Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის აღდგენისკენ მიმართულ დახმარების დეკლარაციას 30-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი


"დიდი შვიდეულის" (G7) რამდენიმე ქვეყნის ლიდერი
"დიდი შვიდეულის" (G7) რამდენიმე ქვეყნის ლიდერი

„დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ქვეყნებმა და ოცზე მეტმა სხვა ქვეყანამ ხელი მოაწერეს უკრაინის რეკონსტრუქციაში დახმარების შესახებ დეკლარაციას.

დოკუმენტში ქვეყნები ადასტურებენ თავიანთ წინა ვალდებულებებს. "ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინასა და მის ხალხს სამხედრო, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული და სარეკონსტრუქციო მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ დღესაც და მომავალშიც", - ნათქვამია დეკლარაციაში.

სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაყინული რუსული აქტივები ასეთად დარჩება მანამ, სანამ რუსეთი აგრესიას არ შეწყვეტს და უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ გადაიხდის. დეკლარაციაში ასევე მეორდება, რომ მომავალში უკრაინაზე გაცემული სესხები რუსეთის გაყინული თანხების ხარჯზე დაიფარება. გარდა ამისა, დაგეგმილია კერძო სახსრების მოზიდვა ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის.

დეკლარაციის ხელმომწერთა მიერ დაპირებული დახმარება მიმართული იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მშენებლობაზე, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, სოციალური მდგრადობის მხარდაჭერასა და პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებაზე.

13 ივნისს, "დიდი შვიდეულის" (G7) სამიტამდე, ჯგუფის წევრები დათანხმდნენ აშშ-ის წინადადებას, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გირაოდ დაეყრდნოს რუსეთის გაყინულ ქონებას. ეს შეთანხმება წარმოადგენს კიევისთვის გამოცხადებულ მძლავრ მხარდაჭერას, მაშინაც კი, თუკი ევროპის პოლიტიკურ სივრცეში მემარჯვენე სპექტრის ძალები ძლიერდებიან.

„დიდი შვიდეული" (G7) აერთიანებს ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, იაპონიასა და კანადას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG