Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიკსის სამიტი ყაზანში - რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი თავყრილობა


ბრიკსის სამიტს 2024 წელს ყაზანი მასპინძლობს
ბრიკსის სამიტს 2024 წელს ყაზანი მასპინძლობს

იმ დროს, როცა კიდევ უფრო მეტ ქვეყანას სურს, გახდეს საერთაშორისო გაერთიანება ბრიკსის (BRICS) წევრი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აპირებს, ორგანიზაციის სამიტი გამოიყენოს ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის წარმოსადგენად.

ბრიკსის სამიტის წლევანდელი მასპინძელი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი ცდილობს, მსოფლიოს უჩვენოს, რომ დიპლომატიურად იზოლირებული არ არის.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში, ბრიკსის სამიტის მონაწილეებს, 16 სახელმწიფოს მეთაურებს მასპინძლობს. მას სურს დასავლეთს დაანახვოს, რომ მოსკოვი მსოფლიო არენაზე იზოლირებული არ არის.

22 ოქტომბერს ყაზანის რატუშაში საზეიმო ვახშმით გახსნილი შეხვედრა, რომელიც 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება, პუტინს შესაძლებლობას აძლევს, გაერთიანების წევრები მსოფლიო პოლიტიკასა და ვაჭრობაში დასავლეთის საპირწონედ წარმოაჩინოს.

ბრიკსის სამიტის გამართვის ადგილი.
ბრიკსის სამიტის გამართვის ადგილი.

როგორც 21 ოქტომბერს განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, სამიტზე ჩასვლას გეგმავდა 36 სახელმწიფოს დელეგაცია, მათგან 22-ის - სახელმწიფო მეთაური. მნიშვნელოვანი სტუმარია ყაზანში გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში.

ბრიკსის სამიტზე არიან უკვე ირანის, თურქეთისა და ეგვიპტის ლიდერები, ასევე, პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი. ყაზანში ჩასვლა ვერ მოახერხა ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ, ტრავმის გამო - მას ექიმებმა თვითმფრინავით მგზავრობა აუკრძალეს.

პუტინთან შეხვედრაზე უარი თქვა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმაც, რომელმაც სამიტის პარალელურად საკუთარ ქვეყანაში უმასპინძლა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყაზანში, ბრიკსის სამიტზე.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყაზანში, ბრიკსის სამიტზე.

ბრიკსი, რომლის სახელწოდება წევრი ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა) შემოკლებული ვერსიაა, შეიქმნა როგორც ეკონომიკური კავშირი, თუმცა მასზე დღეს უკვე საუბრობენ, როგორც „გეოპოლიტიკურ ბლოკზე“.

ამ დროს, ორგანიზაცია მრავალმხრივ არაოფიციალურია.

მას არ აქვს წესდება, საერთო ბიუჯეტი, სამდივნო ან სხვა მსგავსი სტრუქტურა.

ამჟამად გაერთიანებას ბრიკს პლუსსაც (BRICS+) უწოდებენ, - რამეთუ 2024 წლიდან ალიანსს ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია შეუერთდნენ.

ალიანსის გაფართოება კი სულ უფრო და უფრო აქტუალურია.

ბრიკსში გაერთიანებას ესწრაფვიან ბელარუსი, აზერბაიჯანი, მალაიზია და, არაოფიციალური ცნობებით, ნატოს წევრი თურქეთი.

რამდენიმე კვირით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიკსის სამიტზე სომხეთის დელეგაციაც აპირებდა ჩასვლას, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით.

„ბრიკსის ფილტვები კვლავ ივსება ჟანგბადით, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ წესრიგში, რომელსაც დასავლეთი და მისი ორგანიზაციები წინამღძოლობენ, არეულობაა“, - უხსნის რადიო თავისუფლებას კარლოს სოლარი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) უფროსი მკვლევარი. იგი ფიქრობს, რომ „უფრო ფართო იდეა ისაა, რომ სამყარო იცვლება და იმან, თუ რა მოელის საერთაშორისო საბანკო, საფინანსო და სამართლებრივ სისტემას, შეიძლება განსაზღვროს, რომელი რეგიონები იქნება მნიშვნელოვანი მომავალ ათწლეულებში“.

ყაზანის სამიტის დროს გაიმართება არაერთი ორმხრივი მოლაპარაკება, რომლებზეც განიხილავენ, სხვათა საკითხებს შორის, უკრაინაში ომის თემას. ბრიკსის წევრების უმრავლესობა ამ ომის საკითხში ნეიტრალურია და ისინი არ შეუერთდნენ რუსეთისთვის უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებულ სანქციებს.

პუტინი უკვე შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, ხოლო სამიტის ბოლო დღეს მოელიან გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან პუტინის მოლაპარაკებას. რუსეთის პრეზიდენტი, ყაზანში, ამ დღეებში, სულ მცირე, 14 ორმხრივი შეხვედრის გამართვას აპირებს.

რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული რედაქციის კომენტარში, რომელიც ეხება ბრიკსის სამიტს ყაზანში, წაიკითხავთ, რომ პუტინის გარდა, სამიტს და ბრიკსის საქმიანობას მთლიანობაში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის მმართველი, სი ძინპინი. ის ცდილობს ორგანიზაციის განვითარებას „პეკინის უფრო ფართო სტრატეგიის ჩარჩოებში და თავს წარმოადგენს როგორც ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთის - განვითარებადი ქვეყნების - მეთაურად“.

პუტინი, თავის მხრივ, ორგანიზაციას წარადგენს როგორც „გლობალური დასავლეთის ალტერნატივას“.

ჩინეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელი, სი ძინპინი ყაზანში ჩასვლისას, 22 ოქტომბერი, 2024 წელი.
ჩინეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელი, სი ძინპინი ყაზანში ჩასვლისას, 22 ოქტომბერი, 2024 წელი.

„პუტინმა [პირდაპირ] თქვა, რომ ბრიკსი გლობალური სამხრეთის სახელით გამოდის. ამ არგუმენტს მოიყვანს ჩინეთიც“, - ამბობს სტიუარტ პატრიკი, საერთაშორისო პოლიტიკის შემსწავლელი ინსტიტუტის, კარნეგის ფონდის მკვლევარი, და განმარტავს, რომ ჩინეთი, რუსეთის მსგავსად, იმედოვნებს, რომ „ბრიკს პლუსი გადაიქცევა საშუალებად, რომელიც შეიძლება გამოწვევა გახდეს საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელშიც დასავლეთი, კერძოდ - აშშ დომინირებს“.

რა არის ბრიკსი და რატომაა ის მნიშვნელოვანი?

ორგანიზაცია, სახელწოდებით ბრიკი, 2006 წელს დააფუძნეს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა. მათ 2010 წელს დაემატა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ასე გაჩნდა აკრონიმი ბრიკსი.

ჯგუფი შეიქმნა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების მიზნით, რათა ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ძალის ალტერნატივა გაჩენილიყო. მისი წევრები თვლიან, რომ დასავლეთის ქვეყნები უსამართლოდ დომინირებენ მსოფლიოს უმთავრეს საფინანსო ორგანიზაციებში და საჭიროა მათი საპირწონე ძალა, რომელიც განვითარებადი ეკონომიკების ხმას გაიგონებს.

2014 წელს ბრიკსმა ინფრასტრუქტურების განვითარებისთვის კრედიტების გასაცემად შექმნა „განვითარების ახალი ბანკი“.

2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში მიწვევა მიიღეს ეგვიპტემ, ეთიოპიამ, ირანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა. თუმცა საუდის არაბეთმა მალევე თქვა უარი ბლოკში გაწევრებაზე.

მიწვევა მიიღო არგენტინამაც, რომლის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ თანამდებობაზე მოსვლისთანავე, 2023 წლის დეკემბერში თქვა უარი ბრიკსის წევრობაზე.

ამის მიუხედავად, ბრიკსის გაფართოებული ჯგუფის წევრების მოსახლეობა მთლიანად 3,5 მილიარდს აღწევს, ხოლო ამ ქვეყნების ეკონომიკების მოცულობა 28,5 ტრილიონ დოლარს უდრის.

როგორც სოლარი ამბობს, ბრიკსის წევრობის მიმართ ინტერესი იზრდება, რადგან განვითარებადი ქვეყნები მას მომავალ წლებში გეოპოლიტიკური წონასწორობისთვის საჭირო იარაღად მიიჩნევენ.

სოლარი განმარტავს, რომ „ბრიკსში ბევრი ქვეყანაა გლობალური ამბიციებით: როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და ბრაზილია. სხვა სახელმწიფოების შემთხვევაში, საქმე გვაქვს განსხვავებულ მოსაზრებებთან და სურვილთან, რომ ყველა კვერცხი ერთ კალათში არ ჩაალაგონ“.

ჯგუფის მთავარი თემა ფინანსური კოორდინაციაა. მისი მეთაურები ესწრაფვიან, რომ მსოფლიო ვაჭრობაში შეიკვეცოს ამერიკული დოლარის დომინირება, ხოლო ბრაზილია და რუსეთი ბრიკსის საერთო ვალუტის შემოღების წინადადებითაც კი გამოდიან.

ბრეკსის წევრებს ასევე სურთ ბლოკს შიგნით ვაჭრობის გაფართოება, ერთმანეთის ბანკების უფრო მჭიდრო კოორდინაცია და საგადასახადო და საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაცია.

რის მიღწევა სურს სამიტს?

სამიტი მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი არ იმყოფება სრულ დიპლომატიურ იზოლაციაში.

„პუტინისთვის სამიტი არსებითად სიმბოლურია - ის ესწრაფვის აჩვენოს მსოფლიოს, რომ მიუხედავად დასავლეთის მცდელობისა, მოახდინოს რუსეთის იზოლაცია უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ, მოსკოვს ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი ჰყავს მსოფლიოში“, - თქვა პატრიკმა.

მოსალოდნელია, რომ ყაზანში პუტინი გააგრძელებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო გადახდების ალტერნატიული პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც დაცული იქნება დასავლეთის სანქციებისგან.

რუსეთი, მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორი, ბრიკსის სამიტის მონაწილეებს, სავარაუდოდ, ასევე შესთავაზებს მარცვლეულის ბირჟის შექმნას, როგორც ალტერნატივას დასავლური ბაზრებისა.

იქნება თუ არა ეს ზომები წარმატებული, მომავალში გამოჩნდება. მოსკოვს მოუწევს ჯგუფში ერთგვარი კომპრომისიც, რადგან ზოგიერთი ახალი წევრი შეიძლება არ იზიარებდეს კრემლის აშკარა ამბიციებს დასავლეთის გამოწვევის შესახებ.

„BRICS-ის წევრებს შეიძლება აერთიანებთ რწმენა, რომ საერთაშორისო წესრიგის და მსოფლიო ეკონომიკის მმართველი სტრუქტურები უსამართლოდაა გადახრილი დასავლეთისკენ“, - ამბობს პატრიკი, - „მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს განსხვავებები წევრ ქვეყნებს შორის; მაგალითად, ირანს, ჩინეთსა და ინდოეთს სურთ, დაუპირისპირდნენ დღევანდელ დასავლურ მსოფლიო წესრიგს და მისი დამარცხება სურთ, ორგანიზაციის სხვა წევრებს კი „ბრიკსის“ გამოყენება ამ წესრიგის რეფორმირებისათვის უნდათ“.

პატრიკის აზრით, „ბრიკსი გამოწვევაა წესრიგისთვის, რომელშიც დომინირებს დასავლეთი, მაგრამ ამ ეტაპზე ის მნიშვნელოვანი უფრო სიმბოლურადაა, ვიდრე გეოპოლიტიკურად“.

ყაზანის ქუჩებში სამიტის დღეებში.
ყაზანის ქუჩებში სამიტის დღეებში.

ასევე სიმბოლური, მაგრამ რეალურია ყაზანის ხელისუფლების გადაწყვეტილება, სამიტისას ქალაქში გააუქმოს სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. მოსწავლეებს არდადეგები გამოუცხადეს, სტუდენტებს სამი დღის განმავლობაში დისტანციურად ჩაუტარდებათ გაკვეთილება.

და სანამ სამიტის სტუმრები არ დაემშვიდობებიან თათრეთის დედაქალაქს, სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG