Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არიან გენერალური პროკურორობის კანდიდატები და რას ჰყვებოდნენ გასაუბრებაზე


გენერალური პროკურორობის კანდიდატები: გიორგი გაბიტაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და ვიქტორ ახალბედაშვილი
გენერალური პროკურორობის კანდიდატები: გიორგი გაბიტაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და ვიქტორ ახალბედაშვილი

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების მნიშვნელოვანი ეტაპი დაამთავრა. შვიდი კანდიდატიდან სამი წარმატებული გამოკვეთეს და მათგან საუკეთესოს ხვალ პარლამენტს გადაუგზავნიან დასამტკიცებლად.

კენჭისყრა ფარული იყო, რაც საბჭოს წევრებს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილება - ვის და რატომ მიანიჭეს უპირატესობა.

საპროკურორო საბჭოში ჩასატარებელ კენჭისყრაში გადამწყვეტი ხმები სისტემაში დასაქმებულებს - პროკურორებს ჰქონდათ. დღევანდელი მდგომარეობით, საბჭოში 12 წევრია. მათი უმრავლესობა (რვა) მოქმედი პროკურორია, ორი - მოსამართლე, ორი კი პარლამენტის წევრი (მათგან ოპოზიციონერმა იაგო ხვიჩიამ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე).

  • ყველაზე მეტი, 11 ხმა გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა მიიღო;
  • გასაუბრების ეტაპი წარმატებით გაიარეს ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ და „საქართველოს რკინიგზის“ ერთ-ერთი ფილიალის მთავარმა იურისტმა ვიქტორ ახალბედაშვილმა;
  • დანარჩენი ოთხი კანდიდატიდან ორმა თითო-თითო ხმა მიიღო, ორმა - არცერთი.

გენერალური პროკურორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია. მისი გადაყენება პრაქტიკულად შეუძლებელია - იმპიჩმენტისთვის საჭიროა საკონსტიტუცუციო სასამართლოს დასკვნა და შემდეგ უკვე პარლამენტის დეპუტატების თანხმობა.

გენერალური პროკურორის ასარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდებოდა, თუ გასაუბრების ეტაპს ვერ გადალახავდა სამი კანდიდატი და მათ შორის ერთი თუ არ იქნებოდა ქალი.

შეიძლება ითქვას, რომ სამეულში მოსახვედრად დარეჯან ბუცხრიკიძე უკონკურენტო იყო. გენერალური პროკურორობის სურვილი სულ სამმა ქალმა გამოთქვა, მათგან ერთმა კანდიდატურა მოხსნა, ერთმა კი ბავშვზე ძალადობა გაამართლა და კომისიის წევრებს უთხრა, რომ მათი გადასაწყვეტი არ არის, ვინ გახდება პროკურორი, რადგან „ეს წყდება ზემოთ, უფალთან“.

საპროკურორო საბჭომ გასაუბრების ეტაპი 4 ივლისს ვიქტორ ახალბედაშვილის მოსმენით დაიწყო. ბოლო 12 წელია ის „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსია. მისი პირველი სამსახური გენერალური პროკურატურა იყო, სადაც 2005 წელს სტაჟირება გაიარა, შემდეგ კი პროკურორი გახდა.

ვიქტორ ახალბედაშვილი გასაუბრებაზე
ვიქტორ ახალბედაშვილი გასაუბრებაზე

„საკმაოდ კარგი მოგონებები, პრაქტიკაც გამაჩნია ჩემი იურიდიული კარიერის საწყის ეტაპზე… ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, ხარისხიანი პრაქტიკული გამოცდილება შევიძინე, რომელიც შემდეგ მრავალმხრივი გახდა…“ - გაიხსენა მან პროკურატურაში მუშაობის პერიოდი გასაუბრებაზე.

კანდიდატს მიაჩნია, რომ გამოძიების ეფექტიანობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა და ანაზღაურება. სწორად გადანაწილდეს პასუხისმგებლობები:

„პროკურატურის თანამშრომელი, რომელმაც იცის, რომ კონკრეტულ საქმეში მისი წილი მცირეა და დამოკიდებულია, რას გადაწყვეტს მისი ხელმძღვანელი, ნაკლებად მოტივირებულია და ნაკლებადაა შედეგზე ორიენტირებული. ისე აღიქვამს პროცესს, რომ თითქოს მისგან დამოუკიდებლად ხდება“.

კანდიდატს არ მოსწონს, როცა პოლიცია ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე ქმარს აკავებს, ცოლს კი, რომელიც „გაბრაზების გადავლის“ შემდეგ, ნანობს, აღარ აქვს უკან დასახევი გზა.

„ჩვენ თუ გვინდა, ოჯახი ერთად იყოს, არ უნდა ჩავკეტოთ კარი ისე, რომ ოჯახის ერთმა წევრმა ვეღარ შეძლოს იქ შესვლა… უაპელაციოდ მაქსიმალური სიმკაცრით ასეთი კატეგორიის საქმეებში სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობა შეიძლება უფრო დამაზიანებელი იყოს…“ - თქვა კანდიდატმა.

ოჯახში ძალადობის საქმეებში ბრალდებული კაცების უფლებებზე საუბარს დაუთმო დროის დიდი ნაწილი ვიქტორ ახალბედაშვილის კონკურენტმა დარეჯან ბუცხრიკიძემ. იურისტს, რომელსაც 1995 წლიდან საკუთარი საადვოკატო ბიურო აქვს, მიაჩნია, რომ ციხეში უნდა იჯდეს მხოლოდ „გამოუსწორებელი ადამიანი“.

დარეჯან ბუცხრიკიძე გასაუბრებაზე
დარეჯან ბუცხრიკიძე გასაუბრებაზე

„[ოჯახში ძალადობაზე] პირდაპირ გამოძიება არ უნდა იწყებოდეს, ყველაფერი უნდა იქნეს გადამოწმებული… გადატვირთულია მართლმსაჯულება იმიტომ, რომ ყველა პასუხისგებაშია მიცემული. ყველა ოჯახიდან კაცები ციხეში სხედან… თუ მოკვლა უნდა, თუნდაც 5 წელი დასვი, გამოვა და მაინც მოკლავს…“ - თქვა დარეჯან ბუცხრიკიძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატს გაზვიადებული ჰგონია ცხოველზე ძალადობის გამო ადამიანების დასჯაც:

„ასეთი რამ შემემთხვა, მოვდიოდი ბაზრიდან ფეხით, გამომედევნა სამი ძაღლი. რომ არა კეთილი ადამიანები, რომლებიც დამეხმარნენ, მე ის ძაღლები დამკბენდნენ. იარაღი რომ მქონოდა, ვესროდი იმ ძაღლს… რა თქმა უნდა, მოძალადე არ უნდა იყოს ცხოველის მიმართ ადამიანი, მაგრამ არც ასე არ შეიძლება, რომ ადამიანები გამოვკეტოთ, მოუვლელი უპატრონო ძაღლების გამო“.

თითქმის ერთი საათი კითხულობდა ფურცლებზე დაწერილ ტექსტს გენერალური პროკურორობის კიდევ ერთი კანდიდატი, გიორგი გაბიტაშვილი, რომელმაც საპროკურორო საბჭოს, მათ შორის საკუთარი ყველა თანამშრომლის, მოწონება დაიმსახურა.

გიორგი გაბიტაშვილი გასაუბრებაზე
გიორგი გაბიტაშვილი გასაუბრებაზე

„მინდა მადლობა გადავუხადო ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პროკურატურის რეფორმირებაში და პროკურორის პროფესიის გაძლიერებაში“, - წინამორბედზე საუბრით დაიწყო საპროკურორო საბჭოსთან საკუთარი ხედვების გაცნობა.

გაბიტაშვილი ბოლო 11 წელია გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. თუმცა 18-წლიანი სამუშაო სტაჟის ნაწილი მან წინა ხელისუფლების დროს საგამოძიებო უწყებებში მუშაობის დროს დააგროვა:

  • 2005-2007 წლებში იყო სტაჟიორი თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში;
  • 2007-2010 წლებში - ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორის რანგში;
  • 2010-2011 წლებში იყო გორის რაიონული პროკურორი;
  • 2011-2013 წლებში - ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორის რანგში.

მოქმედმა პროკურორმა გასაუბრების ძირითადი ნაწილი საკუთარი სამსახურის პოზიტიურად წარმოჩენას დაუთმო.

„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 12 პრიორიტეტიდან 5-ის შესრულებაში პროკურატურამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ეს პრიორიტეტებია: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მათზე განხორციელებულ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ ბრძოლა“, - თქვა მან.

კიდევ ერთი საკითხი, რაშიც გენერალური პროკურორის მოქმედმა მოადგილემ უწყების საქმიანობის პოზიტიურად წარმოჩენა სცადა, საჯარო ინფორმაციის გაცემა და საჯარო მოხელეების ჩადენილ დანაშაულზე რეაგირებაა.

„ყოველწლიურად იზრდება პროკურატურის მხრიდან საჯარო ინფორმაციის გავრცელების მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს სტატისტიკას, ასევე მაღალი საჯარო ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ინფორმაციას. საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე უწყება ვართ სახელმწიფო უწყებებს შორის…“ - თქვა მან გასაუბრებაზე.

გენერალური პროკურორის მოადგილემ საკუთარი საქმიანობის პოზიტიურად წარმოსაჩენად საბჭოს წევრებს აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე რეაგირების შესახებ მიაწოდა მონაცემები. თუმცა, წლების წინ პროკურატურამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მსგავს ინფორმაციას ვერ გასცემდა.

რადიო თავისუფლების გაგზავნილი წერილი და პროკურატურის პასუხი
რადიო თავისუფლების გაგზავნილი წერილი და პროკურატურის პასუხი

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, იაგო ხვიჩია, რომელიც ამ საბჭოს წევრია, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მომავალი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გახდება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი გენერალური პროკურორი თქვენ ხართ და წინასწარ გილოცავთ. ამ სისტემაში მე წარმოუდგენელი მგონია, რომ ჩვენ სერიოზულად ვარჩევდეთ გენერალურ პროკურორს. დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია“, - უთხრა ხვიჩიამ გაბიტაშვილს გასაუბრებაზე.

იაგო ხვიჩია და რატი იონათამიშვილი საპროკურორო საბჭოს სხდომაზე
იაგო ხვიჩია და რატი იონათამიშვილი საპროკურორო საბჭოს სხდომაზე

პროკურორმა პარლამენტარს „კეთილი სურვილებისთვის“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ფიქრობს ის ასე.

„ის, თუ ერთი კანდიდატის ბიოგრაფია და კვალიფიკაცია სხვა კანდიდატის ბიოგრაფიასა და კვალიფიკაციაზე შთამბეჭდავია, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ფაქტი და ობიექტური გარემოება“, - გამოეპასუხა ხვიჩიას მისი კოლეგა საპარლამენტო უმრავლესობიდან - რატი იონათამიშვილი.

გამართლდება თუ არა იაგო ხვიჩიას მოლოდინი, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა. საპროკურორო საბჭო ხვალ ისევ ფარული კენჭისყრით გამოარჩევს სამი კანდიდატიდან ერთ საუკეთესოს, რომელსაც პარლამენტს გადაუგზავნის კენჭის საყრელად.

ახალი გენერალური პროკურორის 6 წლის ვადით ასარჩევად 75 დეპუტატის ხმაა საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობაში კი 80-ზე მეტი დეპუტატია. შესაბამისად, სასურველი კანდიდატის არჩევა „ქართულ ოცნებას“ არ უნდა გაუჭირდეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG