19 ივლისს თათრეთის უმაღლესმა სასამართლომ ალსუ დამნაშავედ ცნო „არმიის შესახებ ფეიკების გავრცელების“ საქმეზე და 6,5 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბრალდებებისთვის, რომლებსაც ის, რადიო თავისუფლება, აშშ-ის მთავრობა და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
დასავლეთსა და რუსეთს შორის „ტყვეთა დიდი გაცვლის“ შესახებ გარიგების ფარგლებში, ალსუმ რუსეთის ციხე, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, 1 აგვისტოს დატოვა.
„იდელ.რეალიიმ“ ქრონოლოგიურად აღადგინა ალსუს პატიმრობის ისტორია და გაიხსენა, თუ რას წერდა იგი საგამოძიებო იზოლატორიდან.
დაპატიმრების ისტორია და ალსუს პირველი წერილი
რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა მშობლიურ ქალაქ ყაზანში, გასული წლის მაისში, ავადმყოფი დედის მოსანახულებლად ჩავიდა. ივნისის დასაწყისში იგი აპირებდა პრაღაში, სახლში დაბრუნებას, მაგრამ თათრეთის დედაქალაქის აეროპორტში უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს. პასპორტები და ტელეფონი წაართვეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მისი მეორე მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო. ალსუ კურმაშევას ორი პასპორტი აქვს: რუსული და ამერიკული.
ამ საქმის ე.წ. გამოძიება რამდენიმე თვით გაიწელა. მხოლოდ 2023 წლის ოქტომბერში ყაზანის უმაღლესმა სასამართლომ ჟურნალისტი დამნაშავედ ცნო და 10 000 მანეთით დააჯარიმა. ამ დროს ალსუ სახლში, თავის ორ ქალიშვილსა და ქმართან დაბრუნებისთვის ემზადებოდა.
თუმცა განაჩენის გამოცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ, ჟურნალისტი კვლავ დააკავეს. ალსუ გადაიყვანეს საგამოძიებო კომიტეტის განყოფილებაში, სადაც გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1-ე მუხლის მე-3 ნაწილით:
"რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა, - წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია უცხოური აგენტების რეესტრში ჩართვისთვის, - ჩადენილი პირის მიერ, რომელიც დაკავებული იყო სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში ისეთი ინფორმაციის მიზანმიმართული შეგროვებით, რომელიც უცხოური წყაროების მიერ მიღების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ".
ალსუ რამდენიმე დღით დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩასვეს. მხოლოდ 2023 წლის 23 ოქტომბერს ყაზანის „სოვეცკის“ რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და ჟურნალისტი წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნა.
ალსუსგან პირველი წერილი მისმა მეგობრებმა სწორედ საგამოძიებო იზოლატორიდან, დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიღეს.
„რა არის ჩემ შიგნით? დღეს პირველად ვტირი მას შემდეგ, რაც... არც კი ვიცი, სად იწყება ათვლის წერტილი. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ველოდებოდი არც წერილებს და არც ამანათს. და როდესაც ყველაფერი მოულოდნელად მომივიდა, თავი ვეღარ შევიკავე. ყველაფერმა ამაღელვა. განსაკუთრებით ცოცხმა და ჭურჭლის სახეხმა ჯაგრისმა. ყავა ჰალვასთან ერთად, ესაა თათრული ყავა“, - წერდა ალსუ.
საგამოძიებო იზოლატორიდან გამოგზავნილ პირველ წერილში ალსუ ასევე ჰყვება, რომ იოგას ვარჯიში დაიწყო, ბევრს წერს, კითხულობს წიგნებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მას ეხმარება.
„დღეს სასეირნოდ გაგვიყვანეს მოედანზე, რომლის ფართობია 4 მეტრი 6-ზე. ჩვენ 40 წრე გავირბინეთ, რათა 1000 მეტრს მაინც მივახლოებოდით. შემდეგ იყო გაწელვები, ბუქნები. ზედამხედველი ძალიან გაკვირვებული იყო. ჩანს, ასეთი რამ იშვიათად ხდება“, - ჰყვებოდა 2023 წლის ნოემბერში ალსუ.
კარები თქვენთვისაც გააღეთ და სხვებისთვისაც, ამის ნუ შეგეშინდებათ
დეკემბერში ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას ქმარმა პაველ ბუტორინმა რადიოსადგურ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ალსუ აცნობიერებდა იმ საშიშროებას, რომელთანაც რუსეთში მისი მოგზაურობა შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული.
„ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. მაგრამ ალსუ არ არის მხოლოდ შვილებზე მზრუნველი დედა, ის ასევე ერთგული ქალიშვილია. და მან გადაწყვიტა რუსეთში წასვლა ავადმყოფი დედის დასახმარებლად. ჩვენ გვესმოდა, რომ ეს გარკვეული გაგებით სარისკო იყო, მაგრამ არ გვეგონა, რომ ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა. როდესაც ის 2 ივნისს დააკავეს ქვეყნის დატოვებისას, დაუყოვნებლივ ჩაძვრნენ მის ჩანთაში ამერიკული პასპორტისთვის. ჩვენთვის მაშინვე ცხადი გახდა, რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ის ამერიკის მოქალაქე იყო“, - იხსენებდა პაველ ბუტორინი.
ბუტორინი მაშინ ვარაუდობდა, რომ პირველი სისხლის სამართლის საქმის ასეთი ხანგრძლივი გამოძიება განპირობებული იყო იმით, რომ სამართალდამცველები, შესაძლოა, „ელოდებოდნენ მოსკოვის მითითებებს“ და, დიდი ალბათობით, „ცდილობდნენ შეეკრათ უფრო სერიოზული საქმე“.
ინტერვიუს გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა ალსუ კურმაშევას წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ამჯერად „რუსეთის ჯარზე ფეიკების“ გავრცელებისთვის. ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს წიგნისათვის სახელწოდებით: „არა ომს. 40 ამბავი რუსებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში შეჭრას“. წიგნის პრეზენტაცია „იდელ.რეალის“ რედაქციამ 2022 წლის შემოდგომაზე გამართა.
„ეს არის მცირე მოთხრობების კრებული იმ რუსებისა, რომლებსაც არ სურთ, რომ მათი ქვეყანა უკრაინასთან ომობდეს. რა თქმა უნდა, მე არ ვარ იურისტი, მაგრამ ინტერნეტში შევძელი რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის პოვნა: "ყველას გარანტირებული აქვს აზრისა და სიტყვის თავისუფლება", ყველას აქვს უფლება "თავისუფლად მოიძიოს, მიიღოს, გადასცეს, აწარმოოს და გაავრცელოს ინფორმაცია ნებისმიერი სამართლებრივი გზით", "მედიის თავისუფლება გარანტირებულია. ცენზურა აკრძალულია". თავად დღევანდელ რუსეთშიც კი მოქალაქეებს აქვთ გამოხატვის უფლება. და ჟურნალისტებს აქვთ უფლება, შეაგროვონ და გამოაქვეყნონ ეს გამონათქვამები“, - აღნიშნავდა ბუტორინი 2023 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში.
„არმიის შესახებ ფეიკების გავრცელების“ შესახებ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე კი, ალსუმ თავის ოჯახს მისწერა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მის ოთხკაციან საკანში ხშირად უფრო მეტი ადამიანი იყო. ხოლო საღამოს შეეძლოთ კიდევ ვინმე ახალი შეესახლებინათ მის საკანში, რომელშიც მხოლოდ ოთხი საწოლია.
„გამარჯობა! როგორ ხართ? მე არა მიშავს, ყველას საკუთარი საწოლი მაინც გვაქვს და ხალხის რაოდენობაც საწოლების შესაბამისია. მიხარია, რომ დღეს ცოტა უფრო მეტი ხნით შევძელი დაძინება, ესეც ხეირია. ეს არის კამერის შიდა ცხოვრება, სადაც სიყვარული და გულმოწყალება უნდა დაივიწყო. მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი დროებითია და კარგია, რომ ყველაფერი საკმაოდ სწრაფად იცვლება“, - წერდა ალსუ 2023 წლის ნოემბერში.
უკვე დეკემბერში ალსუ წერდა: „არც კი მჯერა, რომ უკვე ორი თვე შესრულდა. ყოველი დღე აჩენს ნაჭდევს ჩემში და თქვენში“.
სამი თვის პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა დაწერა, რომ „ყველაფერი შეიცვალა“.
„შევიცვალე მე, შეიცვალეთ თქვენ, შეიცვალა თქვენი წერილები. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მე ათობით წერილი მივიღე, რომლებიც თქვენ (ახალი წლის) დღესასწაულების დროს დაწერეთ. ისინი შეგნებით არიან დაწერილი, თქვენ მანდობთ მე თქვენს შიშებს, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ არ ჩაიქნიოთ ხელი ყველაფერზე, არამედ გამანდოთ მე ისინი, ვიდრე სხვები ოლივიეს ჭამას ამთავრებენ. ეს ფასდაუდებელია“, - წერდა ალსუ 2024 წლის 18 იანვარს.
და, რა თქმა უნდა, ალსუ კურმაშევა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერდა, რომ არ ნანობს 2023 წლის მაისში ყაზანში თავის ჩასვლას, რაც გახდა რუსეთში მისი უსამართლოდ დაკავებისა და გასამართლების საბაბი.
„თქვენ აღფრთოვანებული ხართ ჩემი სიმამაცით, იმით, რომ "ასეთ დროს" საკუთარ სახლში ჩამოვედი. მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ დღეს და სხვა "დრო" აღარ გვექნება. დრო, ცხადია, იქნება, მაგრამ აღარ იქნება რომელიმე ის ახლობელი, რომელსაც დღეს სჭირდება დახმარება. მე არავინ დამიბრუნებს ჩემი ცხოვრების სამ თვეს, რომელიც არ გავატარე იქ, სადაც უნდა ვიყო. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ოჯახზე: მცირეწლოვან შვილებზე, ღრმად მოხუცებულ დედაზე. ჩემს ცხოვრებაში და თქვენს ცხოვრებაში აღარ იქნება სხვა ისეთი დღე, როგორიც არის 2024 წლის 18 იანვარი. რა გავაკეთეთ ჩვენ დღეს? ვის გავუღეთ კარები? ხვალ ხომ უკვე იქნება ხვალ და ყველაფერი სხვანაირად იქნება. დღეს კი მე მაგიდაზე მიდევს თქვენი ღია წერილები გაღებული კარების და ფანჯრების გამოსახულებით. ყველანი ხართ ძლიერებები და საკუთარ თავში დარწმუნებულნი. თქვენ აუცილებლად იპოვით სწორ პასუხებს თქვენს შეკითხვებზე. კარები თქვენთვისაც გააღეთ და სხვებისთვისაც, ამის ნუ შეგეშინდებათ. მე თქვენი დიდი მადლობელი ვარ“, - წერდა ალსუ.
რუსეთის ციხეში მყოფი ალსუ კურმაშევა წერდა, რომ ბევრი წერილი მიიღო პრაღიდან, პარიზიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და აშშ-დან. „ეს ყველაფერი ძალიან ძვირფასია. რაღაცნაირად დაუჯერებელი. ყველა წერილი თითქმის ერთი თვე იყო გზაში, მაგრამ მოვიდა“.
"ერთ წამში ეს ყველაფერი დანაშაულად გადაიქცა"
ალსუ კურმაშევას პატიმრობას ყველაზე ძლიერ მისი ქალიშვილები - ბიბისარა და მირიამ ბუტორინები განიცდიდნენ.
„არავის სურს, რომ იზრდებოდეს პოლიტპატიმრის ქალიშვილებად. ამ წოდებაში არაფერია კარგი. ეს ძალიან მძიმე დროა ჩვენი ოჯახისთვის. მაგრამ მე მადლიერი ვარ მათი მეგობრების, მათი მასწავლებლების. ისინი ახლა ბევრ დროს უთმობენ სკოლას, თავიანთ გატაცებას - ორივე ძალიან კარგად უკრავს გიტარაზე. და ეს, ცხადია, გარკვეულწილად ეხმარებათ მათ, რათა მოერიონ ამ ვითარებას. ისინი უკვე ნახევარ-წელიწადზე მეტი დედის გარეშე არიან. ალსუს თვეზე მეტია არ გაუგონია თავისი შვილების ხმა“, - უთხრა ჟურნალისტებს პაველ ბუტორინმა.
იგი ბავშვებს ალსუს დაპატიმრებაზე თითქმის ყოველდღე ელაპარაკებოდა. „ზოგჯერ უფრო ხშირადაც კი. დიახ, მათ სკოლაში სურთ იყვნენ, როგორც სხვები. ისინი ხომ მოზარდები არიან. მაგრამ სახლში ალსუა ჩვენი საუბრის მთავარი თემა“, - ამბობდა პაველ ბუტორინი.
თათრულენოვანმა გაზეთმა "Безнең гәҗит" აპრილის ნომერში გამოაქვეყნა ალსუ კურმაშევას წერილი, რომელშიც ჟურნალისტი ციხეში თავის ყოფას აღწერს.
„12 მარტი. უკვე ძილის დროა. აქ საათები არ არის, მაგრამ დაახლოებით მაინც იცი, რომელი საათია“, - წერს ალსუ.
წერილის დაწერის პერიოდში კურმაშევა უკვე თითქმის ხუთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ყაზანის ნომერ მეორე საგამოძიებო იზოლატორში. „არ ჩანს არც ბოლო, არც ნაპირი“, - წერს ის.
„მას შემდეგ, რაც ყაზანში დავბრუნდი ჩემს ხანდაზმულ დედასთან და ავადმყოფ ძმასთან, 10 თვე გავიდა. ამ დროის ნახევარი შინ გავატარე, ნათესავებთან, მათ ვეხმარებოდი, თუმცა არ მქონდა სადმე გამგზავრების უფლება. გასული წლის 18 ოქტომბრიდან ციხეში მომათავსეს ბრალდებებით, რომლებიც ჯერაც არ მილაგდება თავში“, - ჰყვება ალსუ კურმაშევა.
ჟურნალისტი ჰყვებოდა, რომ ის 25 წლის განმავლობაში რეგულარულად იღებდა სამადლობელ შეტყობინებებს თათართა კონგრესისგან, თავისი საგანმანათლებლო მუშაობის გამო. ის პრაღიდან ყაზანში ჩადიოდა „საპატიო სტუმრად და მონაწილეობდა თათარი ქალების ყრილობებში“.
„ერთ წამში ეს ყველაფერი დანაშაულად გადაიქცა. უფალს შევთხოვ ამ სიტუაციის უსწრაფეს და საუკეთესო გადაწყვეტას ჩემთვის“.
ყაზანის სასამართლოში 1 აპრილს გამართულ სხდომაზე ალსუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას „დაუმძიმდა გარკვეული დიაგნოზები“ და თავს „ფიზიკურად არც ისე კარგად გრძნობს, საყოფაცხოვრებო პირობები ძალიან ცუდია“.
„მე არ მაქვს საშუალება თვალი ვადევნო ჩემს ჯანმრთელობას“, - თქვა ალსუმ. კითხვას, უწევენ თუ არა მას სამედიცინო დახმარებას, ალსუმ უპასუხა - „მინიმალურად“.
და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სასამართლომ, როგორც ზემოთ ითქვა, ხანგრძლივი ვადით - 6,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ალსუ კურმაშევა განთავისუფლების იმედს არ კარგავდა.
„ადრე თუ გვიან მე გამოვალ აქედან და გამოვეწყობი ჩემს თეთრ სამოსში. განსაკუთრებული მადლიერებით შევსვამ რძიან ჩაის და მეცოდინება, რომ ეს სიამოვნებაც ფასდაუდებელია. მაგრამ როგორ იგრძნობენ თავს ისინი, ვინც მე და ჩემი ახლობლები ასეთ განსაცდელში ჩაგვყარა? შეძლებენ თამამად თავის აწევას ის მოსამართლეები, რომლებიც ენის ბორძიკით კითხულობდნენ ჩემს განაჩენს? როგორ უნდა იცხოვრონ მათ, ვინც ჩემი, ორი შვილის დედის, დაპატიმრებით, ერთმანეთს დიდი ხნით დაგვაშორა? როგორ უნდა იცხოვრონ მათ ამის შემდეგ?“ - ასეთ შეკითხვებს სვამდა ალსუ კურმაშევა თათრულენოვან გაზეთ "Безнең гәҗит"-თან ინტერვიუში.
პირველ აგვისტოს ალსუ გაათავისუფლეს. იგი გახდა დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთ-ბელარუსს შორის ფართომასშტაბიანი გაცვლის ნაწილი.
1 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ისა და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის, გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რვა მოქალაქე.
ამ ფაქტთან დაკავშირებით წინა ღამით (ცენტრალური ევროპის დროით) თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„დღეს ამერიკის სამი მოქალაქე და ერთი ამერიკული "მწვანე ბარათის" მფლობელი, რომლებიც უსამართლო პატიმრობაში იმყოფებოდნენ რუსეთში, ბოლოს და ბოლოს შინ ბრუნდებიან: პოლ უილანი, ევან გერშკოვიჩი, ალსუ კურმაშევა და ვლადიმირ კარა-მურზა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა, რომელმაც „დიპლომატიური გმირობა“ უწოდა პატიმართა გაცვლის შესახებ გარიგებას.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას რუსეთიდან 16 ადამიანის, მათ შორის ხუთი გერმანელი და რუსეთის შვიდი მოქალაქის შესახებ, რომლებიც საკუთარ სამშობლოში პოლიტპატიმრები იყვნენ. ზოგიერთი ეს მამაკაცი და ქალი მრავალი წლის განმავლობაში უსამართლოდ იმყოფებოდა საპყრობილეებში. ყველა მათგანმა გადაიტანა წარმოუდგენელი ტანჯვა და გაურკვევლობა. დღეს მათი აგონია დასრულდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თეთრ სახლში ტრიბუნაზე აშშ-ის ლიდერის გვერდით იმყოფებოდნენ პატიმრობიდან გათავისუფლებული აშშ-ის მოქალაქეების, მათ შორის ალსუ კურმაშევას მეუღლე პაველ ბუტორინი და ორი ქალიშვილი. ერთ-ერთს, მირიამ ბუტორინას, 2 აგვისტოს დაბადების დღე აქვს. ჯო ბაიდენმა იგი თავისთან იხმო და ბრიფინგზე მყოფ ჟურნალისტებთან ერთად დაბადების დღის სიმღერაც უმღერა.
ალსუ კურმაშევას გათავისუფლებას მიესალმა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტი სტივენ კაპუსი, რომელმაც თავის განცხადებაში მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას და ყველას, ვინც დაუღალავად იმუშავა იმისთვის, რომ ალსუ კურმაშევას უსამართლო პატიმრობა დასრულებულიყო.
„ალსუ მიზანში ამოიღეს იმიტომ, რომ არის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც უბრალოდ შეეცადა რუსეთში მყოფი ოჯახის წევრისთვის მოევლო. მას ცუდი არაფერი ჩაუდენია და ცხადია, არ დაუმსახურებია უსამართლო მოპყრობა და თავის საყვარელ ოჯახსა და კოლეგებთან იძულებითი განშორება“, - განაცხადა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.
რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის დირექტორმა, რიმ გილფანოვმა განაცხადა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რედაქციას ალსუ კურმაშევას ღიმილი და მისი ყოფნა აკლდა.
„ალსუ დიდი პროფესიონალია, რომელმაც იცის თავისი საქმე და დიდი თავდადებით მუშაობს. როგორც ადამიანი, ის ყოველთვის გვავსებდა ყველას კარგი განწყობითა და ენერგიით და ჩვენ ეს გაკლდა მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებდით, რომ ის რაც შეიძლება მალე დაბრუნდებოდა, რაც საბოლოოდ მოხდა“, - ამბობს რიმ გილფანოვი.
ფორუმი