Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - პარტია „საქართველოსთვის“ სანქციებზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა


გიორგი გახარია, პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი
გიორგი გახარია, პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას, სავიზო შეზღუდვები დაუწესოს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ოპოზიციური პარტია „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, რომ ჯერ კიდევ აქვს „აგენტების კანონის“ გაწვევის შანსი.

„სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პასუხისმგებლობა იქნებოდა პერსონალიზებული. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა წყალს გაატანეთ ყველა მიღწევა, რაც ამ პარტიის მმართველობის წლებში იქნა მიღწეული.

ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულის და ძალაუფლების დასაცავად მოქმედებს, ვერ დაგიცავთ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი რეაქციისგან და ქართველი ხალხის რისხვისგან, რომელიც თავისუფლებისთვის და ცივილიზებულ სახელმწიფოთა კავშირში ინტეგრაციისთვის იბრძვის.

ვერც თქვენ შეძლებთ, ხელის გაშვერას მხოლოდ ივანიშვილისკენ. ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი, და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე“, - წერია განცხადებაში.

„საქართველოსთვის" მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ამ პარტიის წევრების მომავალსაც უქმნის საფრთხეს.

„ეს აღარ გეხებათ მხოლოდ თქვენ, ამ ყველაფრით თქვენ ჩვენი შვილების მომავალსაც უქმნით საფრთხეს და ანგრევთ ყველაფერს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა აშენა, რისთვისაც იბრძოლა, ხშირად საკუთარი შვილების სიცოცხლის ფასად და რასაც მიაღწია.

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ხვედრი იქნება მძიმე, ხოლო ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ იქნება დიდი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია“, - აცხადებს ოპოზიციური პარტია.

23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც.

„ქართული ოცნება" კანონის მიღების მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. მმართველ პარტიაში იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს „გლობალური ომის პარტია".

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, ამბობენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს და საერთოდაც გააუქმოს ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ. ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა მსგავსი კანონის მიღების შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG