30 ივლისს ფიცი დადო ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა - რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მან ამ თვის დასაწყისში გაიმარჯვა.
28 ივლისს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ფეზეშქიანს და დაავალა, ყურადღება გაამახვილოს ურთიერთობების განვითარებაზე ირანის მეზობლებთან და არა დასავლეთის ქვეყნებთან. მანამდე ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა მოელაპარაკოს დასავლეთს.
ზომიერმა რეფორმისტმა ფეზეშქიანმა, 69 წლის ყოფილმა კარდიოქირურგმა, 5 ივლისს არჩევნების მეორე ტურში ხმების თითქმის 54 პროცენტით დაამარცხა ულტრაკონსერვატორი საიდ ჯალილი, რომელმაც 44 %-ზე ცოტა მეტი მიიღო.
ისლამური რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც დაინიშნა მოქმედი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.
ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ასევე პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.
ფორუმი