Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალდის კანიონზე მშენებლობის შესაჩერებლად სასამართლოში სარჩელი შევიდა


ფოტო11 სექტემბერს ბალდის კანიონთან მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით გამართული აქციიდან
ფოტო11 სექტემბერს ბალდის კანიონთან მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით გამართული აქციიდან

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე მიმდინარე „ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, სასამართლოს განცხადებით მიმართა და დავის განხილვის ვადაში ბალდის კანიონის ტერიტორიაზე სამუშაოების შეჩერება მოითხოვა.

ბალდის კანიონზე „ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების პროტესტი დღეს, 22 სექტემბერს, სოფელ ბალდიდან მარტვილის მერიამდე ავტომანქანების გამაფრთხილებელი მსვლელობით დაიწყო. მისი მონაწილეები გზადაგზა მოქალაქეებს აქციაში ჩართვისკენ და „ბალდის კანიონის გადარჩენისკენ“ მოუწოდებდნენ. საპროტესტო ბანერებითა და საქართველოს დროშებით მერიასთან მისვლის შემდეგ, მათ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართეს თხოვნით, კანიონზე მიმდინარე მშენებლობა დროებით შეაჩეროს და ხალხის ჩართულობით დაიწყოს ახალ პროექტზე მუშაობა.

აქციის მონაწილეების თქმით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაარღვია კანონი, როცა საერთო სარგებლობის ქონება 40 წლით იჯარით გასცა კერძო კომპანია „კანიონ 350-ზე“, მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და მათი ჩართულობის გარეშე.

„აქ დგანან მოხუცებიც, ახალგაზრდებიც და ბავშვებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილი [ბალდის კანიონი] ყველას ტკივილია და ყველასთვის მნიშვნელოვანია. მერს არ აქვს უფლება, რომ ყურადღება არ მოგვაქციოს. მერი ხალხმა აირჩია და ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესები უნდა გაატაროს და არა ინვესტორების... ჩვენ ვუთხარით მკაფიოდ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ არცერთ სანტიმეტრს. ახლა ვითხოვთ, რომ მერიამ ნებისმიერი კანონიერი გზით შეაჩეროს მშენებლობა. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ საერთოდ პროექტი გაიწვიონ. ჩვენ ვითხოვთ, რომ სასამართლოს ჩანიშვნამდე შეაჩეროს მშენებლობა“, - თქვა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მშენებლობის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ, ცოტნე თვარაძემ.

მოქალაქეები ითხოვდნენ მერთან, თორნიკე ჯანაშიასთან შეხვედრასაც. ისმოდა შეძახილები: „ჩამოდი, ჩამოდი“, მაგრამ მერი მათთან არ გასულა. აქციის მონაწილეებს ესაუბრა მერის მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა. მისი განცხადებით, ბალდის კანიონზე მშენებლობა დარღვევებით არ მიმდინარეობს და ამიტომაც ვერ შეაჩერებენ:

„მიმდინარეობს ამ საკითხზე კიდევ მსჯელობა. ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ შემდეგ კვირაში იგეგმება შეხვედრა გუბერნატორთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთან და ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან. აპირებენ შემდეგ კვირაში ჩამოსვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას. რაც შეეხება პროექტის შეჩერებას, მერიას არ აქვს ჯერ ამის პრეროგატივა და რესურსი, რომ შეაჩეროს სამუშაოები. ერთადერთი შესაძლებელია ამ სამუშაოების შეჩერება სასამართლოს გზით“, - განაცხადა ალექსანდრე ხურცილავამ.

მერის მოადგილის ამ განცხადებას აქციის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებით გამოეხმაურნენ. უსაყვედურეს იმის გამოც, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოქალაქეებთან რეალურად არ უსაუბრია კანიონის იჯარით გაცემის და იქ მშენებლობის დაწყების პროექტზე.

„ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია 11 სექტემბერსაც გაიმართა. მოქალაქეები მაშინ მარტვილის კანიონის მიმდებარედ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადგილობრივ ოფისთან იყვნენ შეკრებილი. მათ თავიანთი მოთხოვნის შესასრულებლად ხელისუფლებას 5-დღიანი ვადა განუსაზღვრეს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ბალდელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ სასამართლოში ამ დავას წარმატებით დაასრულებენ. ბალდელებს იურიდიულ დახმარებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ უწევს.

განცხადებაში, რომელიც ცენტრმა დღეს, 22 სექტემბერს, გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც კანიონზე დაგეგმილი საქმიანობა ყველაზე მეტად შეეხება, არათუ არ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინფორმირებულიც კი არ ყოფილა, რომ სააგენტო ბალდის კანიონის კერძო კომპანიისთვის გადაცემას აპირებდა.

„ეს კი ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა ადგილობრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების და სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებული სტრატეგიული ხედვის საწინააღმდეგოდ“.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრში განმარტავენ“, ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას ენიჭება სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის უფლება, რაც წინასწარ განსაზღვრული არ არის. როგორც ორგანიზაცია მიაჩნევს, ეს კომპანიას უფლებას აძლევს, თავისი შეხედულებისამებრ და მხოლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით შეიტანოს ცვლილებები გადაცემულ არქიტექტურულ პროექტში.

მიგვაჩნია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ბუნების ძეგლის განკარგვის პროცესი ააშკარავებს იმ სისტემურ და ფუნდამენტურ ჩავარდნებს, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს ახასიათებს საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ კანიონზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით „გარკვეული ჯგუფები“ შეცდომაში არიან შეყვანილი. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ბალდის კანიონის ტერიტორია აუქციონში გამარჯვებულ კომპანია „კანიონ 350-ზე“ კანონის დაცვით გაიცა იჯარით. ის ირწმუნება, რომ მშენებლობის დაწყებამდე მოსახლეობასთან პროექტის დეტალებიც განიხილეს. როგორც დეკანოიძე ამბობს, იჯარის ვადა 20 წელია, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ კომპანიასთან ხელშეკრულება გაგრძელდება, თუ მას შესრულებული ექნება ყველა ვალდებულება.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია „კანიონ 350-მა“ ბალდის კანიონი, 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით, ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად უნდა აქციოს. კანიონზე სამშენებლო სამუშაოები აპრილიდან მიმდინარეობს. ტერიტორია შემოღობილია და იქ მხოლოდ მუშები შედიან. ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე კომპანია ვალდებულია, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის - ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.

XS
SM
MD
LG