არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დეპუტატის წინაშე მისი საქმიანობის გამო უკმაყოფილების დაფიქსირების წვრილმან ხულიგნობად ინტერპრეტირება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს არღვევს და წარმოადგენს "მზარდი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს".
მათივე თქმით, თავად დეპუტატის მხრიდან დაირღვა პარლამენტის ეთიკის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, ასევე მისი ქმედება აღვივებს ეთნიკურ შეუწყნარებლობას.
"ვიდეოდან ნათლად ჩანს, რომ პარლამენტის წევრი მარიამ წიწიკაშვილის მიმართ დისკრიმინაციულ ლექსიკას იყენებს. მარიამის რეპლიკაზე, რომ ის ემიგრანტი დედის შვილია და დედით ოსია, პარლამენტის წევრი პასუხად რამდენჯერმე იმეორებს: „გეტყობა“. საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი პარლამენტის წევრს ავალდებულებს, რომ ყველა მოქალაქეს მოეპყრას თანასწორად, მიუხედავად წარმოშობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა განმსახვავებელი ნიშნისა".
GRASS-ის შეფასებით, მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას ჰქონდა ანგარიშსწორების სახე, დეპუტატისთვის მიუღებელი აზრის დამფიქსირებლისთვის დისკომფორტის შექმნის მიზნით.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არ დაუკავებიათ, თუმცა თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და გაფრენის უფლება არ მისცეს მარიამის თანმხლებ პირსაც - ირინა გურგენაშვილს, რომელსაც ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია.
"მოქალაქისადმი ამგვარი მოპყრობა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაადგილების კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა კანონმდებლობის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მოვლენების პარალელურად ვიქტორ ჯაფარიძე თავისუფლად გაფრინდა და მისი გადაადგილება არ შეფერხებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ მარიამის დაკავებისა და მისი თანმხლები პირისთვის გაფრენის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ვიქტორ ჯაფარიძის ნათქვამის საფუძველზე, ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევისა თუ კითხვების გარეშე მიიღო", - ვკითხულობთ GRASS-ის განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, ისინი გეგმავენ სასამართლოს მიმართონ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ასევე, მიმართავენ საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს - დეპუტატის მხრიდან ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის დასადგენად და სახალხო დამცველს - ინციდენტთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად.
მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის თანამშრომელი და ფაქტ-მეტრის დეზინფორმაციის პროგრამის რედაქტორია, აცხადებს, რომ გუშინ, 9 ივნისს "ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა, შემდეგ კი სასამართლო პროცესიც გაიმართა.
შემთხვევის ამსახველ ვიდეოს იგი ფეისბუქზე ავრცელებს და წერს, რომ პასპორტი ჩამოართვეს და გამგზავრების უფლება არც მის თანმხლებ მეგობარს მისცეს.
ფორუმი