Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს მარიამის წინააღმდეგ - ჩათვლის თუ არა სასამართლო პარლამენტარის კრიტიკას ხულიგნობად


მარიამ წიწიკაშვილი ეცნობა წარდგენილ მტკიცებულებებს თბილისის საქალაქო სასამართლოში
მარიამ წიწიკაშვილი ეცნობა წარდგენილ მტკიცებულებებს თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ჩიკაშუამ პირველ ივლისს უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილსა და პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე.

ამ საქმეზე მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, "აგენტების კანონის" მხარდამჭერი პარლამენტარის საჯარო კრიტიკა აეროპორტში წვრილმანი ხულიგნობა იყო თუ გამოხატვის თავისუფლება.

მარიამ წიწიკაშვილის ადვოკატი სასამართლოს ახსენებს თმენის ვალდებულებასაც, რომელიც პოლიტიკოსებს აქვთ მათდამი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებთან.

"ის ფაქტები, რასაც პოლიციელები ედავებიან მარიამ წიწიკაშვილს, საერთოდ არ ჩანს [სასამართლოში მტკიცებულებად წარდგენილ] ვიდეოჩანაწერებში. არცერთხელ არ აქვს "მონა" ან "მოღალატე" ნათქვამი, მაგრამ პოლიციელები ამტკიცებდნენ, მართალია ჩანაწერებში არ ჩანს, მაგრამ მაინც "მონას" და "მოღალატეს" უძახდაო.

ასევე, სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ სამართალდარღვევა მოხდა 7-ის ნახევარზე, ვიდეომტკიცებულებები კი გადაღებულია 6 საათამდე. ნათელია, რომ არც ოქმია შედგენილი სწორად და დაკითხულმა მოწმეებმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს.

ამ ოქმის შედგენა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - არ გააკეთონ მოქალაქეებმა მსგავსი რამ და არ მოსთხოვონ დეპუტატებს პასუხი საკუთარ გადაწყვეტილებებზე. თმენის ვალდებულება არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, თმენის ვალდებულებაშია, მოისმინონ მოქალაქეების მხრიდან კრიტიკა და მოქალაქეთა უკმაყოფილება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, სამწუხაროდ, ვერ დაასაბუთეს, რატომ არ ჯდებოდა ეს გამოხატვის თავისუფლებაში ან თმენის ვალდებულებაში", - უთხრა ჟურნალისტებს მარიამ წიწიკაშვილის ადვოკატმა მას შემდეგ, რაც სასამართლომ გამოკითხა ორი პოლიციელი.

დაკითხული პოლიციელებიდან არცერთი არ იყო დაკავების ოქმის შემდგენი - ის, ვინც მარიამის დაკავება აეროპორტში ოფიციალურად გააფორმა, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, არ ყოფილა უშუალო შემსწრე და თვითმხილველი დეპუტატსა და მოქალაქეს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებისა.

"მესმოდა ყვირილი: "მონებო", "მოღალატეებო", "ეს არ შეგრჩებათ!" - ასე დაიწყო ამბის მოყოლა მესაზღვრე პოლიციელმა თეკლა კოჩიაშვილმა. მისი მონათხრობის მიხედვით, მარიამი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს აედევნა. ადევნება კი სისხლის სამართლის დანაშაულია და მას გამოძიება მარიამ წიწიკაშვილს არ ედავება. მარიამს ბრალი ედება წვრილმან ხულიგნობაში, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

"თავიდან ვერავის ვერ ვხედავდი, მესმოდა ხმები. რომ გავედი დარბაზიდან ჯიხურების უკან, დავინახე მარიამი, ბატონი ვიქტორი და იქ მყოფი პირები. ახლოს რომ მივედი, დავინახე, რომ ეს ხმაური, ყვირილი და ხმამაღალი საუბარი ვისგანაც მოდიოდა, იყო მარიამი.

მე კონკრეტულად მარიამთან კონტაქტი არ მქონია, ჩემი კოლეგა რევაზი იყო მასთან, მე მარიამთან არ მივსულვარ. რადგან ჩემი თანამშრომელი მასთან იყო, მე აღარ ჩავერიე სიტუაციაში, მე ვცდილობდი სხვები გამერიდებინა სიტუაციიდან.

რა დროსაც ეს ხდებოდა, იყო პიკის საათი აეროპორტში, ძალიან ბევრი რეისები მიდის ხოლმე ამ დროს და საკმაოდ ბევრი ხალხი იმყოფებოდა იქ. იყო შეძახილები და ასეთი ლაპარაკები - "რა საქციელია", "ასე როგორ შეიძლება" და პოლიციელებს მოგვიწოდებდნენ, გვემოქმედა ამასთან დაკავშირებით.

ბატონ ვიქტორთან და მის ცოლთან, ბატონ ვიქტორს ვინც ახლდა, მათთან ვიყავი და ვცდილობდი გამომეყვანა სხვა მხარეს - ეს იყო ჩემი კონკრეტული ქმედება განრიდებასთან დაკავშირებით. ისინი გამოდიოდნენ სხვაგან და მარიამი ედევნებოდა მათ. ბატონი ვიქტორი თავიდან ძალიან წყნარად იყო, [მერე] ხმამაღალი საუბარი იყო მისგანაც, რადგან მარიამის მხრიდან ადევნება იყო", - უთხრა სასამართლოს მოწმე პოლიციელმა.

მისი მონათხრობის პასუხად მარიამმა თქვა, რომ მგზავრები არათუ პოლიციელებს სთხოვდნენ მის გაჩუმებას, არამედ პირიქით, თავადაც უხსნიდნენ დეპუტატს, რომ სადავო კანონის მხარდაჭერის შემდეგ მას არ უნდა უკვირდეს კრიტიკის მოსმენა.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც საქმეში მტკიცებულებად დევს, ისმის, როგორ მიმართავს პარლამენტარი მარიამ წიწიკაშვილს სიტყვებით: "თავხედი ხარ და გაუზრდელი", წიწიკაშვილი კი ჯაფარიძის თანმხლებ ქალს ეუბნება: "თქვენ ხართ იმ ადამიანის გვერდით, ვინც საქართველოს დემოკრატია დაასამარა, სამჯერ თუ ოთხჯერ [ღილაკზე] თითის მიჭერით, საქართველოს ევროპულ მომავალს უთხრა უარი. უნდა შეგრცხვეთ ყველგან, გრცხვენოდეთ".

"ყვირილი იყო გოგოს მხრიდან. "მონა", "რუსეთის მონა", "მოღალატე". მე ვიდექი ბანკის მხარეს, დავიძარი და ვცდილობდი გზაშივე ჩამერთო კამერა. რომ მივედი, იქ იყო ჩემთვის ნაცნობი მოქალაქე ჯაფარიძე მისი ოჯახის წევრებითურთ და ქალბატონი, რომელიც მიმართავდა ასეთი სიტყვებით: "შენ გაყიდე საქართველოს მომავალი, ევროპული მომავალი და შენ დაასამარე საქართველოს ევროპული გზა" და ეძახდა - "შენ გაყიდე ქვეყანა".

შემდეგ, სადაც მიდიოდა ჯაფარიძე, იქით მიყვებოდა. ვაპირებდი და ვცდილობდი ძაან, შემეჩერებინა, მაგრამ მაინც მიყვებოდა. ბოლოს, გავარიდეთ და წავიდა მოქალაქე ჯაფარიძე თავის ოჯახის წევრებთან ერთად მოშორებით. შემდეგ ამოვიდა ჩემი კოლეგა და მოხდა პირის დაკავება", - ეს სასამართლოში გამოცხადებული მეორე მოწმის, პოლიციელ რევაზ ქარჩავას სასამართლოში მიცემული ჩვენების ფრაგმენტია. მას წიწიკაშვილის ადვოკატმა ჰკითხა, რა მიიჩნია პოლიციელმა ნანახში წვრილმან ხულიგნობად.

"აეროპორტის სპეციფიკიდან გამომდინარე, იქ ბევრი ხალხია, ზოგს დიდხანს უწევს იქ ცდა, ზოგი ბავშვს აძინებს, ზოგს ძინავს. პირველი ჩემი ფიქრი იყო, რომ დამეშოშმინებინა მხარეები. იქ ათასი მგზავრია, ათასი აზრი გაყვება, ხომ იცით, ერთი უკმაყოფილო წავა, მერე ათს ეტყვის და ქვეყნის იმიჯი ფუჭდება", - თქვა პოლიციელმა.

რევაზ ქარჩავასა და თეკლე ქოჩიაშვილის მონათხრობს "უსაზღვრო რაოდენობის ტყუილები" უწოდა თავად მარიამ წიწიკაშვილმა და სასამართლო პროცესზე სინანული გამოხატა იმის გამო, რომ ასე ამახინჯებენ რეალობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

"მე ყოველდღიურად უამრავი რუსული პროპაგანდის ყურება მიწევს და გადამოწმება, მაგრამ იმასაც გადააჭარბა, რაც აქ ვნახე. მე არ მითქვამს "მონა" და "მოღალატე", მაგრამ თვალებში მიყურებენ და მიმტკიცებენ, რომ მე ეს ვთქვი - ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი. პირველად ვარ სასამართლოში და განცვიფრებული ვარ ამ ყველაფრით.

წლებია არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა და ინსტიტუტები არ არიან დამოუკიდებლები. ახლა ჩემს თვალწინ განსხეულდა ის პრობლემები, რაზეც წლების განმავლობაში ვწერდით.

მიუხედავად იმისა, რომ მე იქ არ მითქვამს "მონა" და "მოღალატე", ამ ბატონების გასაგონად ვიტყვი, რომ მე ღრმად მწამს, ის გადაწყვეტილება, რაც ვიქტორ ჯაფარიძემ მიიღო, რომელიც არის საქართველოს მოქალაქეების არჩეული დეპუტატი, ძირს უთხრის საქართველოს მომავალს, ევროპულ განვითარებას. [მან] დახია საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების თვალწინ", - თქვა მარიამ წიწიკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

შემთხვევა, რომელსც სასამართლო განიხილავს, 9 ივნისის გამთენიისას მოხდა. მარიამ წიწიკაშვილმა და მისმა მეგობარმა, რომელიც თან ახლდა ინციდენტისას აეროპორტში, დაკავების გამო დაგეგმილ დროს გაფრენა ვერ შეძლეს და სხვა რეისზე მოუწიათ ბილეთების შეძენა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG