ისრაელის არმიის ავიაციამ ლიბანის სამხრეთში მასირებული იერიში მიიტანა გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაციის, ჰეზბოლას ობიექტებზე. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ 19 სექტემბერს, ღამით გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია 100-ზე მეტი სარაკეტო დანადგარი, რომლებიც ისრაელისკენ 1000-მდე რაკეტის გასაშვებად იყო გამზადებული.
ისრაელის არმიის თანახმად, ავიადარტყმები იყო ჰეზბოლას იარაღის საწყობებსა და სხვა შენობებზეც. ისრაელს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
ლიბანის სამხრეთზე ისრაელის მასირებული შეტევა 19 სექტემბერს, საღამოდან დაიწყო იმ დროს, როცა ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა სიტყვით გამოდიოდა წინა ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო.
17 და 18 სექტემბერს, ლიბანში ჰეზბოლას წევრებს მასობრივად აუფეთქდათ პორტატიული საკომუნიკაციო საშუალებები (პეიჯერები, რაცია). დაიღუპა, სულ მცირე, 37 ადამიანი და 3000-მდე დაიჭრა. ჰეზბოლამ პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. ორგანიზაციის ლიდერმა ჰასან ნასრალამ 19 სექტემბერს სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ ეს თავდასხმა გასცდა ყველა წითელ ხაზს, ომის გამოცხადებად უნდა შეფასდეს და ისრაელს შესაბამის პასუხს გასცემენ.
ისრაელს ჰეზბოლას საკომუნიკაციო საშუალებების აფეთქებაზე ოფიციალურად არაფერი უთქვამს.
2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა თავის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის შემდეგ ომი გამოუცხადა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ჩრდილოეთზე არაერთხელ მიიტანა სარაკეტო შეტევა.
19 სექტემბერს, ისრაელი-ლიბანის საზღვარზე ვითარების გამწვავების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს ირანისგან მომდინარე ყველა საფრთხესთან გასამკლავებლად და ამასთან, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიძებნოს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მოგვარების დიპლომატიური გზები.
ფორუმი