საელჩო აღნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრთან სენატორმა და კონგრესმენმა ისაუბრეს „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მიზეზებზე.
„სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი თავდაცვის მინისტრ ჩიქოვანს შეხვდნენ. მათ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივების გამო, რამაც გამოიწვია "ღირსეული პარტნიორის" წვრთნების გადადება“, - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. რამდენიმე დღეში, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა.
აქვე აღნიშნულია, რომ საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასაც:
„მათ დაადასტურეს შეერთებული შტატების ერთგულება, გააძლიეროს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობები“.
თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი არ არის იმ დეტალებზე, რომლის შესახებაც აშშ-ის საელჩო იუწყება.
„საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. აშშ-ის საელჩომ ინფორმაციის გავრცელების დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი ორპარტიულია.
სენატორი და კონგრესმენი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ამერიკელი მაღალჩინოსნები ხვალ, 11 აგვისტოს ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
ეს არის აშშ-ის სენატორისა და კონგრესმენის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ აშშ-მა საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერა. უცნობია, უკავშირდება თუ არა მათი ვიზიტი „აგენტების კანონის“ მიღებას.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება. ასევე საუბარია იმ პროექტების შეჩერებაზე, რომლებსაც აშშ საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ახორციელებდა.
ფორუმი