ავტორი: გიორგი უგულავა
პლატონს თავის „სახელმწიფოში“ აქვს ასეთი დებულება, რომ სახელმწიფოს წყობა, მისი პოლიტიკური ფორმა, ადამიანის სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარეობს და მას შეესაბამება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო ისეთია, როგორიც არიან მისი მოქალაქეები, როგორიც ვართ ჩვენ.
„საქართველო: ქვეყნის პორტრეტი“- ასეთი წიგნი გამოსცა 2018 წელს გერმანელმა დიპლომატმა, დიტერ ბოდენმა. ის 90-იანებში ეუთო-ს და გაეროს სადამკვირვებლო მისიებს ხელმძღვანელობდა საქართველოში. ძირითადად, აფხაზეთის და კონფლიქტის გადაწყვეტის მიმართულებით მუშაობდა. საქართველო და, ზოგადად, კავკასია კარგად იცის.
ამ წიგნში გერმანელი დიპლომატი დადებითად აფასებს საქართველოს ყველა მთავრობას, რომელიც კი აქამდე გვყოლია და რომელთაც, უმეტეს შემთხვევაში, უფრო ცუდად ვიხსენებთ ხოლმე, ვიდრე კარგად.
ამის მიზეზი ის არის, რომ ბოდენი რეალისტურ სურათს ხედავს. ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას არ აქვს საფუძველი, ფუნდამენტი, სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომაც მისი მოლოდინები მინიმალისტურია - მეტს რას უნდა ელოდეთ ახალგაზრდა სახელმწიფოსგან ძალიან რთულ რეგიონში ტოტალიტარული წარსულის გამოცდილებით?!
სტანდარტული დასავლურ ევროპული აღქმაა, განსაკუთრებით სახასიათო გერმანული პოლიტიკური სკეპტიციზმისთვის. ამას პირდაპირ არ ამბობს, თუმცა განწყობა ჩანს - ამ მოცემულობაში ცოტათი უნდა დაკმაყოფილდეთ, ეს არის თქვენი რეალური შესაძლებლობებიო. ანუ ის სახელმწიფო გაქვთ, რომელსაც იმსახურებთო - ზემოთ ხსენებული პლატონისეული დებულების არ იყოს.
21 წელია რუსთაველზე სხვადასხვა ტიპის პროტესტის მონაწილე ვარ. მახსოვს ამ პროტესტების სიდიდე, მუხტი, დინამიკა, მოტივაცია და სოციალური შემადგენელიც. ის, რაც ბოლო 3 წელია საქართველოში ხდება, თავისი არსით ჩვენი ყოფისთვის უნიკალური მოვლენაა. ეს არის პროტესტი, პრაქტიკულად, პოლიტიკური ორგანიზაციის გარეშე. ეს არის პროტესტი, რომელიც ხალხიდან, ქვემოდან ზემოთ მოდის. პროტესტი, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ის თაობაა, რომელიც უკვე თავისუფალ საქართველოში დაიბადა და ჩამოყალიბდა. ეს არის საზოგადოებრივი, სახალხო პროტესტი და ამ პროტესტში იბადება ახალი ტიპის სამოქალაქო საზოგადოება.
ამერიკელი მკვლევარი, ლარი დაიმონდი, თავის წიგნში, „დემოკრატიის განვითარება, კონსოლიდაციისკენ“, სამოქალაქო საზოგადოების შესახებ ყველაზე მარტივ და კლასიკურ განმარტებას იყენებს: „ეს არის საზოგადოების ნებაყოფლობითი ორგანიზება, როდესაც მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეთა ერთობაა, რომელიც თავისუფალია სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევისგან“.
„რუსულ კანონზე“ ბევრი და ბევრნაირად ითქვა, თუმცა, ნაკლებად მის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტზე. ნებისმიერი ავტორიტარიზმი დგას ეკონომიკური ბერკეტების სრულ კონტროლზე. მოქალაქე ვერ იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე. სწორედ ამიტომ უძველეს დემოკრატიებში, იქნებოდა ეს ძველი ბერძნული, თუ უფრო თანამედროვე, ახალი დროის“ ამერიკული და ბრიტანული დემოკრატიები, სრულფასოვანი მოქალაქეობისთვის, სახელმწიფოს ცხოვრებაში პოლიტიკური მონაწილეობის უფლებისთვის თავისებური ქონებრივი ცენზიც არსებობდა. იყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე ფუფუნებაც არის.
ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების შესაზღუდად ავტორიტარიზმი ცდილობს, აკონტროლოს ამ თავისუფლებების წყარო - ფინანსური ნაკადები. ავტორიტარიზმისთვის იდეალური და სახასიათო ის მოდელია, რომელშიც მოქალაქე სისტემაზეა დამოკიდებული - მინიმალური ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებებით. თვითგადარჩენის ზღვარზე მყოფი ადამიანი, რომლის საარსებო მინიმუმი სისტემაზეა დამოკიდებული, ავტორიტარიზმისთვის „იდეალური მოქალაქეა“.
საქართველოშიც ავტორიტარიზმისკენ გიგანტური ნაბიჯებით მიმავალი სისტემა აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს. დიდი ბიზნესი დიდწილად ხელისუფლების ლოიალურია ან პირდაპირ კონტროლდება. პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრცის დისკრედიტაციაზე სისტემამ ბევრი იმუშავა - წლების განმავლობაში ზრდიდა საჯარო სექტორს და სახელმწიფოზე სხვადასხვა ფორმით ეკონომიკურად დამოკიდებული მოქალაქეების რიცხვს.
ამ პირობებში ავტორიტარული სისტემის ბუნებრივი მტერი ის ეკონომიკურად და სოციალურად დამოუკიდებელი, საშუალო ფენაა, რომელიც ბოლო წლებია ნელ-ნელა ყალიბდება. ამ სოციალური ჯგუფის თავისუფლებას დასავლურ ფინანსურ, ინტელექტუალურ, ინფორმაციულ თუ ღირებულებით რესურსებზე წვდომა უზრუნველყოფს. წვდომა. შეგიძლია ხმამაღლა აკრიტიკო ის, რაც არ მოგწონს, მათ შორის სოციალურ ქსელებში, რადგან ეკონომიკურად დაცული ხარ. შენი შემოსავალი პირდაპირ სახელმწიფოს, ანუ ჩვენს შემთხვევაში, ავტორიტარული სისტემის, კეთილგანწყობაზე არ არის დამოკიდებული.
სისტემას ეს არ მოსწონს და „აგენტების კანონს“ პოლიტიკურის გარდა, სოციალურ-ეკონომიკური მიზანიც აქვს - შეზღუდოს დასავლეთზე ფინანსურ-ინფორმაციული წვდომა. ეს არხები უნდა შემცირდეს, გაკონტროლდეს, ხოლო მის ბენეფიციარებს „აგენტები“, „ჯაშუშები“ და „მოღალატეები“ ერქვათ.
ჯამში კანონის მიზანი თავისუფლების და თავისუფალი მოქალაქეების შეზღუდვაა, მათთვის საფუძვლის, მათ შორის, ეკონომიკური საფუძვლის გამოცლა. საბოლოო შედეგი სამოქალაქო საზოგადოების დანგრევაა, რადგან თავისი არსით სამოქალაქო საზოგადოება მრავალფეროვანი, დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი სოციალური სხეულია. ავტორიტარიზმს კი ამის დაშვება არ შეუძლია.
იმ ბევრ სპორტსმენსა თუ ხელოვანს შორის, რომელთაც რუსული კანონის, ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის ფაქტობრივი ცვლილების და მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ თავისი პოზიცია დააფიქსირეს, ერთ-ერთი პირველი და შეიძლება ყველაზე ხმამაღალი ილია თოფურია იყო. ჩემპიონი კაცი, რომელიც რამდენიმე წლის წინ სანაპიროზე შეზლონგების ტარებით ირჩენდა თავს და თავისი შრომით, ნიჭით და რწმენით იმ სიმაღლეს მიაღწია, რასაც ჰქვია - მსოფლიოში საუკეთესო, ნომერი პირველი. ილია თოფურიამ თავისი თავი თვითონვე შექმნა, დამოუკიდებელია ეკონომიკურად, პროფესიულად, ადამიანურად და თავისი პოზიციის დაფიქსირება არ ეშინია. ის არ არის სახელმწიფოს მიერ პრივილეგირებული სოციალური ჯგუფის წევრი, ის ამ სიმაღლემდე თავისი ფეხით ავიდა. თავისებურად ახალი საქართველოს სიმბოლოა. ასეთი სიმბოლოები თავისი პირადი, დამოუკიდებელი წარმატების გზით, ბოლო პერიოდში ბევრი გაჩნდა - ილია მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. შემთხვევითი არ იყო, რომ სპორტსმენების თუ ხელოვანების დიდი ნაწილი მათზე წნეხის მიუხედავად, არ მოერიდა თავისი აზრის გამოხატვას.
ლოგიკურია, რომ საფრთხე ყველაზე მეტად სტუდენტობამ, და ზოგადად, ახალგაზრდობამ იგრძნო. იმ თაობამ, რომელიც სოციალურად, ეკონომიკურად სახელმწიფოზე მიბმული ჯერ კიდევ არ არის. მათ შორის არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც, სწავლის პარალელურად, მიტანის სერვისში, სუპერმარკეტებში და ბევრ სხვა, მატერიალურად ნაკლებად მომგებიან, თუმცა ძალიან ღირსეულ პოზიციებზე მუშაობენ. მათი თავისუფლების წყარო და გარანტი მათივე მძიმე შრომაა.
სოციალური დამოუკიდებლობის გარდა ამ თაობას აქვს ინფორმაციული დამოუკიდებლობაც. ის მიჩვეულია, რომ ინფორმაციის ბევრ ნაკადს იღებდეს და მისი ანალიზის გზით თავისი მოსაზრება ჰქონდეს. პროპაგანდა ამ თაობაზე არ მუშაობს. განათლების სისტემაში არსებული ბევრი ხარვეზის და მძიმე სოციალური ყოფის ფონზე, ჩვენ გვაქვს ყველაზე მთავარი, თუნდაც მეტ-ნაკლები თავისუფლება.
დასავლურმა განათლებამ, რომელიც ბოლო ათწლეულებში ხელმისაწვდომი ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქისთვის გახდა, ვიზა ლიბერალიზაციამ, არაფორმალურმა განათლებამ, ისეთმა, როგორიც, მაგალითად, იუტუბია, დასავლურ ინფორმაციულ თუ ფინანსურ ნაკადებთან წვდომამ ახალი თაობა შექმნა. საშუალო ფენასთან, რომელიც პრინციპში ყველა თაობას აერთიანებს, ერთად ეს ახალი სამოქალაქო საზოგადოების საფუძველია.
დღეს ის სრულად ასრულებს იმ მთავარ ფუნქციებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს: ალმონდისა და ვერბას მიხედვით, ეს არის საზოგადოების მეტი ინფორმირების გზით სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვა, მთავრობის საქმიანობის მონიტორინგი და მოქალაქეთა პოლიტიკურ პროცესში თანამონაწილეობის უზრუნველყოფა. ბენჯამინ ბარბერის მიხედვით კი, დემოკრატიული ფასეულობების და ნორმების განვითარება.
ეს არის ის იდეალები, რომლებსაც ჯერ კიდევ არისტოტელე სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე ადრეულ კონცეფციაში, თავის „პოლიტიკაში“ ავითარებს.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიდეთ ახალ ქართულ რესპუბლიკამდე, ახალ სახელმწიფომდე. თითქმის ორასწლიანმა ჯერ რუსულმა, და შემდეგ საბჭოთა ოკუპაციამ საქართველო ფუნდამენტურ ისტორიულ პროცესებს ჩამოაშორა. XVIII საუკუნის ქართული სამეფო-სამთავროები, რუსულ ოკუპაციამდე, განვითარების უფრო შუა საუკუნეობრივ საფეხურზე იმყოფებოდნენ. გრძელი თემაა, თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ - ეს იყო კონსტანტინოპოლის დაცემის, ევროპისგან იზოლირების, გეოპოლიტიკურ პერიფერიად ქცევის და იმპერიების გარემოცვაში მარტო დარჩენის შედეგი. იმის, რასაც ახლაც გვპირდებიან სხვადასხვა ტიპის ნეიტრალიტეტის თუ ე.წ. „სუვერენიტეტის“ სახელით. რეალურად, ეს ქართული სახელმწიფოებრიობის გაწირვის ფორმულაა.
საქართველო აღმოჩნდა ევროპული მასშტაბით ძალიან რეაქციული და ყველაზე ცუდი გაგებით ულტრაკონსერვატიული, ჩამორჩენილი რუსეთის იმპერიის ფარგლებში. მის პერიფერიად იქცა. შედეგად, დიდწილად გამოტოვა XIX საუკუნის დიდი ევროპული პროცესები - ინდუსტრიული რევოლუცია, თანამედროვე კაპიტალიზმის და ბიზნესების ჩამოყალიბება, დემოკრატიული ტრანსფორმაცია, კონსტიტუციების და პარლამენტების შექმნა, სოციალური მოძრაობები და პარტიული დემოკრატიის განვითარება.
„საქართველო ისე უნდა განვიხილოთ, როგორც კოლონია, რომელიც დაამზადებს რა ნედლ მასალას ჩვენი ფაბრიკებისთვის, რუსეთიდან ჩამოიტანს მანუფაქტურულ ნაწარმს. საქართველოში მანუფაქტურების დაარსების შემთხვევაში კი, დაირღვევა საქართველოს კავშირი და ურთიერთობა რუსეთთან“, - წერდა მთავარმართებელი ივან პასკევიჩი, რუსეთის იმპერიის ფინანსთა მინისტრი.
ეს ავტორიტარიზმისა და კოლონიალიზმისთვის კლასიკური ეკონომიკური პოლიტიკაა - გაქციოს იმპერიის პროდუქციის გასაღების ბაზრად. წარმოების, ანუ მანუფაქტურის და ინდუსტრიის განვითარება არ შეიძლება, რადგან ეს ეკონომიკურად დამოუკიდებელ ადამიანებს აჩენს, საშუალო კლასს აყალიბებს, ის კი მერე პოლიტიკურ უფლებებსაც მოითხოვს.
რუსულმა იმპერიულმა ხელისუფლებამ იმდროინდელ ქართულ თავად-აზნაურობას, ეკონომიკური პრივილეგიების სანაცვლოდ, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფუნქცია ჩამოართვა. რუსულ სამხედრო სამსახურში გზა ხსნილია, რუსულ სისტემაში ინტეგრაციაში სოციალურ პრივილეგიებს მიიღებ, თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ფუნქციაზე უარი უნდა თქვა.
ამ სოციალურ არაფრობას, ფუნქციის დაკარგვას, ბრწყინვალედ აღწერს ილია ჭავჭავაძე „კაცია-ადამიანში?!“. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ყირიმის ომი მიდის, დიდი ევროპული ომია. ლუარსაბ თათქარიძეს კი, თავისებური შეთქმულების თეორია აქვს ამ ომის მიზეზებსა და მსვლელობაზე. შეთქმულების თეორიები, რომლებიც სრული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სიბრიყვის, დეგენერაციის და განათლების დეფიციტის ფონზე, იოლად იკიდებს ფეხს საზოგადოებაში, ამ სოციალური არაფრობის პირდაპირი შედეგია.
1831 წელს გენერალი ივანე აფხაზი ახალგაზრდებს მიმართავს: „ღმერთო, რუსებს ნუ მიიყვან ისეთ განწირულობამდე, რომ იძულებულნი გახდნენ, საქართველო დატოვონ“. ჯერ ისწავლეთ, ცოტა აზრზე მოდით და 100 წლის მერე ვილაპარაკოთ დამოუკიდებლობაზეო.
იმ იმპერიის პერიფერიის, მინიმალურ თავისუფლებაშიც კი, ეს ახალგაზრდები, ილია ჭავჭავაძე და 60-იანელების თაობა, ახერხებენ თანამედროვე საქართველოს ფუნდამენტის შექმნას. ქმნიან ქართულ კულტურულ იდენტობას, იწყებენ ეროვნულ მოძრაობას და რაც ხშირად გვავიწყდება ხოლმე, ევროპულ ტრადიციასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცვლიან მთელ ქართულ საზოგადოებას - შემოაქვთ დემოკრატიული იდეალების, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების, ბიზნესის, ეკონომიკური და სოციალური დამოუკიდებლობის, განათლების, პოლიტიკური ჩართულობის კულტურა.
პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთის იმპერიის ნგრევასთან ერთად, ამ საფუძველზე დაიბადა. ილიას გზა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების შექმნაზე გადის - ქვემოდან ზემოთ ცვლილებაზე - განათლების, პროფესიონალიზმის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ჩართულობის გზით.
ძალიან ბოროტი, საბჭოთა ტოტალიტარული სისტემისა და 70 წელიანი რკინის ფარდის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობისთვის მზად არ აღმოვჩნდით - ინერციით, პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესი ზემოდან ქვემოთ მიდიოდა, ლიდერების, სახელების გარშემო იყო გაერთიანებული და აწყობილი, პარტიული დემოკრატია სრულფასოვნად ვერ განვითარდა - დემოკრატიზაცია ფრაგმენტულ პროცესად იქცა.
ის, რასაც ახლა ვხედავთ, დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებასთან ერთად, ავტორიტარული სისტემის და ახლად ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლაც არის. ორივე ერთად ვერ იარსებებს - არსობრივად, კონცეპტუალურად მიუღებელი და შეუთავსებელია. ავტორიტარიზმის გამარჯვება რუსულ-პოსტსაბჭოურ წარსულში დარჩენა იქნება, სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვებას კი სხვა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი რეალობის შექმნა შეუძლია. ეს იქნება დიდი ნაბიჯი ევროპული სახელმწიფოსკენ, რაც ამ გამოტოვებული ისტორიული ეტაპების ერთი დიდი ნახტომით დაფარვას ნიშნავს.
ფორუმი