Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ახალი პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი მხედველობაში არ იღებს მათ ღირსებასა და მდგომარეობას


ირანის პრეზიდენტი (მარცხნიდან მეორე) ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებთან ერთად. საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ სტუმრებს შორის არიან ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია (მარცხნიდან მეოთხე), პრემიერი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერი და სხვა ლიდერები.
ირანის პრეზიდენტი (მარცხნიდან მეორე) ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებთან ერთად. საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ სტუმრებს შორის არიან ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია (მარცხნიდან მეოთხე), პრემიერი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერი და სხვა ლიდერები.

თეირანში, ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის შენობაში, ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. მასუდ ფეზეშქიანმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესება და განმტკიცება დაასახელა.

ირანის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში შეეხო ღაზის სექტორში მიმდინარე ისრაელის სამხედრო ოპერაციებსა და დაბომბვებს.

„ჩვენ გვინდა სამყარო, რომელშიც პალესტინის ამაყი ხალხი გათავისუფლებულია ოკუპაციის, ჩაგვრის, პატიმრობისა და გენოციდისგან, სადაც არცერთი პალესტინელი ბავშვის ოცნება არ არის დამარხული მათი მამის სახლის ნანგრევებში“, - თქვა ფეზეშქიანმა.

„როიტერის“ ცნობით, ირანის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გააცნობიერონ რეალობა და დაამყარონ ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე. მან თქვა, რომ ისინი მზად არიან, გაუმკლავდნენ არსებულ დაძაბულობას და გამართონ დიალოგი მთავრობებთან, რომლებიც ჯერ არ იღებენ მხედველობაში ირანის ღირსებასა და მდგომარეობას.

ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ირანის ახალი პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებით აირჩიეს, მოქმედი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში 22 მაისს ჩავიდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG