29 ივლისს, დილით, ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
"ნაციონალური მოძრაობაში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ.
ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს ხელი 22 ივლისს მოაწერეს. სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრია.
საკონსტიტუციო სასამართლოში ეს კანონი უკვე გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმაც.
ფორუმი