მანამდე ჰამასმა - აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად მიჩნეულმა პალესტინელმა დაჯგუფებამ, რომელიც ღაზას აკონტროლებს - განახორციელა უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელზე. ეს იყო ყველაზე მომაკვდინებელი შეტევა ქვეყნის ისტორიაში. დაბომბვის კამპანია ამ თავდასხმიდან რამდენიმე საათში დაიწყო.
ისრაელის მიერ ჰამასის განადგურების მცდელობამ პალესტინის ანკლავში - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ზონაში - გამოიწვია დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და გაანადგურა ინფრასტრუქტურა...
დაღუპულები
ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 41 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
მიიჩნევა, რომ მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო და მათ მნიშვნელოვან ნაწილს ბავშვები შეადგენდნენ. ღაზის 2-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი არასრულწლოვანია.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა აპრილში განაცხადა, რომ ღაზაში „ყოველ 10 წუთში ერთხელ ბავშვი იღუპება ან იჭრება“.
დაღუპულთა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტია. გაეროს ცნობით, ღაზაში, საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებში 10 000-ზე მეტი ადამიანია დამარხული.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 700-ზე მეტი პალესტინელი, მათ შორის 150-ზე მეტი ბავშვი, დაიღუპა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე.
ისრაელის ძალებს ბრალს სდებენ ლეტალური ძალის უკანონო გამოყენებაში, მათ შორის იმ პალესტინელების განზრახ მკვლელობაში, რომლებიც აშკარა საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.
ისრაელმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმას 1139 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 685 ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქე და 71 უცხოელი.
ისრაელის თქმით, მისი 347 ჯარისკაცი დაიღუპა ღაზაზე სახმელეთო შეტევისას, რომელიც საჰაერო დაბომბვის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ განხორციელდა.
თავდასხმის დროს ჰამასმა მძევლად აიყვანა 251 ისრაელელი. მათგან თითქმის ნახევარი გაათავისუფლეს - ზოგი ისრაელის ჯარმა დაიხსნა, ზოგი კი ჰამასმა გაათავისუფლა. მიიჩნევენ, რომ 100-ზე მეტი მძევალი ჯერაც ღაზაში იმყოფება, დანარჩენები კი, სავარაუდოდ, დაიღუპნენ. ზოგი მათგანი ისრაელის თავდასხმებს შეეწირა.
ისრაელის ვარაუდით, ღაზის სექტორში დახოცეს ჰამასის 17000 მებრძოლი. ჰამასი ამას უარყოფს.
დაჭრილები და დაშავებულები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ისრაელის სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების შედეგად დაშავდა 95 000-ზე მეტი პალესტინელი.
მათ სულ მცირე მეოთხედს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. ბევრი ამპუტაციას და მნიშვნელოვან რეაბილიტაციას საჭიროებს, განაცხადა ჯანმომ.
მოკლული ჟურნალისტები და ექიმები
სულ მცირე, 116 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი დაიღუპა ღაზაში, განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ).
მინიმუმ ხუთი რეპორტიორი ისრაელის ძალებმა პირდაპირ ამოიღეს სამიზნეში. ნიუ-იორკში ბაზირებული CPJ ამას მკვლელობად აფასებს.
ისრაელის ომი ღაზაში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ კონფლიქტად იქცა ჟურნალისტებისთვის.
ადგილზე მუშაობისას დაიღუპნენ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებიც. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის დროს 250-ზე მეტი დაზარალებულთა დამხმარე დაიღუპა.
შიმშილი ღაზაში
ღაზის სექტორის თითქმის მთელ მოსახლეობას სურსათის უკიდურესი ნაკლებობის გამო შიმშილი ემუქრება.
ისრაელმა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილი ღაზის სექტორში სასიკვდილო იარაღად აქცია, რაც ომის დანაშაულია, - განაცხადა Human Rights Watch-მა დეკემბერში.
იძულებით გადაადგილებული პალესტინელები
გაეროს შეფასებით, 2023 წლის მიწურულს ღაზის მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი, ანუ 2 მილიონამდე ადამიანი დევნილად იქცა.
განადგურებული ინფრასტრუქტურა
გაეროს ცნობით, ისრაელმა ღაზის სექტორში არსებული ყველა შენობის ნახევარზე მეტი გაანადგურა. დაზიანებულია კიდევ 360 000 საცხოვრებელი.
სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ განადგურდა მინიმუმ 53 სკოლა, - განაცხადა გაერომ.
ისრაელმა განაცხადა, რომ მისი მიზანი ღაზაში მდებარე „ტერორისტული“ ინფრასტრუქტურისა და შენობების განადგურებაა და ჰამასს ბრალად დასდო მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენება.
ფორუმი