რუსეთის სახელმწიფო დუმამ 12 ნოემბრის სხდომაზე მეორე და მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ე.წ. "ჩაილდფრის” (ინგლ. Childfree) - ნებაყოფლობით შვილის არყოლის პროპაგანდას.
ამის შესახებ იტყობინება "კომერსანტი" და რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი.
კანონი ითვალისწინებს „ნებაყოფლობით შვილის არყოლის” შესახებ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას ინტერნეტით, მედიით, კინოსა და რეკლამის მეშვეობით.
კანონის დარღვევის შემთხვევაში, რესურსებს, რომლებიც მსგავს ინფორმაციას მოიცავენ, შეიტანენ კომუნიკაციის სფეროში რუსეთის ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის, "როსკომნადზორის" აკრძალულ საიტთა რეესტრში.
ფილმებს, რომლებიც შეიცავენ ნებაყოფლობითი უშვილობის იდეოლოგიასთან დაკავშირებულ სცენებს ან რეპლიკებს, ჩამოერთმევათ კინოგაქირავების ლიცენზია. ასევე დამტკიცდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, კანონი არ გავრცელდება სამონასტრო, მონაზვნების და ბერების ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციაზე, დაუქორწინებლობის აღთქმისა და შვილების გაჩენაზე უარის თქმით ჩათვლით.
აკრძალვის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმებს 100 ათასიდან 4 მილიონ რუბლამდე. უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის ისეთივე ჯარიმებია გათვალისწინებული, როგორც რუსეთის მოქალაქეებისთვის, მაგრამ შემდგომი ადმინისტრაციული გაძევებით რუსეთიდან.
კანონპროექტი აგრძელებს ადრე დამტკიცებული რეპრესიული ზომების სერიას, რომელიც, დეპუტატების მტკიცებით, მიმართულია ე.წ. ტრადიციული ფასეულობების დაცვისკენ. მათ რიცხვშია ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და საბუთებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლისა და ტრანსგენდერული ცვლილების აკრძალვა საკუთრივ რუსეთში.
ამასთან, სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსეთში ბავშვების აყვანას ან მათზე მეურვეობას იმ უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ, სადაც ნებადართულია გენდერული ნიშნის შეცვლა და სამედიცინო ჩარევა ტრანსგენდერული ცვლილების მიზნით.
სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ეს ინიციატივა მიმართულია "პოტენციური საშიშროებებისგან" ბავშვების დაცვისკენ. ტრანსგენდერული ცვლილება, რომელიც გენდერული ნიშნის შეცვლის იურიდიულ აღიარებას მოიცავს, დაშვებულია მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის - ირანში.
ამასთან, აკრძალვაზე საუბრისას, დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ის უმთავრესად შეეხება ე.წ. არამეგობრულ სახელმწიფოებს, ანუ დასავლეთის ქვეყნებს. რუსეთში ბავშვების შვილად აყვანა აშშ-ის მოქალაქეების მიერ ჯერ კიდევ 2013 წელს აიკრძალა, ხოლო დასავლეთის სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ შვილად აყვანის მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო ბოლო წლებში.
ფორუმი