შეკამათების ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ აქტივისტი მინისტრს ამ სიტყვებით მიმართავს: “ნაძირალა ხარ", “რუსი ხარ შენ", - რაზეც სარჯველაძე პასუხობს: "შენ ხარ გარეწარი".
დავით ჩხობაძემ "ტვ პირველთან" საუბარში განმარტა, რომ მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის დროს მან მინისტრს კითხვები დაუსვა, რაზეც მიიღო "ბრაზი და აგრესია".
"მე, მიშა სარჯველაძეს დავუსვი კითხვები, რომელიც არის სამართლიანი და ლოგიკური. როდესაც ბავშვებსა და ქალებს ურეკავდნენ, აგინებდნენ, აშანტაჟებდნენ, ემუქრებოდნენ, ამაზე მათ პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. რატომ მოაწერეს მათ ხელი რუსულ კანონს? ამაზე პასუხები ვერ მივიღე, მივიღე აგრესია, ბრაზი, ცილისწამება. ეს ადამიანები ქუჩაში მარტივად ვერ ივლიან. საქართველოს მოქალაქეებისგან ექნებათ წნეხი, მათ ქვეყანა გაყიდეს", - ამბობს ჩხობაძე და ამატებს, რომ ეს ამბავი დასრულდა "ძალიან ცივილურად" ისე, რომ არ შემდგარა კონფლიქტი.
ეს არ არის "აგენტების კანონის" მხარდამჭერსა და მოქალაქის საჯარო სივრცეში შელაპარაკების პირველი შემთხვევა. 9 ივნისს მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი "ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.
ვიდეოში ისმის, როგორ მიმართავს დეპუტატი მას სიტყვებით: "თავხედი ხარ და გაუზრდელი", წიწიკაშვილი კი ჯაფარიძის თანმხლებ ქალს ეუბნება: "თქვენ ხართ იმ ადამიანის გვერდით, ვინც საქართველოს დემოკრატია დაასამარა, სამჯერ თუ ოთხჯერ [ღილაკზე] თითის მიჭერით, საქართველოს ევროპული მომავალს უთხრა უარი. უნდა შეგრცხვეთ ყველგან, გრცხვენოდეთ".
საქართველოს მმართველმა გუნდმა 2024 წელს მეორედ შეიტანა პარლამენტში წინა წელს ჩაგდებული „აგენტების კანონი“, - სახელის მხოლოდ მცირედი ცვლილებით და იდენტური შინაარსით, - და სამი მოსმენით მიიღო.
უმრავლესობამ უკვე დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოც და, პროცედურის კვალდაკვალ, სამ ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“.
ფორუმი