რბილად რომ ვთქვათ, არც გერმანია აღმოჩნდა კანფეტი. ან მე არ ვიყავი ამ ქვეყნისთვის მზად. დღემდე არა ვარ. თუმცა ვიაზრებ, რომ ქვეყანაში არ არის საქმე, საქმე ჩემშია. ან რომელი ქვეყნისთვის ვიქნებოდი მზად? ასეა თუ ისე, მაშინ ძალიან დამეხმარა Воплі Відоплясова.
არის ასეთი უკრაინული როკ-ჯგუფი, მოკლედ „ВВ“, რომელსაც მაშინ ვუსმენდი. მოვითავსებდი ნიჟარებში საყურისებს, ჩავრთავდი აიპოდში ამ „ვევეს“ და ვსეირნობდი უმისამართოდ უცნობი კელნის თოვლიან ქუჩებში ქანცის გაწყვეტამდე. ისე მოხდა, ეს მუსიკა მანამდე არ ვიცოდი. აღარც მახსოვს, მაშინ როგორ მოხვდა იგი ჩემს ყურში. მაგრამ მოხვდა და იქვე დასახლდა.
ჩემს საყვარელ მუსიკას მაშინ ვერ ვუსმენდი. ზოგადად, მუსიკის განწყობაზე არც ვყოფილვარ. სიმართლე ითქვას, მუსიკა მაშინებდა. მზად ვიყავი, არაფრისთვის მესმინა და სიჩუმეში მეხეტიალა გათოშილ ქუჩებში, მაგრამ სიჩუმე კიდევ უფრო მაშინებდა. თან მეჩვენებოდა, რომ გარშემო ხალხი ჩემს შავ-ბნელ ფიქრებს ხედავდა.
ჩვენ კი გვინდა ვიყოთ იმაზე დახვეწილნი და ამაღლებულნი, ვიდრე ზოგადად ვართ, ვუსმენდეთ ლუიჯი ნონოებსა და დიერდ ლიგეტებს, მაგრამ ყოველთვის არ გამოგვდის, გული სხვაგან მიგვიწევს ხოლმე. მე მიმიწევს. და სულ მიმიწევდა.
მოკლედ, სასწრაფოდ მჭირდებოდა ახალი მუსიკა, ისიც უფრო შხამად, ვიდრე წამლად. მეც ბრმად დავიწყე სხვადასხვა პლატფორმაზე უცნობ ჰანგთა ჩხრეკა. ასე შემთხვევით მოვჩხრიკე ერთხელაც „ვიდოპლასოვი“, იგივე „ვევე“.
თავიდან იყო ჯგუფის რიგით მეორე ალბომი პრეტენზიული სახელწოდებით „Музіка“. თავის დროზე, როცა არანაირი ციფრული დამკვრელი არ არსებობდა, რამეს თუ დღედაღამ უსმენდა კაცი, ასეთზე იტყოდნენ, კასეტა გაცვითაო. იგულისხმებოდა კასეტის მაგნიტური ლენტი, რომელიც ხმარებაში მართლაც ცვდებოდა ადრე თუ გვიან. ათი წლის წინაც, კელნში ხეტიალისას, ამ „მუზიკისთვის“ „ვოქმენით“ რომ მესმინა და არა აიპოდით, ნაღდად გავცვეთდი კასეტის ლენტს.
„Музіка“ არაა ჯგუფის საუკეთესო ალბომი ჩემთვის, თუმცა მშვენიერი რამეა. უბრალოდ, როგორღაც ჩავიხვიე და ვუსმენდი და ვუსმენდი იდიოტივით. მომწონდა მელოდიაც, მომწონდა უკრაინულიც და მომწონდა სერგეი სკრიპკას (გვარიც ასეთი უნდა ჰქონდეს მუსიკოსს) ხმაც, ერთდროულად რომ შეუძლია იყოს მხიარულ-სევდიანი, რაც მე იოლად მნუსხავს. საერთოდ, ორი რამ, იუმორი და სევდა თუ არის კაცში, დანარჩენი როგორღაც მიეტევება. ეს სკრიპკა კი, ჯგუფის არა მარტო ლიდერი, მისი გულ-ღვიძლია.
არა მგონია, საჭირო იყოს ამ ალბომიდან კომპოზიციათა გამორჩევა, აქ ბევრი დიდებული რამეა. მხოლოდ დავაზუსტებ, რომ აქვეა ჯგუფის ჰიტი „გაზაფხული“ (Весна), რომელიც მის ერთ-ერთ და არა ერთადერთ სავიზიტო ბარათად ითვლება. ან რა გამორჩევა უნდა მუსიკას, მუსიკას უნდა მოუსმინო.
სხვათა შორის, ამ „ვევედან“ გამოდიან მთელი გორანები და მთელი ბრეგოვიჩები. ზოგს ამიტომ თუ ეჩვენება ხოლმე, რომ საიდანღაც უკვე იცის ეს მელოდიები, თუნდაც პირველად ისმენდეს მათ. თუმცა სად გორანი და სად „ვევე“.
ამ მუსიკამ მაშინ ბევრი რამით მომისყიდა, პირველ რიგში კი იუმორისა და სევდის უცნაური სინთეზით. ერთმა და იმავე სიმღერამ შეიძლება გაგაღიმოს და უცებ გულიც მოგიწუროს. უკრაინული ხალხური მუსიკა არ ვიცი, მასზე რამე რომ ვთქვა, იმდენს კი მივხვდი, რომ სრულიად დიდებულად ჰქონდა ჯგუფს იგი ათვისებულ-ადაპტირებული. „ვევეს“ რეპერტუარი არც არსებობს ხალხური მუსიკის გარეშე, მისი ელემენტები გხვდება მეტ-ნაკლებად ყველგან.
უკრაინა ძლიერ უკვე რომ არ მყვარებოდა მწერალ იური ანდრუხოვიჩის და რეჟისორ კირა მურატოვას გამო, მარტო ამ „ვევეს“ ხათრითაც კი შემიყვარდებოდა. დღეს ეს ქვეყანა სამმაგად მიყვარს-მეთქი არ ვამბობ, არამედ მისი კულტურა ჩემში სამი განსხვავებული მხრიდან და განსხვავებულ პერიოდში შემოვიდა.
თავის დროზე ეს „ВВ“ ისე დამეხმარა, მას შემდეგ სულ მეშინოდა მასთან მიბრუნება. ბავშვობაში წაკითხულ წიგნს რომ გაურბიხარ დიდობაში კაცი, იმის შიშით, ძველი შთაბეჭდილებანი არ შემოიცრიცო უნებურად. მთელი ცხოვრება ისედაც წარსული ბედნიერების განიავებაა. თუმცა იმან რა თქვას, ვინც არასდროს, არცერთი წამით ყოფილა ბედნიერი.
ცხადია, ყველა ალბომი არა აქვთ ერთნაირი დონისა, მაგრამ უშედევრო არა აქვთ არცერთი. ერთ-ორ მარგალიტს ყველგან მოჩხრეკ. პირადად ჩემი ფავორიტია 1997 წლის ალბომი „ფაინო“ (Файно). მთავარი აქ მაინც მგონია „ზღვა“ (Море), რომელზეც დღემდე გამაჟრიალებს ხოლმე. პოეტური ნიჭი რომ მქონდეს, უკეთ ვთარგმნიდი ფინალურ სიტყვებს. მანამდე კი იყოს ასე: „შორს არის შავი ზღვა, ესმის ხალხს უსაზღვრობის ხმა“ (Море чорне у далині, / Люди чують звуки безмежності).
ამ ორზე, ზღვასა და შავ ფერზე მეტად რა უნდა გაერთიანებდეს სხვასთან? განა ბევრს აქვს ზღვაზე გასასვლელი? არც შავ ფერს უკავია იმხელა ადგილი მის ცხოვრებაში, როგორც ჩვენთან. როგორი ნათელი დროშებიც უნდა გვქონდეს, ესაა ფერი, რომლის გარეშეც ძნელია ჩვენი წარმოდგენა. ფერი, რომელიც არის ჩვენს გარდერობსა და განწყობაში, ფიქრსა და რუტინაში, სულში და გულში. ეს არაა მარტო ფერი, რომელიც გამოწვეულია ხილული სინათლის არარსებობით ან სრული შთანთქმით. ესაა კიდევ ის ძველისძველი, რაღაც წარმართული ძარღვი, ავთენტიკური და ნამდვილი, რისიც ასე შურს სხვას, ვისაც იგი არ გააჩნია.
ჩვენ არა მარტო გამოვედით წყლიდან, არამედ ჩვენ წყვდიადის შვილები ვართ, რომლებიც ვკვდებით უმზეოდ. ათი წელია ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მზე სანთლით უნდა ეძებო და ვერ იპოვი. შენც სულ სხვადასხვა რამით ცდილობ მის ჩანაცვლებას. მე თვითონ რით აღარ ჩამინაცვლებია მზე, დ ვიტამინით, სიმღერით, ლექსით, მთვარითაც კი. და საერთოდაც, წყვდიადის შვილები რომ არ ვიყოთ, მზეს განა ვუმღერებდით ამდენს?
დღეს როგორც იქნა გავბედე და ათი წლის შემდეგ პირველად ჩავრთე „ВВ“. დინამიკებში „მამაი“ (Мамай) რომ გაისმა, ჩემმა ხუთი წლის ქალიშვილმა უცებ ხატვას თავი ანება, აკვარელიანი ფუნჯი წყლიან ქილაში ჩატოვა და შუა ოთახში მარტომ დაიწყო ცეკვა. იქამდე იტრიალა, ვიდრე სიმღერა არ ჩამთავრდა. ბოლოს მოვიდა, კისერზე ჩამომეკიდა და ბედნიერმა მითხრა, მამი, რა კარგია, რომ ადრე არ მოკვდიო.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.