Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: აშშ არ ემხრობა ამერიკული იარაღით რუსეთზე დარტყმას, უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს არ უჭერს უკრაინისთვის გადაცემული იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამასთან, თეთრი სახლის პოზიციაა, რომ უკრაინამ გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში 22 მაისს გამართულ მოსმენაზე, რომელშიც სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მონაწილეობდა, კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი დაინტერესდა, რატომ უზღუდავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ გამოყენებას. მაკკოლმა ამ გადაწყვეტილების ავტორად დაასახელა თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი.

რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებით, მაშინ, როცა რუსეთმა საარტილერიო და სარაკეტო ქვედანაყოფები უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ განათავსა და იქიდან უტევს, უკრაინელები შეერთებული შტატების აკრძალვის გამო ვერ ახერხებენ სრულფასოვანი პასუხის გაცემას და შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული რაკეტებით(ATACMS) რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმას. მაკკოლმა ბლინკენს მიმართა, რომ უკრაინელი ხალხისთვის საზიანო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა შეცვალონ.

თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ მხარს არ უჭერს და ხელს არ უწყობს უკრაინისთვის გადაცემული იარაღის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გამოყენებას. ამასთან, ბლინკენმა თქვა, რომ უკრაინამ გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს და იღებს.

20 მაისს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 13-მა წევრმა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს გაუგზავნა წერილი და მოუწოდა, უკრაინის არმიას რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე ამერიკული იარაღით დარტყმების ნება დართონ.

მიმართვის ხელმომწერი დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ ხარკოვის ოლქზე რუსეთის ამჟამინდელი შეტევის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინას უნდა მისცეს სრული სპექტრის საპასუხო ოპერაციის შესაძლებლობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG