Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: სანქციებს არ ვაანონსებთ, ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით


საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის დროშა
საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის დროშა

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შესაძლო სანქციების დაწესებას არ აანონსებენ, თუმცა ამბობენ, რომ "ძალიან შეშფოთებული" არიან საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით.

საელჩომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა.

"ჩვენ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს და ჩვენ არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და ნეგატიური რიტორიკით აშშ-სა და დასავლეთის მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა [ენტონი] ბლინკენმა განაცხადა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ყოვლისმომცველი მიმოხილვა გაგრძელდება მთავრობის ქმედებების საპასუხოდ. ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი", - წერია საელჩოს პრესსპიკერის სახელით მიღებულ პასუხში.

20 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტები მუშაობენ.

საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრების სანქცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოწოდებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ მედია- და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებად“ რეგისტრაციას ავალდებულებს. პარლამენტმა კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია, 3 ივნისს კი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე კახა კალაძემ თქვა, რომ სანქციებს არ ელოდნენ.

16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იმავე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, სანქციები დაუწესა.

აშშ ასევე აცხადებს, რომ „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ დამატებით 60-ზე მეტ ოჯახს სავიზო აკრძალვებს დაუწესებს. იმავე მიზეზით სანქცია უკვე დაუწესდა საქართველოს 30 მოქალაქეს.

17 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის სანქცირება „არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG