Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი პროპაგანდისტები არჩევნებში “ქართულ ოცნებას” გულშემატკივრობენ


Z-ბლოგერები წერენ, რომ თუ “ოცნებას” რუსეთთან მეგობრობა მართლა თუ უნდა, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.
Z-ბლოგერები წერენ, რომ თუ “ოცნებას” რუსეთთან მეგობრობა მართლა თუ უნდა, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

რუსი პროპაგანდისტები დიდ ინტერესით ელოდებიან მოახლოებულ არჩევნებს საქართველოში. ისინი ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” დასავლეთს შორდება, მაგრამ ბოლომდე ვერც რუსეთთან მეგობრობს.

ბლოგერების პროგნოზით, მმართველი გუნდი გაიმარჯვებს, თუმცა დიდი საპროტესტო აქციების ფონზე.

ირაკლი კობახიძემ “ევროატლანტიკურ სოლიდარობას დაუფარავად შეაფურთხა,” - წერს პროკრემლისტური ტელეგრამარხი “მორდორის ხმა”.

ასე აფასებს არხი პრემიერ-მინისტრის მიერ “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის წარდგენას.

აშშ-სთან “ურთიერთობების გადატვირთვასთან” ერთად, “რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია," - თქვა 7 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ და ამომრჩეველს “პრაგმატულ პოლიტიკას” დაჰპირდა.

წინა დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ფეისბუკზე ახსენა “ქართული ოცნების” კიდევ ერთი საარჩევნო დაპირება - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

მან დაპოსტა, რომ ხელისუფლება არასდროს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მათთან ერთად კონფედერაციაში გაერთიანებაც გამორიცხა.

ამ ორმა განცხადებამ რუსეთის ყურადღება მიიქცია.

“საქართველო მიისწრაფვის რუსეთთან ურთიერთობების მაქსიმალური დარეგულირებისკენ. უახლოეს წლებში ეს მისი პრიორიტეტი იქნება.” - გამოაცხადა ულტრამემარჯვენე ტელევიზიამ, ცარგრადმა.

"მატარებელმა ჩაიარა"

რუსული მედია და კრემლის ერთგული ბლოგერები “ქართულ ოცნებას” ბოლო დროს ბევრს აკვირდებიან და ხშირად აქებენ კიდეც. განსაკუთრებით, “უცხოეთის აგენტებზე” კანონის მიღებისა და დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭებისთვის.

მაგრამ ახლა ისინი უფრო თავშეკავებულები არიან. მათი მტკიცებით, მამუკა მდინარაძის სულისკვეთება რეალობას მოკლებულია. ბლოგერები წერენ, რომ “ოცნება” დასავლეთს შორდება, თუმცა რუსეთთან მეგობრობა მართლა თუ უნდა, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

“საქართველო ჯერაც ფხიზლდება ვარდების რევოლუციის შემდეგ… 16 წელი დასჭირდა საიმისოდ, რათა გაეაზრებინა, რომ რუსეთთან მეგობრობა ეკონომიკურად მიზანშეწონილია” - წერს რუსული სამხედრო პროპაგანდის ერთ-ერთი ფლაგმანი, ტელეგრამარხი “ორი მაიორი”.

“თბილისის მრავალრიცხოვანი რევერანსები კრემლის მისამართით, ისევე როგორც მოსკოვის სიგნალები ქართველებს - დიდწილად მეოცნებეების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია” - ამტკიცებს ანონიმური არხი “საიდუმლო კანცელარია”.

რუსეთ-საქართველოს “სრულყოფილი მეგობრობა მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა ის [საქართველო] აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ეს კი აშკარად არ მოხდება უახლოეს მომავალში.” - წერს პროპაგანდისტული ტელეგრამარხი “მთელი რუსეთის ფედერაცია”.

რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სამხედრო ბლოგერი, ბორის როჟინი ირწმუნება, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნება უნდა დაივიწყოს.

“ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა. საქართველოს მაქსიმუმი აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების ნორმალიზებაა“ - წერს ის.

ისევ მაიდანი

მართალია მეგობრობა ჯერ ვერ გამოვიდა, მაგრამ Z-ბლოგერები “ოცნებას” მაინც გულშემატკივრობენ და იმედოვნებენ, რომ საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვლება.

ისევე, როგორც წლის დასაწყისში, ისინი დასავლეთს საპროტესტო აქციების მომზადებაში ადანაშაულებენ.

საქართველოსთან ურთიერთობა კი ლაგდება, “მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქება აქტუალური, თუკი “ქართული ოცნება” არჩევნებში გაიმარჯვებს და თბილისში მაიდანს არ დაუშვებს” - მარჩიელობს ბორის როჟინი.

ის ირწმუნება, რომ “მომავალი არჩევნები წყალგამყოფია და მრავალი წლით გადაწყვეტს საქართველოს მომავალს”.

“ეჭვგარეშეა, რომ არჩევნების დროს [დასავლეთი] ქუჩის პროტესტის შთაგონებას ეცდება, თუმცა დიდი შანსია ამით არ შემოიფარგლოს, ” - წერს Z-ბლოგერი მიხაილ ზვინჩუკი, რომელსაც 1,3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება რომ მზადდება, ამას კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიაც ამტკიცებს.

დასავლეთის მოწოდებები “უცხოეთის აგენტებისა” და ჰომოფობიური “ლგბტ პროპაგანდის” კანონების გაუქმებაზე საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში “უპრინციპო ჩარევაა” - წერს პროკრემლისტური გაზეთი, “როსიისკაია გაზეტა” (რუსული გაზეთი).

სტატიას ჰქვია “ხინკალი ბურგერის წინააღმდეგ” და მასში ავტორი ამტკიცებს, რომ ქართულ ოპოზიციას აშშ მართავს.

ბოლო კვირების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ლაპარაკობდნენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.

სექტემბერში, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ რომ საქართველო “ოს დებს და ძმებს” აგვისტოს ომისთვის ბოდიშს მოუხდის.

მოსკოვმა ეს სიტყვები მოიწონა და საქართველოს შესთავაზა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დალაგებაში დაგეხმარებითო.

თუმცა მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დააზუსტა, რომ “ურთიერთობების დალაგებისთვის” საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

“2008 წლის გადაწყვეტილებები [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება] გადახედვას არ ექვემდებარება” - თქვა ლავროვმა 4 ოქტომბერს, მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG