Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ მის საზღვართან ბელარუსმა მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედრო ძალა შეკრიბა


ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ბელარუსის არმიამ, წვრთნების ჩატარების სახელით, მნიშვნელოვანი რაოდენობის ძალების კონცენტრაცია მოახდინა ბელარუს-უკრაინის საზღვარზე, გომელის ოლქში. უკრაინა ბელარუსის ნაბიჯს "არამეგობრულს" უწოდებს და მინსკს მოუწოდებს, "არ ჩაიდინოს ტრაგიკული შეცდომა თავისივე ქვეყნისთვის, რუსეთის ზეწოლით".

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელარუსის არმიის სამხედროების, ტანკების, არტილერიის, რაკეტების გაშვების სისტემების და საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, უკრაინის დაზვერვამ დაადგინა, რომ საზღვართან იმყოფებიან რუსეთის გასამხედროებული დაჯგუფების, "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის ხელმძღვანელობას მიმართავს მოწოდებით, გაიყვანოს სამხედროები უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან ისეთი დისტანციით, რომელიც აღემატება ბელარუსში არსებული ცეცხლის სისტემების მოქმედების რადიუსს. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ "უკრაინას არასოდეს გადაუდგამს და არ აპირებს გადადგას არანაირი არამეგობრული ნაბიჯი ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ, თუმცა საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, გამოიყენებს ყველა აუცილებელ ზომას თავდაცვისთვის და სამხედროთა ყოველი კონცენტრაცია, ობიექტები და მომარაგების გზები ბელარუსში გადაიქცევა კანონიერ სამიზნეებად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის".

ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე.

ერთი დღით ადრე, 24 აგვისტოს, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსში, წვრთნების სახელით, რუსეთის სამხედროები განათავსეს. 2022 წლის თებერვალში, მათ გადაკვეთეს საზღვარი უკრაინასთან და შეტევა მოაწყვეს კიევის და გოსტომელის მიმართულებით, ბელარუსის ტერიტორიიდან ასევე ცეცხლს უხსნიდნენ უკრაინის ქალაქებს. რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის პროცესში საკუთრივ ბელარუსის სამხედროები არ მონაწილეობდნენ.

ლუკაშენკას რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერს მოსკოვის მოქმედებებს, ბელარუსის არმია ომში ჩაერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დაესხმება თავს ბელარუსს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG