Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ბეირუთს დაარტყა. სამიზნე ჰეზბოლას მეთაური იყო


დარტყმის ადგილი ბეირუთის გარეუბანში. ლიბანი, 2024 წლის 20 სექტემბერი
დარტყმის ადგილი ბეირუთის გარეუბანში. ლიბანი, 2024 წლის 20 სექტემბერი

ისრაელის თავდაცვის არმიამ სარაკეტო იერიში განახორციელა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე. დარტყმის სამიზნე რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ჰეზბოლას სპეცოპერაციების მეთაური იბრაჰიმ აკილი იყო. დაჯგუფება აღიარებულია ტერორისტულად აშშ-სა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში.

ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის არმიის F-35-მა გამანადგურებელმა ორი რაკეტა ესროლა დაჰიას ტერიტორიაზე მდებარე შენობას. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, იერიშის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 59 დაშავდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველები ორი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ ნანგრევების ქვეშ დაკარგულ ადამიანებს ეძებენ.

ისრაელის სამხედრო უწყებამ (ცაჰალმა) განაცხადა, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა თავად იბრაჰიმ აკილი და დანაყოფის „რადვანის“ რამდენიმე მეთაური. სავარაუდოდ, ისინი ამზადებდნენ თავდასხმას სახელწოდებით „გალილეის დაპყრობა“, რომლის ფარგლებში ჰეზბოლა აპირებდა ისრაელის თემებში შეღწევას და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას.

იბრაჰიმ აკილი აშშ-ის მიერ იძებნებოდა. 1980-იან წლებში ის იყო „ისლამური ჯიჰადის“, ჰეზბოლას ტერორისტული უჯრედის ერთ-ერთი მთავარი წევრი, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა 1983 წლის აპრილში ბეირუთში აშშ-ის საელჩოს თავდასხმაზე და 1983 წლის ოქტომბერში აშშ-ის საზღვაო ყაზარმებში მომხდარ აფეთქებებზე. შეერთებულმა შტატებმა მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ შვიდ მილიონ დოლარამდე ფულადი ჯილდო დააწესა.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ ისრაელი დაადანაშაულა იმაში, რომ „არ ანიჭებს მნიშვნელობას ჰუმანიტარულ, სამართლებრივ ან მორალურ მოსაზრებებს“.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები წინასწარ არ იყო ინფორმირებული ბეირუთზე ცაჰალის ავიაიერიშის შესახებ. „ჩემთვის უცნობია ამ დარტყმების შესახებ რაიმე წინასწარი შეტყობინების თაობაზე“, - თქვა კირბიმ და დასძინა, რომ „ეს არ არის რაღაც არატიპური“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG