Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის 72-ე ბრიგადაში აცხადებენ, რომ უგლედარი მინიმალური დანაკარგებით დატოვეს


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი ჯარისკაცი დონეცკის ქალაქ უგლედარში
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი ჯარისკაცი დონეცკის ქალაქ უგლედარში

უკრაინის შეიარაღებული ძალების 72-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაში ამბობენ, რომ უგლედარიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია რთული იყო, მაგრამ ქალაქიდან გასვლამ მის დამცველებს დანაკარგის მინიმიზების შესაძლებლობა მისცა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში ისაუბრა უკრაინის 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის პრესოფიცერმა არსენი პრილიპკომ.

"მოხდა დაჭრილების ევაკუაცია, პირობები ძალიან რთული იყო, რადგან მტერი ფლანგებიდან გვიტევდა და ეს ლოგისტიკას ძალიან ართულებდა. მაგრამ დაჭრილები გაგვყავდა. ბუნებრივია, ეს არის ომი. იქ დანაკარგების გარეშე შეუძლებელია. მაგრამ იმის გამო, რომ [ქალაქიდან] სხვა პოზიციებზე გადავინაცვლეთ და დავიკავეთ იგი, ამით მაქსიმალურად შევამცირეთ დანაკარგი", - განაცხადა პრილიპკომ.
72-ე ბრიგადის წარმომადგენელმა უგლედარის დატოვება იმით ახსნა, რომ ქალაქის შემდგომი შენარჩუნება კრიტიკულად რთული იქნებოდა და ქვედანაყოფს უფრო მეტი დანაკარგი ექნებოდა.

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიის დანაყოფები უგლედარში შევიდნენ.

2 ოქტომბერს უკრაინის ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ სარდლობამ დონეცკის ქალაქ უგლედარიდან უკრაინის ქვედანაყოფების გაყვანა დაადასტურა. ეს მოხდა „პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის შენარჩუნების, შემდგომი საბრძოლო მოქმედებებისათვის ახალი პოზიციების დაკავების მიზნით", - ნათქვამია „ხორტიცას“ განცხადებაში.

ვაშინგტონის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, რუსეთის მიერ უგლედარის ხელში ჩაგდება, სავარაუდოდ, არსებითად არ შეცვლის საბრძოლო მოქმედებების მსვლელობას დონეცკის ოლქის დასავლეთით, რადგან ქალაქი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კვანძს.

რუსი ბლოგერები კი პირიქით, ხაზს უსვამენ უგლედარის სტრატეგიულ ადგილმდებარეობას.
ქალაქიდან აღმოსავლეთით 18 კმ-ში გადის რკინიგზა, რომლითაც რუსეთის არმიას შეუძლია ჯარებისა და აღჭურვილობის გადასროლა დონეცკი-ვოლნოვახის ხაზის მიმართულებით და უფრო შორს, სამხრეთში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG