Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობისგან იზოლაციის გამომწვევი განცხადებები არ ემსახურება ევროინტეგრაციის მიზანს - აშშ-ის ელჩი


რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი 18 სექტემბერს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნისთვის, აშშ-ის მიერ ფინანსური სანქციების დაწესებაზე.

ირაკლი კობახიძე ამ საკითხზე 18 სექტემბერს შეხვდა აშშ-ის ელჩს. მოგვიანებით მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა პრემიერ-მინისტრის სიტყვები. კერძოდ, შეხვედრაზე ითქვა, რომ "ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა”.

როგორც ელჩმა რობინ დანიგანმა მედიას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოსთან შეხვედრაზე განუცხადა, "საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული მოქმედები, აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაცია და პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების მსგავსი განცხადებები არ ეხმარება საქართველოს და საქართველოს ხალხს".

"ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი არის ევროპასთან და დასავლეთთან ერთად, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას, გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი. და განცხადებები, რომლებიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო", - განაცხადა, რობინ დანიგანმა.

16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

გუშინ, 17 სექტემბერს კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის სანქცირება „არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა“.

ბრიფინგზე რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ შეკითხვაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო.

„მე მგონია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე, ანუ ბაიდენის მიღებული არ იქნება ეს გადაწყვეტილება. მე ასე მგონია, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში“, - თქვა პრემიერმა კობახიძემ.

მოგვიანებით კი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე „აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 17 სექტემბერს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და არავინ სხვა“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათი ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“.

საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „აგენტების კანონი“ მიიღო. აშშ-მა განაცხადა, რომ სანქციები დაწესდებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG