მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონთან, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინააღმდეგ გასული წლიდან დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარავია გაშლილი, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაჭრილი არიან ძმები, ბალდის მცხოვრებლები მინდია და არჩილ ბჟალავები, ისინი მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის არიან. მომხდარი ფაქტის გამო დაკავებული არიან ბალდაში მცხოვრები ძმები, გელა და გიგა ხურცილავები, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ.
დაპირისპირება კარვის მახლობლად 11 ივნისს, დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. თვითმხილველების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გელა და გიგა ხურცილავები კარავთან სანადირო თოფით და დანებით მივიდნენ, იგინებოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდენ სოფლის იმ მცხოვრებთ, რომლებიც ერთი წელია მოითხოვენ ბალდის კანიონზე, მათი აზრით, უკანონო მშენებლობის შეჩერებას.
ინციდენტის თვითმხილველმა, ცოტნე თვარაძემ, რომელიც ძმასთან, ბაჩოსთან ერთად საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს შორისაა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მინდია ბჟალავას დანით შვიდი ჭრილობა აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ქუთაისის კლინიკაში გაუკეთეს. არჩილ ბჟალავას შედარებით მსუბუქი ჭრილობა აქვს ხელზე. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ძმების სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ ძმები ხურცილავები კომპანია „კანიონ 350”-თან დაახლოებული პირები არიან და კომპანიის ხელმძღვანელობის წაქეზებით მოქმედებდნენ. 2022 წელს, სახელმწიფომ „კანიონ 350“-ს იჯარით გადასცა ბალდის კანიონი, იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
როგორც ცოტნე თვარაძე ამბობს, ინციდენტი ფატალური შედეგით არ დასრულდა მხოლოდ იმიტომ, რომ აღკვეთა თავად შეძლეს. თვარაძის ინფორმაციით, კარავთან 15-20 ადამიანი იმყოფებოდა და ერთობლივად შეძლეს თავდამსხმელების დაკავება და პოლიციისთვის გადაცემა: „თოკებით გავკოჭეთ და ეგრევე დავრეკეთ პოლიციაში. შემდეგ უკვე პოლიციამ დააკავა და წაიყვანა.“ ცოტნე თვარაძე მარტვილის პოლიციაში უკვე გამოკითხეს. იკითხებიან სხვა პირებიც.
შსს-ს ინფორმაციით, ერთი ძმა განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო მეორე მუქარის ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრა კომპანია „კანიონ 350”-ის დირექტორმა გიორგი მერკვილაძემ. ბალდაში კომპანიის წარმომადგენლობამ კი ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში ძალადობის გამო თავად საპროტესტო აქციის მონაწილეები დაადანაშაულა.
„კანიონი 350-ის ერთ-ერთ თანამშრომელს სახლში მიუვარდა ცოტნე და ბაჩო თვარაძეების ბიძაშვილი და რადგან ის სახლში არ დახვდა, უკვე მის მეუღლეს, ქალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ქალბატონი შეშინდა და დასახმარებლად დარეკა 112-ში, რის შემდეგაც სამართალდამცაცებმა გადაიყვანეს მარტვილის პოლიციაში ჩვენების მისაცემად. მოგვიანებით ამ ქალბატონის მეუღლეს და მეუღლის ძმას, პროტესტანტებმა გზა გადაუკეტეს, აგინეს და სასტიკად სცემეს, რაც ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა”.
განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგე ძმები თვარაძეების და „მათი მხარდამჭერი მცირე ჯგუფის თავგასულობა პოლიციის უმოქმედობამ წაახალისა. შედეგად თვეებია შეჩერებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ტურისტული პროექტის განხორციელება, დაშინებულია და ეხლა უკვე დარბეულია ადგილობრივი მოსახლეობა“
თავის მხრივ, ძმები თვარაძეები და მშენებლობის სხვა მოწინააღმდეგეები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, თანასოფლელებთან არ სურთ არანაირი დაპირისპირება, რომელიც რეალურად მხოლოდ ინვესტორის ინტერსებშია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას თითქმის ერთი წელია მართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ კერძო კომპანიას კანიონი 40 წლის ვადით, უსამართლოდ გადასცა. მშენებლობის მოწინააღმდეგეები 2023 წლის 24 ოქტომბრიდან ღამეს კარავში ათევენ. ისინი არსებული პროექტის შეჩერებას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ახალი პროექტის შემუშავებას მოითხოვენ. ირწმუნებიან, რომ ბალდის მცხოვრებთ კანიონზე მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და სახელმწიფომ მათ გარეშე გადაწყვიტა სოფლის ბედი.
თავის მხრივ, ინვესტორი აცხადებს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მოწინააღმდეგეები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ტერიტორიის იჯარით გაცემის და მშენებლობის შესახებ სოფელი ინფორმირებული არ ყოფილა. კომპანია „კანიონ 350“-ის ხელმძღვანელის გიორგი მერკვილაძის თანახმად, მოსახლეობას პროექტი გააცნეს და წინააღმდეგი არავინ ყოფილა. მერკვილაძე მიიჩნევს, რომ აქტივისტებს მშენებლობის შეჩერება სურთ იმ მიზნით, რომ შემდეგ თავად მიიღონ ფინანსური სარგებელი.
ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე ბალდის კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტომ კერძო კომპანია „კანიონი 350“-ს იჯარით 2022 წელს გადასცა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვალდებულია 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით კანიონი აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად და მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. პროექტის წინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ამ პროექტის შედეგად ბალდის კანიონი დაკარგავს ბუნებრივ სილამაზეს და მისი „ჩაბეტონება“ მოხდება.
საპროტესტო აქციების გამო ბალდის კანიონზე მშენებლობის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.
ფორუმი