სტოიანოგლომ კი - 25.95%.
საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მოქალაქეებს სთხოვეს ეპასუხათ კითხვაზე, მხარს უჭერენ თუ არა „კონსტიტუციის ცვლილებას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით“. მრავალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების საპირისპიროდ, (რეფერენდუმში დამაჯერებელი უპირატესობა უნდა ჰქონოდა პასუხს „დიახ“), ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობამ 50.35% შეადგინა, წინააღმდეგი კი 49.65% იყო. „ძნელია ამას დამაჯერებელი გამარჯვება უწოდო“, - ამბობენ ექსპერტები.
სანდუმ, არჩევნების მეორე დღეს ეს შედეგი იმით ახსნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მოლდოვაში სისტემატურად ხდებოდა „თავდასხმა დემოკრატიასა და ხალხის თავისუფლებაზე“. მან ასევე გაიხსენა 300 ათასი ხმის ყიდვის მცდელობა, რაც სამართალდამცავმა უწყებებმა გამოავლინეს. სანდუმ ისიც თქვა, რომ „გაიგო ამომრჩევლების გზავნილი“ და იცის, რომ მეტი უნდა გაკეთდეს კორუფციასთან საბრძოლველად. მან მოქალაქეებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ მეორე ტურში, რათა „თავიდან აიცილონ კატასტროფა“.
მოლდოვაში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა შორის არ იყო მიღებული მაია სანდუსა და მისი პარტიის, PAS-ის ხმამაღლა კრიტიკა, თუმცა არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების ნახვის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების ბევრმა წარმომადგენელმა საჯაროდ მიანიშნა ხელისუფლებას იმ შეცდომებზე, რომლებმაც იგი შექმნილ ვითარებამდე მიიყვანა.
ჟურნალისტმა და არასამთავრობო ორგანიზაცია Media Guard-ის წარმომადგენელმა მარიანა კოლუნმა რეფერენდუმისა და არჩევნების პირველი ტურის წინასწარ შედეგებს „ცივი შხაპი“ უწოდა.
„აშკარაა, რომ საკმარისად არ ისაუბრეს მათთან, ვინც გადაუწყვეტელი იყო ან ხელისუფლებისადმი კრიტიკულად იყვნენ განწყობილი. ეს უკანასკნელნი ყოველგვარი აპელაციის გარეშე მოათავსეს მტრის ქვაბში და გადაწყვიტეს, რომ მათზე დროის დაკარგვა არ ღირდა. პოლიტიკური ამპარტავნება ყოველთვის ისჯება“, - დაწერა მარიანა კოლუნმა ფეისბუკზე. ამასთან, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ კრემლის მიერ კონტროლირებადი პოლიტიკოსების პროპაგანდა ბევრად უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე ყველას წარმოედგინა.
მედიასაზოგადოების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, დამოუკიდებელი გამოცემის Ziarul de Garda-ს მთავარმა რედაქტორმა, ვიქტორ მოშნიაგმა, კენჭისყრის დასრულებისთანავე დასვა კითხვა, თუ რას აკეთებდნენ პასუხისმგებელი უწყებები მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ყალბი ინფორმაციის ნიაღვრის აღსაკვეთად.: „საუბარია პროკურატურაზე, საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურებზე. რა გააკეთეს პოლიტიკოსებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა? რა გააკეთეს პროპაგანდასთან საბრძოლველად შექმნილმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა? ვინ აგებს პასუხს?“
სოციოლოგმა ვასილი კანტარჟიმ The CurrentTime-თან საუბარში აღნიშნა, რომ ექსპერტები მხოლოდ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მიხვდნენ, თუ რამდენად დიდი იყო ამომრჩევლის მოსყიდვის მასშტაბი და მისი გავლენა კენჭისყრის შედეგზე: „შედეგები არ დაემთხვა არც პროგნოზებს და არც სოციოლოგიური კვლევის შედეგებს და არც ხალხის მოლოდინს. არის აშკარა რაღაცები: მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ მოქალაქეების 55-60% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას - ამიტომ, რეფერენდუმის ეს შედეგი შოკის მომგვრელია“.
კანტარჟის თქმით, სისტემა უძლური აღმოჩნდა ამგვარი მასობრივი მოსყიდვის ფენომენის წინაშე. ამასთან, ექსპერტი აღიარებს, რომ არჩევნებისა და რეფერენდუმის წინა დღეებში, პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიების შედეგად, შეინიშნებოდა სარეფერენდუმო კითხვაზე „დიახ“ პასუხის მთქმელთა შემცირების ტენდენცია, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ასეთი ცვლილებები ერთ ღამეში არ ხდება და, რომ ამას არ შეეძლო რეფერენდუმის შედეგზე ასეთი სერიოზული გავლენის მოხდენა, - დასძენს სოციოლოგი.
ვასილი კანტარჟი ასევე ამახვილებს ყურადღებას ფენომენალურ შედეგზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აჩვენა მანამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვიქტორია ფურტუნამ. ტარაკლიასა და ორჰეის რაიონებში, ისევე როგორც გაგაუზიაში, მან მიიღო ხმების 40%-ზე მეტი, რითაც გაუსწრო ამომრჩევლებისთვის კარგად ნაცნობ კანდიდატს ირინა ვლაჰს. ამ რეგიონებს საერთო ის აქვთ, რომ მათში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებენ (ან იკავებდნენ) ილან შორის მოლდოვაში აკრძალული პარტია „შორის“ ხალხი.
„მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შორის ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორთან კავშირის გამო ნებისმიერი კანდიდატი შეიძლებოდა მოეხსნათ არჩევნებიდან, ამიტომ ამომრჩეველს ეუბნებოდნენ, რომ არჩევნების წინა დღეს შეატყობინებდნენ, ვისთვის მიეცა ხმა. გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეს იქნებოდა სტოიანოგლო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ უფრო ფილიგრანულად იმუშავეს: ცალკეულ რეგიონებში განსხვავებულ კანდიდატებს ასახელებდნენ“, - განმარტავს ვასილი კანტარჟი.
იმაზე, თუ როგორ იძლეოდნენ შორის ქსელში მითითებებს ამა თუ იმ კანდიდატისთვის ხმის მიცემის შესახებ, დეტალურად ჰყვებიან Ziarul de Garda-ს გამომძიებელი ჟურნალისტები [https://www.zdg.md/ru/?p=158642].
ხმები გამარჯვებისთვის: სადაც მიიღებენ დამატებით ხმებს სანდუ და სტოიანოგლო
როგორია მაია სანდუს პერსპექტივა, მიიღოს კიდევ უფრო ძლიერი ელექტორალური მხარდაჭერა? ექსპერტების თქმით, პროევროპულმა პოლიტიკოსებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ცუდი შედეგები აჩვენეს: ბლოკის „ერთად“ კანდიდატმა ოქტავიან ტიკუმ და დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანდრეი ნასტასემ ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღეს.
ამ დროს სტოიანოგლოს აქვს შესაძლებლობა გააფართოოს თავისი ელექტორალური ველი. მოლდოველმა კომუნისტებმა უკვე მოუწოდეს თავიანთ ამომრჩევლებს, ხმა მისცენ სტოიანოგლოს. კომუნისტების კანდიდატმა ვასილი ტარლევმა ხმების 3.19% მიიღო.
დამოუკიდებელ კანდიდატს ირინა ვლაჰს (5.38%) ჯერ არ მიუმართავს თავისი მხარდამჭერებისთვის, რომ მხარი დაუჭირონ სტოიანოგლოს, მაგრამ მან თავისი საარჩევნო კამპანია სანდუს მკაცრ კრიტიკაზე ააგო, რომელიც თითქოსდა მოლდოვას ომში ითრევდა. შორის პროტეჟეა ყოფილი პროკურორი ვიქტორია ფურტუნა (მისი კავშირი შორთან გამოძიების დროს გამოავლინეს მოლდოველმა ჟურნალისტებმა), რომელმაც ხმების 4.45% მიიღო. მასაც ჯერ არ მიუმართავს თავისი ამომრჩევლისთვის.
პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი შეიძლება იყოს პირველ ტურში 13.79%-ით მესამე ადგილზე გასული კანდიდატის, პარტია „ჩვენი პარტიის“ ლიდერის, რენატო უსატის პოზიცია. პირველი ტურისთვის მზადებისას უსატიმ არაერთხელ განაცხადა, რომ აღარ მოუწოდებდა თავის მხარდამჭერებს ამა თუ იმ კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ, რადგან ყოველ ჯერზე მოტყუებული და იმედგაცრუებული რჩებოდა:
- 2016 წელს მან თავის მხარდამჭერებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოუწოდა ხმა მიეცათ იგორ დოდონისთვის, რომლის ოპონენტიც მაშინ სანდუ იყო.
- 2020 წელს მოუწოდა მხარდამჭერებს, ხმა მიეცათ დოდონის წინააღმდეგ.
თუმცა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ უსატი არც ისე კატეგორიული იყო და განაცხადა, რომ აპირებდა მხარდამჭერებთან კონსულტაციების გავლას: „ხმები არასოდეს გამიყიდია და არც გავყიდი. არ შეიძლება ხალხის ბედით ვაჭრობა. უახლოეს დღეებში შევკრებთ მთელ პარტიულ აქტივს. მინდა დაველაპარაკო არა მხოლოდ აქტივს, არამედ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხსაც, რათა გადავწყვიტოთ, რას ვაკეთებთ მეორე ტურში“.
სანდუს ცუდ სამსახურს უწევს ზოგიერთი მხარდამჭერის საქციელი. მაგალითად, მოქმედი პრეზიდენტი იძულებული გახდა გამიჯვნოდა PAS-ის ზოგიერთ წევრს, რომლებმაც განაცხადეს, რომ „გაგაუზები ქვეყნის მოღალატეები არიან“ (ალექსანდრუ სტოიანოგლო ეთნიკური გაგაუზია). ამის საპასუხოდ, სანდუმ ჩაწერა ვიდეომიმართვა მოლდოვაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ენებზე (ასეთი რამ ხშირად არ ხდება).
„ყველაზე რთულ მომენტებში ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით. ეროვნებით და ენის მიხედვით არ გავყოთ ერთმანეთი. ჩვენ შორის არ ვეძიოთ დამნაშავეები. ეს ჩვენი საერთო სახლია და ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რომ აქ ყოველთვის იყოს სიკეთე და გაგება“, - განაცხადა სანდუმ.
სოციოლოგი ვასილი კანტარჟი აღნიშნავს, რომ დღევანდელ ვითარებაში რთულია კლასიკური სოციოლოგიური კონცეფციებით მუშაობა, რადგან, კორუფციის ფაქტორიდან გამომდინარე, არჩევნების საბოლოო შედეგები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ნებისმიერი პროგნოზისგან.
„მაგრამ თუ ჩვენ მაინც გავრისკავთ პროგნოზის გაკეთებას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთლიანობაში სხვაობა არ იყო სანდუს სასარგებლოდ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი ამომრჩეველი მეორე ტურში სანდუს მისცემს ხმას. ამომრჩევლის რაღაც ნაწილი იმის გამო გადაწყვეტს წავიდეს [საარჩევნო უბნებზე] მეორე ტურში, რომ შეიტყო ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ. ამას შეიძლება ჰქონდეს მობილიზაციის ეფექტი, მაგრამ მოსყიდვის მასშტაბი, რაზეც ჩვენ გვაქვს ეჭვი, იმდენად დიდია, რომ ყველაფერს ხაზს უსვამს“, - მიიჩნევს ექსპერტი.
მისი აზრით, ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია კითხვაზე პასუხის გაცემა, რამდენად შეძლებენ სამართალდამცავი ორგანოები ამომრჩევლების ხმების ყიდვის თავიდან აცილებას.
„სანდუს მონაწილეობა დებატებში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ამომრჩევლის მობილიზებას, განსაკუთრებით მეორე ტურში, მაგრამ ასე ხდება კლასიკურ ვითარებაში, ჩვენ კი განსაკუთრებულად მძიმე სიტუაცია გვაქვს“, - ხაზს უსვამს სოციოლოგი.
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ანჟელა კოლაცკის თქმით, დებატებში მაია სანდუ ლიდერობდა, ინიციატივა მის მხარეზე იყო და ამით მან შესაძლოა გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიიზიდოს. „დებატები არის სანახაობა, გინდა სანდუ და სტოიანოგლო ყოფილა და გინდა ტრამპი და ჰარისი - ისინი ახლა ცდილობენ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მოხიბვლას. ეს ყველგან ასეა. მაგრამ ეს გადაუწყვეტლები სინამდვილეში მართლა გადაუწყვეტლები, თავისუფლები და მოუსყიდველები არიან? დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით ჩვენი გადაუწყვეტლების შესახებ“, - აღნიშნავს ანჟელა კოლაცკი.
სტოიანოგლოს წინააღმდეგ თამაშობს „ორმაგი, სამმაგი სტანდარტების პოზიცია, რაც ახასიათებთ მოლდოვის მემარცხენე პარტიებს“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი:
„სტოიანოგლო, რომელსაც აქვს რუმინეთის მოქალაქეობა, ემხრობა იმას, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საჯარო თანამდებობა, არ ჰქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა - არადა, ის თავად იყო გენერალური პროკურორი. სტოიანოგლო ამბობს, რომ არ არის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი, მაგრამ მონაწილეობა არ მიიღო რეფერენდუმში“.
ვის აირჩევს დიასპორა?
ექსპერტების თქმით, მოლდოვის დიასპორის ხმა მაია სანდუსთვის ტრადიციული „მაშველი რგოლია“. კერძოდ, საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდოვის მოქალაქეების (რომლებსაც ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა 2020 წელს „პარალელური ელექტორატი“ უწოდა) უპრეცედენტო მობილიზებამ მისცა მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების საშუალება. მაშინ სანდუმ მიიღო ხმების 57.72%. არჩევნების მეორე ტურში 263 177-მა მოლდოველმა ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა. მათგან მაია სანდუს მხარი დაუჭირა 243 ათასზე მეტმა.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 240 548-მა მოლდოველმა ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 169 ათასზე მეტმა ხმა მისცა სანდუს. მიუხედავად იმისა, რომ დიასპორამ უკვე აჩვენა შთამბეჭდავი მობილიზება, ვასილი კანტარჟის თქმით, ზრდის რესურსი ჯერ ამოწურული არ არის.
მოლდოვა არჩევნების შემდეგ
ანალიტიკოსების აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუს წაგება მოლდოვას კარგს არაფერს მოუტანს. ანგელა კოლაცკის აზრით, პროევროპული კანდიდატის დამარცხების შედეგი შეიძლება იყოს იზოლაცია. „თუ საპარლამენტო არჩევნებამდე (2025 წელს) სანდუ წააგებს, დაიწყება პოლიტიკური კრიზისი აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს - პრეზიდენტსა და მეორე ნაწილს - პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს შორის. შესაძლოა საქმე იმპიჩმენტის მცდელობამდეც მივიდეს“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი, რომლის თქმით, ასეთი კრიზისის უარყოფით შედეგებს ქვეყნის ყველა მოქალაქე იგრძნობს.
გარდა ამისა, სანდუს წაგებამ შეიძლება სერიოზულად შეარყიოს მმართველი პარტიის PAS-ის პოზიცია საპარლამენტო არჩევნებში.
„ხალხს უყვარს გამარჯვებულები, - განმარტავს კოლაცკი, - ნებისმიერი პარტია, რომელსაც აქვს უმრავლესობა, ოთხი წლის შემდეგ კარგავს მხარდაჭერის ნაწილს: ვერავინ ახერხებს ყველა დაპირების შესრულებას, ამომრჩევლის ნაწილი იმედგაცრუებულია. ამიტომ სანდუს წაგებამ შეიძლება გამოიწვიოს PAS-ის მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტად შემცირება“.
ამავდროულად, პოლიტოლოგის აზრით, ამ საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა ტენდენციები, ყველა შეაძრწუნა ამომრჩევლის მოსყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცავი ორგანოების დაგვიანებულმა ზომებმა. შესაძლოა, ეს „ცივი შხაპი“ სასარგებლო გამოდგეს.
ანჟელა კოლაცკი PAS-ის შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ პარტია იზოლირდა სხვა პოტენციური მოკავშირეებისგან:
„ახლა მათ, თუ ეყოფათ ინტელექტი და ექნებათ სურვილი, უნდა გადონ ხიდები ყველა პოტენციურ ევროპულ პარტიასთან, მათთანაც კი, რომლებიც საკმარისად პროევროპულ პარტიებად არ მიაჩნიათ. მაგალითად, იგივე MAN-ი, კიშინიოვის მერის, იონ ჩებანის პარტია. საჭიროა საერთო ინტერესების გამონახვა, რადგან სხვა პარტიები არ არიან“.
ანჟელა კოლაცკის თქმით, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარული ფრაქცია არ იქნება, უმრავლესობას კოალიცია შექმნის, ხოლო მისი ფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ და ვინ იმუშავებს არჩევნების წინ.
პოლიტიკური კომენტატორი ალექსეი ტულბურე ამბობს, რომ მეორე ტურის წინ დებატებზე მოსმენილიდან გამომდინარე, სანდუს წაგების შემთხვევაში, მოლდოვას რთული პერიოდი ელის: „სანდუს შემცვლელი გუნდი და კანდიდატი სერიოზული ალტერნატივა არ არის, ეს არის დაბრუნება წარსულში, საიდანაც ჩვენ ასეთი წვალებით ვცდილობთ თავის დაღწევას. ეს ასევე არის არაკომპეტენტურობა და აშკარა ორიენტაცია რუსეთისკენ. რაც უნდა თქვას სტოიანოგლომ, მის უკან მდგომი გუნდი სწორედ იქითკენ წაიყვანს ქვეყანას“, - მიაჩნია ტულბურეს, რომლის თქმითაც, ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ, შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად, უახლოეს თვეებში დიდი ძალისხმევა უნდა გასწიოს. „სანდუმ უკვე განაცხადა, რომ მისი ხელახალი არჩევის შემდეგ მართლმსაჯულების რეფორმა სხვაგვარად წარიმართება, - იხსენებს ტულბურე, - ეს უნდა იყოს მართლმსაჯულების სისტემის გადამწყვეტი გაწმენდა კომპრომეტირებული ადამიანებისგან. მეორე წარუმატებელი თემაა ეკონომიკა და ხელისუფლების უუნარობა, უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის ღირსეული პროცენტი, რომლის გარეშეც ქვეყანა ვერ წავა წინ. გარდა ამისა, ეკონომიკური სტაგნაცია დამატებით არგუმენტებს აძლევს ევროინტეგრაციის ოპონენტებს, რადგან ადამიანები ვერ გრძნობენ ცვლილებების სიკეთეს“.
ცხადია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოლდოვას კოალიციური მთავრობა ეყოლება. საკითხავია მხოლოდ ის, თუ ვინ ვის შესთავაზებს კოალიციას და მიიღებს თუ არა მის ფორმირებაში მონაწილეობას PAS-ი.
„რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ჩვენი ევროპელი პარტნიორები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და აცხადებენ, რომ მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ რეფერენდუმი შედგა და მოლდოვამ აირჩია განვითარების ევროპული გზა და, რომ არცერთი წერტილი არ შეიცვლება ურთიერთობებში. მოლაპარაკებები გრძელდება, არის სიგნალები ბრიუსელიდან, რომ მოლდოვას აქვს დაჩქარებული მოლაპარაკებების შანსი ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში“, - ამბობს ალექსეი ტულბურე. თუმცა, მისი შეფასებით, პრეზიდენტად სტოიანოგლოს არჩევა შეიძლება გახდეს დესტაბილიზაციის ფაქტორი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე: „ახლა პრეზიდენტის ცვლილება განიხილება, როგორც უკიდურესად არასასურველი შედეგი მოლდოვის ევროპული გზის კონტექსტში“, - მიიჩნევს ექსპერტი.
ფორუმი