Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აშშ-ს სთხოვს სადაზვერვო ინფორმაციას რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების შესახებ


შორი რადიუსის ამერიკული ბალისტიკური რაკეტები ATACMS. უკრაინას სურს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების შესახებ აშშ-სგან სადაზვერვო ინფორმაცია მიიღოს
შორი რადიუსის ამერიკული ბალისტიკური რაკეტები ATACMS. უკრაინას სურს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების შესახებ აშშ-სგან სადაზვერვო ინფორმაცია მიიღოს

კიევმა ვაშინგტონს რუსეთის ჯარების განლაგებისა და რუსეთში სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ უფრო მეტი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ 17 მაისს, იტყობინებოდა ამერიკული მედია ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. შესაბამისი მოთხოვნა გაიგზავნა ბოლო დღეებში. წინა მსგავს მოთხოვნებს, ისევე როგორც თხოვნებს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების ნებართვის შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე დასარტყამად, ვაშინგტონი უცვლელი უარით უპასუხებდა.

კიევის ახლანდელი მცდელობა უკავშირდება რუსეთის არმიის საბრძოლო მოქმედებების მკვეთრ გაძლიერებას ხარკოვის ოლქში. ფორმალურად, აშშ-ის პოზიცია კვლავ იგივე რჩება: ვაშინგტონი არ წაახალისებს და არ უწყობს ხელს თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიაზე, რათა არ დაუშვას ომის ესკალაცია.

წყაროების თქმით, რომელთა სიტყვებიც ამერიკულ მედიებს მოჰყავთ, კიევის ამჟამინდელ მოთხოვნას თეთრი სახლი განიხილავს.

შეერთებული შტატები უზიარებს უკრაინას დაზვერვის გარკვეულ ინფორმაციას, მათ შორის, რუსული ჯარების უკრაინის საზღვრებისკენ გადაადგილების შესახებ.

კიევს, როგორც New York Times-ი წერს, ესაჭიროება ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტიანად გამოიყენოს უპილოტო საფრენი მოწყობილობები და რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ მიზნებზე დასარტყამად - მაგალითად, ისე, რომ მათი კურსი წაიყვანოს რუსეთის რადარების ხილვადობის არეალს მიღმა.

ახლა უკრაინას აქვს წვდომა კომერციული თანამგზავრების მონაცემებზე, რაც მას საშუალებას აძლევს, თვალყური ადევნოს აქტივობას რუსეთის მსხვილ სამხედრო ბაზებზე. ამ კვირის დასაწყისში, კიევში ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თუმცა აშშ არ ემხრობა დარტყმებს უკრაინის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, კიევმა "საბოლოოდ საკუთარი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს იმის შესახებ, თუ როგორ წარმართოს ეს ომი".

ფორუმი

XS
SM
MD
LG