Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილერი კობახიძის შესახებ კითხვის პასუხად: აშშ-ში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება


მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი
მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 17 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-ის მიერ საქართველოს პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებაზე.

„არ ვაპირებ ამ საკითხს შევეხო. ვიტყოდი, შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და არავინ სხვა“, - განაცხადა მილერმა.

16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

გუშინ, 17 სექტემბერს კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის სანქცირება „არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა“.

ბრიფინგზე რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ შეკითხვაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო.

„მე მგონია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე, ანუ ბაიდენის მიღებული არ იქნება ეს გადაწყვეტილება. მე ასე მგონია, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში“, - თქვა პრემიერმა კობახიძემ.

მოგვიანებით კი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს, შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე „აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათი ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“.

საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „აგენტების კანონი“ მიიღო. აშშ-მა განაცხადა, რომ სანქციები დაწესდებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG