Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს იყო საშინელება“, - ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ უკრაინაში ქიმიურ შეტევას გადაურჩა


ზაალ ლატარია, უკრაინის შეიარაღებული ძალების 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ჯგუფის მებრძოლი.
ზაალ ლატარია, უკრაინის შეიარაღებული ძალების 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ჯგუფის მებრძოლი.

მაისის დასაწყისში აშშ-მა რუსეთი დაადანაშაულა ქიმიური იარაღის გამოყენების ამკრძალავი საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური ნივთიერება ქლორპიკრინი. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) აკრძალული აქვს ამ მომწამლავი ნივთიერების გამოყენება საბრძოლო იარაღად.

ქლორპიკრინი კანს და ლორწოვან გარსს აზიანებს, მაღალი კონცენტრაციით გამოყენების შემთხვევაში კი დიაფრაგმის კონვულსიას იწვევს. ეს ნივთიერება საბრძოლო იარაღად პირველად გერმანელმა სამხედროებმა გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის დროს.

მაისში უკრაინაში ქლორპიკრინის გამოყენებასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე რუსეთს მაშინ არაფერი უთქვამს. მოსკოვი, პირიქით, აშშ-ს ადანაშაულებს უკრაინისთვის აკრძალული ქიმიური იარაღის მიწოდებაში.

რუსეთის არმიას ადანაშაულებენ, რომ მან უკანასკნელ ხანებშიც გამოიყენა ქიმიური შეტევითი პოტენციალი დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს.

ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს, 21 აგვისტოს, მძიმედ მოიწამლა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, საქართველოს არმიის თადარიგის მაიორი ზაალ ლატარია, რომელიც რადიო თავისუფლებას ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ქალაქ დნეპრის საავადმყოფოდან, სადაც ამჟამად გადის მკურნალობას.

ზაალ ლატარია
please wait

No media source currently available

0:00 0:09:44 0:00
გადმოწერა

ზაალ ლატარია: ჩამოყარეს კაფსულები რაღაც გაზით, შხამიანი გაზით [სანგარში] და დაგვწამლეს. ვერაფერი ვერ გვიქნეს დაბომბვით, ტყვიებით და ტანკებით და შეეცადნენ, რომ გაზით მოვეწამლეთ. უგონო მდგომარეობაში მოვხვდი ჰოსპიტალში, მოწამლული ვარ გაზისგან. კონტუზირებულიც ვარ, მაგრამ კონტუზია კიდევ არაფერი, მოწამვლაა რთული.

49 წლის ზუგდიდელი ზაალ ლატარია, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის მაიორი, ამჟამად არის უკრაინის შეიარაღებული ძალების 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ჯგუფის მებრძოლი. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, შემდეგ კი, 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინას იცავს ჯერ პრორუსული სეპარატისტების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში, შემდეგ კი 2022 წელს რუსეთის მიერ გაჩაღებულ სრულმასშტაბიან ომებში.

კობა ლიკლიკაძე: რა ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული? არის ინფორმაცია და ამას ამერიკელებიც ადასტურებენ, რომ რუსეთი [უკრაინის არმიის წინააღმდეგ] იყენებს ქიმიურ ნივთიერება ქლორპიკრინს. თქვენს შემთხვევაში ხომ არ იცით, თუ რით მოხდა მოწამვლა?

ზაალ ლატარია: მეც მგონია, რომ ზუსტად ის არის, რასაც ამერიკელები იძახიან. რაღაცა საშინელება იყო, გვეწვოდა ყველაფერი: ხელი, ფეხი, თვალი, კანი... წამებში მოვასწარით სანგრიდან ამოსვლა და ჰაერზე გამოსვლა, ისიც დიდი საფრთხის ქვეშ. თან დრონები თავზე დაგვტრიალებდნენ, თან ყუმბარებს გვიყრიდნენ [სანგრებში], მაგრამ რა გვექნა, ვკვდებოდით. ვითიშებოდით ხალხი, ერთმანეთს ვერ ვეხმარებოდით და ძლივს გადავრჩით.


კობა ლიკლიკაძე: ჩვეულებისამებრ მე არ ვეკითხები უკრაინაში მყოფ ჯარისკაცებს, თუ სად იმყოფებიან და სად მოხდა ესა თუ ის საბრძოლო ეპიზოდი. მაგრამ თქვენს შემთხვევაში, რადგან თქვენს მონაყოლს შეიძლება ჰქონდეს სერიოზული მნიშვნელობა, შეგეკითხებით, თუ სად მოხდა ქიმიური დაბომბვის ეს ფაქტი?

ზაალ ლატარია: დონეცკში, დონეცკის მიმართულებაზე. ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს... მე სივერსკის მიმართულებაზე ვიმყოფები, სადღაც ლუგანსკისა და დონეცკის საზღვარზე ვდგავართ.

კობა ლიკლიკაძე: თქვენ ამ დროს სანგარში იყავით? იქნებ ცოტა უფრო ზუსტად გაიხსენოთ ეს ეპიზოდი?

ზაალ ლატარია: დიახ. ეს იყო ღამის სამი საათი, რომ შემოგვიტიეს. საშინელება იყო, რადგან მე მანამდე ქიმიურ შეტევაში არ მოვყოლივარ. ღამის სამი საათი იყო, როცა სანგარში შემოვიდა რაღაც მომწამვლელი გაზი, ენითაც ვერ აღვწერ, ისეთ სიტუაციაში ჩავვარდით. ყველაფერი გაგვეთიშა: ხელი, ფეხი... ეს გაზი სხეულის ყველა ნაწილს უთიშავს ადამიანს, სუნთქვის საშუალება არ გაქვს. აირწინაღიც რომ გქონდეს, მნიშვნელობაც კი არ აქვს. საკმარისია, თუნდაც მილიგრამი ჩაისუნთქო, რომ მერე არც აირწინაღი გშველის და არც არაფერი. ეგრევე ფილტვები გეკეტება, სუნთქვის საშუალება გეკეტება, ხელები და ფეხები აბსოლუტურად უმოქმედო ხდება. და თუ წამებში არ მოასწარი [სანგრიდან] გამოსვლა, მორჩა! ვეღარც გააღწევ ცოცხალი.

კობა ლიკლიკაძე: მე მანამდე არ მოვყოლივარ ქიმიური იერიშის ქვეშო, თქვით, მაგრამ, საერთოდ, მანამდე რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი თუ ყოფილა?

ზაალ ლატარია: კი, კი! ადასტურებენ ბიჭები, რომ სხვა პოზიციებზე ყოფილა ადრე ხარკოვის მიმართულებაზე, დონეცკზე. ყველა მიმართულებაზე, სადაც ჩვენ თავდაცვას ვერაფერს ვერ უშვრებიან, გაზიან კაფსულებს ყრიან, რომ დავტოვოთ პოზიციები.

კობა ლიკლიკაძე: როგორ ყრიან? მხოლოდ დრონებით, თუ არტილერიასაც იყენებენ?

ზაალ ლატარია: არა, დრონებიდან ყრიან კაფსულებით.

კობა ლიკლიკაძე: როდესაც ქიმიური თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდით, რა იყო თქვენი პირველი რეაქცია? მებრძოლებს რაიმე დამცავი შესაძლებლობა თუ გაქვთ თქვენს საბრძოლო აღჭურვილობაში?

ზაალ ლატარია: არაფერი. აირწინაღები გვქონდა და ამანაც ვერ გვიშველა. ეს აირწინაღებიც კიდევ ძველია, კომუნისტების პერიოდის. რა უნდა გიშველოს ასეთმა ერთჯერადმა აირწინაღებმა. მაგრამ თუნდაც უახლესი, საუკეთესო აირწინაღიც რომ გქონდეს, მაინც ვერ გიშველის, თუ ოდნავ მაინც ჩაისუნთქავ ამ საწამლავს. თანაც, ჩვენ მუდამ აირწინაღებით ხომ არ ვივლით?! რადგან არ იცი, როდის რა მოხდება. საკმარისია, ოდნავ ჩაისუნთქო ეს საწამლავი და მერე თუნდაც აირწინაღი გეკეთოს, უკვე არაფერი აღარ შველის.

"ორი ჯარისკაცი მოგვიკვდა და სამი დაიჭრა, მე კონტუზირებული და მოწამლული ვარ"



კობა ლიკლიკაძე: და რა მოხდა, ზაალ, ამ ქიმიური იერიშის შემდეგ?

ზაალ ლატარია: შემდეგ უკვე FPV (First Person View ე.წ. პირველი პირის ხედვის კამიკაძე-დრონები - რედ.) დრონებით შემოგვიტიეს. სადღაც დაგვეცა 25, მინიმუმ 3-4 კილო პლასტიტი რომ მოჰქონდა, ისეთი დრონი. ერთს საერთოდ ჰექსოგენი მოჰქონდა, დავინახე, რომ ჩამოვარდა, სითხე იქნებოდა ორი ლიტრა. დაიღვარა, არ აფეთქდა. დილის 10-საათამდე კიდევ გვირტყეს და ბოლოს შტაბმა გადმოგვცა, დატოვეთო პოზიციები.

კობა ლიკლიკაძე: ასეთ ვითარებაში - კონტუზირებულმა, მოწამლულმა და ტყვიების ქვეშ - როგორ მოახერხეთ დაჭრილებთან ერთად სამშვიდობოს გამოსვლა? დახმარება მოვიდა?

ზაალ ლატარია (სურათზე მარჯვნივ) თანამებრძოლთან ერთად საველე სანგარში
ზაალ ლატარია (სურათზე მარჯვნივ) თანამებრძოლთან ერთად საველე სანგარში

ზაალ ლატარია: დახმარება უკვე ბოლოს მოგვივიდა, იმის შემდეგ მე კიდევ 4 საათი ვიჯექი ტყეში დაჭრილებთან ერთად. ალბათ ღმერთმა გადაგვარჩინა. დანაღმულ ველზე გადავედით დაჭრილებთან ერთად, ირგვლივ ნაღმები იყო, მაგრამ რა მექნა? უკან ვერ დავბრუნდებოდი, სიკვდილი არ აგვცდებოდა. მერე ერთ-ერთი დაჭრილის ძმა, ისიც ჩვენთან ერთად მსახურობდა, კვადროციკლზე დაჯდა, მიაბა მისაბმელი და შემოვიდა დანაღმულ მინდორზე, არ აფეთქდა, გადარჩა. დაჭრილები დავაწვინე მისაბმელზე, მე უკან შემოვუჯექი და ასე გამოვედით.


კობა ლიკლიკაძე: თქვენი ქვედანაყოფიდან რამდენი ჯარისკაცი გამოვიდა მწყობრიდან?

ზაალ ლატარია: ორი მოგვიკვდა, ოთხნი გადავრჩით, ამ ოთხიდან სამი ძლიერ დაჭრილია, მე - მოწამლული და კონტუზირებული.

კობა ლიკლიკაძე: ორი ჯარისკაცი ქიმიური შეტევის შედეგად დაიღუპა?

ზაალ ლატარია: არა, ჭურვით. როცა პოზიციებს ვტოვებდით, მაშინ.

კობა ლიკლიკაძე: რას ამბობენ ექიმები? რა დიაგნოზი დაგისვეს?

ზაალ ლატარია: თვითონაც არ იციან, თუ რა შხამია, რას გამოიწვევს და ხვალ-ზეგ რა იქნება.

კობა ლიკლიკაძე: ახლა როგორ გრძნობთ თავს? რა გაწუხებთ? რას უჩივით?

ზაალ ლატარია: აბსოლუტურად ყველაფერი, ფილტვიან-ღვიძლიან-კუჭიანად ყველაფერი.

"ჩემს ოჯახს ბოდიშს მოვუხდი, რომ გავაწვალე"


კობა ლიკლიკაძე: რამდენი დღეა, რაც ჰოსპიტალში ხართ?

ზაალ ლატარია: 21-ში მომიყვანეს. 4-5 დღეა.

კობა ლიკლიკაძე: ამჟამად რა ვითარებაა იმ პოზიციაზე, რომელსაც თქვენ იცავდით? დაიკავა მოწინააღმდეგემ?

ზაალ ლატარია: „რუხი ზონაა“, იქ არც მოწინააღმდეგეა, რადგან კაციშვილი ვერ ჩერდება. იქ შხამი და საწამლავი კედლებშიც კია შესული და იქ უკვე ადამიანი ვერ გაჩერდება.

კობა ლიკლიკაძე: აბა, რატომ სურს, რას აძლევს მოწინააღმდეგეს სივერსკის დაკავება სამხედრო თვალსაზრისით?

ზაალ ლატარია (მარჯვნიდან მესამე) პოზიციებზე თავის თანამებრძოლებთან ერთად
ზაალ ლატარია (მარჯვნიდან მესამე) პოზიციებზე თავის თანამებრძოლებთან ერთად


ზაალ ლატარია: იმიტომ, რომ სლავიანსკზე შეტევის საშუალება ეძლევა.

კობა ლიკლიკაძე: ბოლოს ორი სიტყვა თქვენზეც მითხარით. მთელი ცხოვრება ომში ვარო, მითხარით.

ზაალ ლატარია: 1992 წლიდან სულ ომში ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება - ბავშვობა და ახალგაზრდობა - ომში გავატარე. წამების მეტი ცხოვრებაში კარგი არაფერი მინახავს, მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოში ვიბრძოლე, აქაც 2014-15 წლებში ვიბრძოლე, ახლა ომის დაწყების პირველი დღიდან აქ ვარ.

კობა ლიკლიკაძე: ოჯახი გყავთ, ზაალ?

ზაალ ლატარია: კი, ბატონო. შვილები და შვილიშვილებიც, საქართველოში.

კობა ლიკლიკაძე: იციან თქვენი ამბავი? ჩვენგან ხომ არ გაიგებენ ამას პირველად?

ზაალ ლატარია: კი, იციან, იციან.

კობა ლიკლიკაძე: რას ეტყოდით თქვენს ოჯახს? ესმით თქვენს შვილებს და შვილიშვილებს, თუ რატომ არ ხართ მათთან ერთად და რატომ იბრძვით უცხო მიწაზე?

ზაალ ლატარია: რა ვიცი, ჩემს ოჯახს ბოდიშს მოვუხდი, რომ გავაწვალე. ჩემს მშობლებს, პირველ რიგში, ყველა ჩემს შვილს. მათ ჩემგან არაფერი კარგი არ უნახავთ, სულ წვალება და სულ ჩემზე განცდა. მაგრამ რა ვქნა, ასეთი ყოფილა ჩემი ბედი. მე კიდე ბედს ვემორჩილები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ღმერთი ხედავს ყველაფერს და შვილებიც გამიგებენ ჩემს მიზანს ცხოვრებაში - მე ვარ მებრძოლი, მე ვარ პატრიოტი და ვიბრძოლებ მანამ, სანამ ცოცხალი ვარ და სანამ შემეძლება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG