ოთხშაბათს ისრაელის ქალაქ ჰადერაში დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა მოქალაქეებს. დაშავდა ექვსი ადამიანი, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. თავდამსხმელი დააკავეს.
როგორც The Times of Israel წერს, თავდამსხმელი ქუჩებში მოპედით გადაადგილდებოდა და ცოტა ხნით ჩერდებოდა მორიგი მსხვერპლის დასაჭრელად. მეოთხე გაჩერების შემდეგ მას ესროლა გამვლელმა, რომელსაც იარაღი ჰქონდა თან და შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. ისრაელის მასმედია თავდამსხმელის ვინაობას ასახელებს: ეს არის 36 წლის აჰმად ჯაბარინი, არაბული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე. მას თან ჰქონდა ცული და დანის ტარი; შორიახლოს იპოვეს ასევე დასისხლიანებული დანის პირი.
აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული რადიკალური დაჯგუფების, ჰამასის მიერ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის წლისთავზე ქვეყანაში რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 2 ოქტომბერს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ორი შეიარაღებული მცხოვრები თავს დაესხა გამვლელებს თელ-ავივში. დაიღუპა ექვსი ადამიანი. 6 ოქტომბერს თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ქალაქ ბეერ-შევის ავტოსადგურზე. დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, ათი ადამიანი დაიჭრა.
ფორუმი