Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენები ბლინკენს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებისკენ მოუწოდებენ


აშშ-ის კონგრესი
აშშ-ის კონგრესი

აშშ-ის კონგრესში არსებული „ჰელსინკის კომისიის“ სახელით ცნობილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის წევრები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მისდამი მიწერილ წერილში სთხოვენ, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერსა და პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, "რომელიც კრიტიკის განსაკუთრებული ობიექტი გახდა საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევისა და ქვეყნის მზარდად ავტორიტარული მართვის გამო".

ბლინკენისადმი 26 ივლისით დათარიღებულ წერილს, რომელსაც სოციალურ ქსელში Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს, ხელს აწერენ კონგრესმენები ჯო უილსონი, სტოვ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვისი.

წერილზე ხელმომწერი კონგრესმენები ენტონი ბლინკენს მიმართავენ, დაწესდეს ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ.

„ადგილზე მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ სასწრაფოდაა საჭირო მეტის გაკეთება საქართველოს მოსახლეობის დასაცავად. მიგვაჩნია, რომ დროა, დავიწყოთ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესების პროცესი კორუფციისა და ბოროტი გავლენის ძირითადი წყაროების მიმართ საქართველოში, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის მიმართ. ცხადი უნდა გახდეს, რომ კორუფციისა და ბოროტი გავლენის მთავარი აგენტები საქართველოში, ანტიდასავლურ ელემენტებთან ერთად, ვერ ინადირებენ თავისუფლად ქართველ ხალხზე და ვერ მიაყენებენ ზიანს მის დემოკრატიას“.

კონგრესმენები დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან, ერთობლივ წერილში აცხადებენ ასევე, რომ თაღლითური ქოლცენტრების ქსელი ზურგს უმაგრებს საქართველოს მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” და "როგორც ჩანს, ეს ქოლცენტრები საქართველოში წარმოადგენს რგოლს კორუმპირებულ აქტორებს შორის, ასევე რუსეთში სხვა კლეპტოკრატ კოლეგებთან".

კონგრესმენები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ "ეს ქოლცენტრები იყო მობილიზებული სხვადასხვა მიზნით სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათი ოჯახის წევრების შევიწროებისა და დაშინებისთვის".

„გვჯერა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, შეერთებული შტატებისა და მეგობარი ქვეყნების სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობით, გარდაუვალად, სწრაფად, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს სისტემური ზომები მსგავსი ქოლცენტრების ქსელის წინააღმდეგ, საერთაშორისო მასშტაბით მათი ქმედებების აღმოსაფხვრელად“.

კონგრესმენები წერილში წერენ, რომ, მათი რწმენით, ეს სანქციები სრულ შესაბამისობაშია მათ კანონპროექტთან, რომლის სახელწოდებაცაა „MEGOBARI Act-ი“.

"ეს კანონმდებლობა ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს“, - ნათქვამია წერილში.

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რესპუბლიკელი ჯო ვილსონის ინიციატივას, MEGOBARI აქტს, 11 ივლისს დაუჭირა მხარი.

შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი - MEGOBARI - „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციებით ემუქრებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 31 ივლისს მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „მეგობარი აქტი“ პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს, ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას.

"შანტაჟის ენით საუბარი არ არის სწორი, მით უმეტეს იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ის ვითარება, რომელიც დაამკვიდრა ამ ქვეყანაში უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ".

კობახიძის თქმით, „მეგობარ აქტს“, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, უნდა ერქვას "დაუძინებელი მეგობარი აქტი".

"გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს. არ შეიძლება, აქტს დაარქვა მეგობარი აქტი და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს თავისთავად არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სანქციებს, კობახიძის თქმით, "სწორედ ასეთი ტონით საუბარი არის კონტრპროდუქტიული, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად. ნაცვლად შანტაჟისა, მუქარისა, ჩვენ უნდა გვქონდეს ჯანსაღი საუბარი ურთიერთობების გაჯანსაღებასთან, გადატვირთვასთან დაკავშირებით“. შეკითხვაზე, აქვს თუ არა სანქციების მოლოდინი, კობახიძემ თქვა, რომ "ეს თემა არ არის საინტერესო".

მაისში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 84 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა კანონის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს.

იმის მიუხედავად, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო გაფრთხილებები მოისმინა, აშშ-მა კი „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.

დამატებით, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.

პენტაგონის თანახმადვე, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა 2024 წლის 30 მაისს დაიწყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG