Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის მსხვილი სესხის გამოყოფის შესახებ გააკეთა განცხადება


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარჯვნივ) ბერლინში მასპინძლობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. 14 მაისი, 2023.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარჯვნივ) ბერლინში მასპინძლობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. 14 მაისი, 2023.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 50 მილიარდი ევროს ოდენობის ახალ სესხს გამოუყოფს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. მოსალოდნელია, რომ სესხის თანხების მობილიზება მოხდება ევროპაში გაყინული რუსული აქტივების პროცენტებიდან.

დასავლელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ეს აქტივები შეიძლება შევიდეს უკრაინისთვის განკუთვნილ რეპარაციაში და გამოყენებულ იქნეს სესხის დასაფარად.

„ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას: 50 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით, რომლის ორგანიზებასაც ვახდენთ G7-თან ერთად“, - თქვა შოლცმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანია რჩება უკრაინის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად ევროპაში. მისი თქმით, ეს სესხი უკრაინას საშუალებას მისცემს, მეტი იარაღი შეიძინოს.

გარდა ამისა, დღეს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ის უკრაინისთვის საბრძოლო მასალას შეიძენს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების ხარჯზე. უწყების ცნობით, საბრძოლო მასალის მიწოდება უახლოეს თვეებში დაიწყება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფის გეგმაზე.

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი ლარს კალმფორსი Financial Times-ისთვის დაწერილ სტატიაში აღნიშნავს, რომ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა შესაძლებელია თითოეული ცალკეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე.

მისი აზრით, უკრაინის მხარდაჭერისთვის წელიწადში დაახლოებით 265 მილიარდი დოლარით ევროკავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მშპ-ს მხოლოდ 0,45% უნდა გამოყონ. ამასთან, სხვადასხვა შეფასებით, ომზე რუსეთის დანახარჯები წელიწადში დაახლოებით 140 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG