ავტორი: ირაკლი ქობალია
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და მათმა მოკავშირეებმა რუსეთს დაახლოებით 300 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაუყინეს.
ბლოკირებული ანგარიშების, ფასიანი ქაღალდების და დეპოზიტების საერთო ჯამი რუსეთის მთლიანი რეზერვების ნახევარს შეადგენს.
აქტივების ბლოკირების მომენტიდან დასავლეთი მსჯელობს როგორც შეიძლება უკრაინამ ეს აქტივები სამხედრო სფეროსა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოიყენოს. მიმდინარე გათვლებით, მხოლოდ უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციას 486 მილიარდი ევრო სჭირდება.
ევროკავშირი უკრაინას გაყინული აქტივებით გამომუშავებულ მოგებას ახლო მომავალში გადასცემს. ეს აქტივები წლიურად დაახლოებით სამ მილიარდ ევროს გამოიმუშავებს. რეზერვების სრულად ათვისებასთან შედარებით ეს მოკრძალებული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი დახმარებაა.
დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ მაისში დამტკიცებული გეგმის მიხედვით, უკრაინას 50 მილიარდი ევროს სესხი წინსწრებით გადაეცემა, რაც აქტივებზე დარიცხული მოგებით დაიფარება.
რა უშლის ხელს რუსეთისთვის აქტივების სრულად ჩამორთმევას?
სუვერენული აქტივების კონფისკაცია რთული და კომპლექსური საკითხია. ამ გადაწყვეტილების მიღება სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებთან არის დაკავშირდებული, რის გამოც ის ნაკლებად მოსალოდნელია.
საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური კონტექსტი
სახელმწიფო აქტივებს საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული სახელმწიფო იმუნიტეტის პრინციპი იცავს. აქტივების სხვა სახელმწიფოებისა და ინსტიტუციების მიერ განკარგვისთვის სამი კანონიერი გზა არსებობს. ესენია:
- გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვერდიქტი
- სამშვიდობო შეთანხმება
ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტები არარეალისტურია იმიტომ, რომ ყოველი მათგანი რუსეთის მხრიდან თანხმობას ან თანამშრომლობას საჭიროებს.
რუსეთის აქტივებთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები მზადაა ხისტად იმოქმედოს, როგორც სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ერაყის აქტივების ჩამორთმევისას.
კონგრესმა აპრილში უკვე მიიღო საკანონმდებლო აქტი, რითაც პრეზიდენტ ბაიდენს ამერიკაში არსებული რუსული აქტივების კონფისკაციის უფლებამოსილებას ანიჭებს. თუმცა ამერიკაში რუსეთის საერთაშორისო რეზერვების მხოლოდ 2%-ია თავმოყრილი. მათი ძირითადი ნაწილი ბელგიურ, გერმანულ და ფრანგულ ფინანსურ ინსტიტუტებშია განთავსებული. შესაბამისად, ამ საკითხში ევროკავშირის გადაწყვეტილებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენის პოზიციაა, რომ ევროკავშირმაც ამერიკის მსგავსად უნდა იმოქმედოს. ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროპარლამენტი და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოც უჭერს მხარს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპიდან. თუმცა გერმანიას, საფრანგეთს და ბელგიას უფრო თავშეკავებული პოზიციები აქვთ სამართლებრივი და ეკონომიკური მიზეზების გამო.
რუსული აქტივების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 200 მილიარდი ევრო, ბელგიაშია და ეს ქვეყანა საპასუხო ეკონომიკური და პოლიტიკური დარტყმის რისკებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანმდება თუ მისი დიდი მეზობლები მათ თანაბრად გაიზიარებენ.
ეკონომიკური არგუმენტები
დოლარის გლობალური გავლენა შეერთებულ შტატებს რისკიანი სვლებისთვის მეტ სივრცეს აძლევს. მსოფლიო სავალუტო რეზერვების დაახლოებით 60% დოლარში ინახება. ამ მაჩვენებელში ევრო დოლარს სამჯერ ჩამორჩება.
ევროპის ცენტრალური ბანკი შიშობს, რომ სამართლებრივად არაერთგვაროვან გადაწყვეტილებას ევროკავშირისთვის დამაზიანებელი შედეგები მოყვება.
მდიდარი ქვეყნების, მათშორის ავტოკრატიების, ცენტრალურმა ბანკებმა შეიძლება ევრო და ევროპული სახელმწიფო ბონდები ნაკლებად სასურველ ინვესტიციებად მიიჩნიონ.
ევროზე გლობალური მოთხოვნის კლება, თავის მხრივ, საგადასახადო შემოსავლებს შეამცირებს, სესხებს გააძვირებს და ინფლაციის სტიმულირებას მოახდენს.
კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთთან ფინანსურ ომს ნიშნავს. რუსეთი შეეცდება გასაჩივრების გზით აქტივები არა მხოლოდ მოსკოვისთვის არამედ ბრიუსელისთვისაც უსარგებლო გახადოს. მოსკოვის შემდეგი ნაბიჯი უფრო რადიკალური იქნება. ის სავარაუდოდ დასავლელი ინვესტორების ანგარიშებზე არსებულ თანხებს მიისაკუთრებს.
კერძო საკუთრების სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ხელყოფა უკანონობაა, მაგრამ რუსეთს მსგავსი რამ ადრეც ჩაუდენია. ასეთი გადაწყვეტილება ევროპულ კომპანიებს რუსული აქტივების ჩამოწერას აიძულებს.
ევროპული ინსტიტუტები, რომლებიც რუსული აქციებით და ბონდებით ვაჭრობენ საერთაშორისო დავების სამიზნეები გახდებიან. ამან პოტენციურად მსხვილი გაკოტრებები შეიძლება გამოიწვიოს. თუ დიდი კორპორაციები ბრიუსელის გადაწყვეტილების შედეგად გაკოტრდებიან, ევროკავშირს მათი დახსნაც მოუწევს, რაც ძალიან ძვირი ეღირება.
ევროკავშირის გათვლები მისი გრძელვადიანი განვითარების მიზნებსაც გაითვალისწინებს. გლობალური მასშტაბით სუვერენულ ფონდებში თავმოყრილი თანხა თერთმეტ ტრილიონ ევროს აღწევს. ამ ფონდების მნიშვნელობა მზარდია კრიტიკული ინდუსტრიების განსავითარებლად, ინოვაციის ხელშესაწყობად და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
ევროკავშირის ეკონომიკური ინტერესია, რომ ამ ფონდებისთვის უსაფრთხო და სასურველი საინვესტიციო სივრცე იყოს.
პოლიტიკური წინაღობები
ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოს, გერმანიას, სხვა წუხილებიც აქვს.
საერთაშორისო სასამართლომ ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის კომპენსაციების ახალი ტალღისგან გერმანია სწორედ სახელმწიფო იმუნიტეტის პრინციპის საფუძველზე დაიცვა. გერმანია ეცდება საერთაშორისო სამართლის ის ნორმა არ შეასუსტოს, რომელიც მას მასშტაბურ ფინანსურ ვალდებულებებს არიდებს.
კიდევ ერთი სირთულე ევროკავშირის კონსესუსის წესშია. რუსეთის მეგობარ უნგრეთს შეუძლია კონფისკაციის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ხელი შეუშალოს.
გარდა ამისა, ივნისის ევროპული არჩევნების შემდეგ, ევროკავშირს ახალი ლიდერები მხოლოდ შემოდგომის ბოლოსკენ ეყოლება. იქამდე ევროკავშირი შორსმიმავალ გადაწყვეტილებებს თავს აარიდებს.
ევროკავშირი გააგრძელებს რუსული აქტივების კონფისკაციის განხილვას იმიტომ, რომ რუსეთის შესაძლო სამხედრო წარმატება არანაკლებ დამაზიანებელი იქნება საერთაშორისო წესრიგის და ევროპის ფინანსური სტაბილურობისთვის, ვიდრე სამართლებრივად პრობლემური გადაწყვეტილების მიღება.
ამასთანავე, გადასახადების გადამხდელების ფულის საზღვარგარეთის ომებში ხარჯვა რთულდება. ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს ექვსი თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ უკრაინისთვის ერთობლივად ასი მილიარდი ევრო გამოეყოთ.
უკრაინას ბევრად დიდი დახმარება სჭირდება, როგორც ომის მოსაგებად, ასევე ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის. ამიტომ, უფრო გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად ევროკავშირზე წნეხი ნარჩუნდება. თუმცა, მკაფიო სამართლებრივი გზების არ არსებობის და წევრი ქვეყნების არგუმენტების გათვალისწინებით, კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის.
ევროკავშირი ფრთხილად აწონის ევროსა და ზოგადად ეკონომიკასთან დაკავშირებულ რისკებს. კრემლისთვის მხოლოდ მის რეზერვებზე დარიცხული მოგების ჩამორთმევა ვერ პასუხობს უკრაინის კოლოსალურ საჭიროებებს, მაგრამ ევროკავშირი დღეისთვის ამით შემოიფარგლება.
ევროკავშირის ახლანდელ პოზიციას ორი მნიშვნელოვანი შედეგი მოყვება.
- მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი აირიდებს კონფისკაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ეკონომიკურ გართულებებს. ამავდროულად, ის უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.
- გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინისთვის ჯერჯერობით გაწეული დახმარება ომის მოსაგებად არასაკმარისია. თუ დასავლეთი ამ გამოწვევას სათანადო პასუხს მომავალშიც ვერ მოუძებნის, მისთვისვე მიყენებული ზიანი ბევრად დრამატული შეიძლება აღმოჩნდეს.
ფორუმი