რუსეთის ჯარები ახლოს არიან დონეცკის რეგიონის ქალაქ უგლედარის აღებასთან, ქალაქისა, რომელიც, ორწლიანი სასტიკი თავდასხმების მიუხედავად, ბოლო მომენტამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ რჩება.
დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვადიმ ფილაშკინმა დაადასტურა, რომ ბრძოლები ქალაქ უგლედარის საზღვრებში მიმდინარეობს.
"ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქში (უგლედარში), ამიტომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება თითქმის შეუძლებელია", - წერს ტელეგრამში ვადიმ ფილაშკინი.
მისივე თქმით, დასახლებულ პუნქტში ჯერ კიდევ რჩება 107 მცხოვრები.
"საბედნიეროდ, ყველა ბავშვი უკვე ევაკუირებულია იქიდან", - აცხადებს დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
უკრაინული პროექტი Deep State-ი 1 ოქტომბერს იუწყება დასავლეთიდან და სამხრეთიდან რუსეთის ჯარების ქალაქში შესვლის თაობაზე.
პროექტი გამუდმებით აახლებს საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის ამსახველ თავის რუკას, რომლის თანახმად, რუსეთის ჯარები უგლედარის აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე დღის წინ შევიდნენ.
Deep State-მა მოახდინა რუსი სამხედრო ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალის გეოლოკაცია, რომლის თანახმად, რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, ქალაქის დასავლეთ გარეუბანში, სულ მცირე, ორ სახლზე აღმართეს სახელმწიფო დროშები.
DeepState-ის პროექტ OSINT-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქალაქ უგლედარის დაცემა რამდენიმე დღის საკითხია.
კრიტიკულია უგლედარში დარჩენილი ქალაქის დამცველების, უკრაინის შეიარაღებული ძალების 72-ე მექანიზებული ბრიგადის მებრძოლთა მდგომარეობა. რუსეთის ალყის შედეგად უკიდურესად რთულია ქალაქში მყოფი უკრაინული გარნიზონის ლოგისტიკური უზრუნველყოფა.
ვაშინგტონის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, რუსეთის მიერ უგლედარის ხელში ჩაგდება, სავარაუდოდ, არსებითად არ შეცვლის საბრძოლო მოქმედებების მსვლელობას დონეცკის ოლქის დასავლეთით, რადგან ქალაქი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კვანძს.
რუსი ბლოგერები კი პირიქით, ხაზს უსვამენ უგლედარის სტრატეგიულ ადგილმდებარეობას.
ქალაქიდან აღმოსავლეთით 18 კმ-ში გადის რკინიგზა, რომლითაც რუსეთის არმიას შეუძლია ჯარებისა და აღჭურვილობის გადასროლა დონეცკი-ვოლნოვახის ხაზის მიმართულებით და უფრო შორს, სამხრეთში.
ფორუმი